ახალი რეგულაცია კრიპტო სფეროში

2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის“ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულებას. გარდა ამისა, პროვაიდერებს გააჩნიათ გარკვეული ვალდებულებები რეგისტრაციის შემდგომაც.

 

ამ სტატიაში არ განვიხილავთ ტექნიკურ დეტალებს თუ რა არის საჭირო სავალდებულო რეგისტრაციისთვის, არამედ ყურადღებას ახალი რეგულაციის პრაქტიკულ და შინაარსობრივ ასპექტებზე გავამახვილებთ და გავცემთ პასუხს ხშირად დასმულ კითხვებზე.

 

რა იცვლება?

ახალი რეგულაციის ძალაში შესვლამდე, პრაქტიკულად ნებისმიერ კომპანიას შეეძლო განეხორციელებინა კრიპტოსთან დაკავშირებული ტრანზაქციები, როგორებიცაა: კრიპტოს გადაცვლა, გადარიცხვა, შენახვა, ადმინისტრირება, პორტფელის მართვა, პირველადი შეთავაზება და სხვა. 2023 წლის 1 ივლისიდან, კომპანიებს რომლებიც განახორციელებენ აღნიშნულ ტრანზაქციებს დაევალდებულათ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია.

 

მე შემეხება ცლილებები?

თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, რომელიც პირადად ვაჭრობს კრიპტოვალუტებით და ახორციელებს მათ ყიდვა-გაყიდვას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენ ეს რეგულაცია არ გეხებათ. ანალოგიურად, თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, რომელიც მაინერებით მოიპოვებს კრიპტოს, არც თქვენ გეხებათ ეს რეგულაცია.

მარტივად რომ ვთქვათ, ახალი რეგულაცია ეხებათ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სხვა პირებისთვის (კომპანიებისთვის ან ფიზიკური პირებისთვის) სერვისის მიწოდებას. მაგალითად, კრიპტოვალუტების ლარში გადაცვლას, კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმის მიწოდებას, სხვისი კრიპტოვალუტების პორტფელის მართვას, სხვისი კრიპტოვალუტების შენახვას, ადმინისტრირებას და სხვა. ანუ ამოსავალია ის, რომ სხვის სასარგებლოდ აკეთებენ ოპერაციებს.

რომ შევაჯამოთ, თუ თქვენ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვით ან მაინინგით ხართ დაკავებული თქვენი პირადი მოგების მიღების მიზნით, თქვენ არ გეხებათ ახალი რეგულაცია. ხოლო თუ თქვენ სთავაზობთ მომსახურებას მესამე მხარეებს, მაშინ თქვენ ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ ეროვნულ ბანკში.

 

ჩემი კომპანია გადახდას იღებს კრიპტოვალუტაში, რამე მეცვლება?

თუ თქვენ ფლობთ ან მართავთ კომპანიას, რომელიც არ არის კრიპტოვალუტის სერვისების პროვაიდერი, არამედ უბრალოდ იღებს გადახდას კრიპტოვალუტით და ხანდახან ახორციელებს გადახდებს კრიპტოვალუტით, თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება იცვლება თუ არა რამე რაზეც უნდა იცოდეთ?

მაგალითად ავიღოთ კომპანია რომელიც ყიდის ნამცხვრებს და წვენებს და გადახდას იღებს როგორც ლარში, ისე კრიპტოვალუტაში. პირველ რიგში აღნიშნავთ, რომ თქვენი კომპანია არ წარმოადგენს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს (ამის მიზეზები განვიხილეთ ზემოთ). შესაბამისად, თქვენ არ გეხებათ ეროვნულ ბანკთან რეგისტრაციის ვალდებულება. ამიტომ ამ მხრივ არაფერი გეცვლებათ.

ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ თქვენ გეკრძალებათ უშუალოდ კრიპტოში გადახდების მიღება და კრიპტოში გადახდების განხორციელება შუამავლის (პროვაიდერის) გარეშე, რადგან საქართველოში ერთადერთი ნებადართული და სავალდებულო ანგარიშსწორების ვალუტაა ლარი. თქვენ არავინ გიკრძალავთ რომ მოხმარებელს გადახდა შესთავაზოთ კრიპტოვალუტაში, თუმცა ეს უნდა მოხდეს შუამავლის საშუალებით, რომელიც მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხას დააკონვერტირებს და თქვენს ანგარიშზე დასვამს ლარში. საქმე იმაშია, რომ შუამავალი ახდენს კრიპტოს ლარში გადაცვლას და შესაბამისად, როდესაც თქვენ კლიენტის თანხას იღებთ, თქვენ უკვე იღებთ კონვერტირებულ თანხას ლარში. მომხმარებლის მხრიდან რომ შევხედოთ, მან გადაიხადა კრიპტოვალუტა, ამიტომ მისთვის არაფერი იცვლება, თუმცა თქვენ რეალურად მიიღეთ ლარი, რომელიც შუამავალმა დაგიკონვერტირათ (სწორედ ეს შუამავალი დაექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციას). გარდა ამისა, კომპანიებს ეკრძალებათ ხელფასის ან ნებისმიერი სხვა თანხის გადახდა უშუალოდ კრიპტოში (რა თქმა უნდა გამონაკლისია უცხოეთიდან შესყიდვები და უცხოელი თანამშრომლები). მაგალითად, თუ თქვენი კომპანია ფლობს ბიტკოინს და მას ურიცხავს თანამშრომელს ხელფასად, უშუალოდ ბიტკოინების სახით, რომელიც თანამშრომელს აესახება კრიპტოვალუტაში მის ვოლეტზე, ეს ტრანზაქცია წარმოადგენს კანონდარღვევას. კომპანიას მისი ბიტკოინებით (ან სხვა კრიპტოვალუტით) ხელფასის ან სხვა გადახდის განხორციელება შეუძლია მხოლოდ შუამავლის საშუალებით, რომელიც დააკონვერტირებს კომპანიის კრიპტოვალუტას და მიმღებს ჩაურიცხავს ლარებში.

რომ შევაჯამოთ, საქართველოში ანგარიშსწორების ერთადერთი ლეგალური გზა არის ლარი, რაც იმას ნიშნავს რომ მიმღებმა, იქნება ეს თანამშრომელი თუ მომწოდებელი, კომპანიისგან გადარიცხული კრიპტოვალუტა უნდა მიიღოს ექვივალენტ ლარებში, რაც შესაძლებელია შუამავლის გზით, რომელიც კრიპტოვალუტას დააკონვერტირებს და უკვე გალარებულს ჩაურიცხავს მიმღებს.

 

რა უნდა მოვიმოქმედო თუ ჩემი კომპანია აკმაყოფილებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის განმარტებას?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნებისმიერი კომპანია, რომელიც კრიპტო სერვისს გაუწევს მესამე მხარეებს, იქნება ეს კრიპტოვალუტის კონვერტაციის, შენახვის, პორტფელის მართვის თუ სხვა სერვისი, ვალდებულია დარეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი. ამისათვის კომპანია განცხადებას წარუდგენს ეროვნულ ბანკს. რეგისტრაციის კრიტერიუმები და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/document/view/5829496?publication=0

რეგისტრაციის საფასურია 5 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია არ ეხება ე.წ. NFT-ებს, არამედ ვრცელდება კრიპტოვალუტებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალი რეგულაციის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთა, რეგისტრირებულ კომპანიებს აქვთ რიგი ვალდებულებები, რომლებიც მოიცავს კლიენტის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების და ფულის წარმომავლობის შესახებ გარკვეული პროცედურების დაცვას. თუ რას უნდა ფარავდეს სავალდებულო პროცედურები დეტალურადაა აღწერილი ზემოთ მოცემულ ბმულში.

რატომ ბუღალტერიის აუთსორსი?

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ხშირად ბუღალტრული მომსახურების აუთსორსი ერთდროულად ნაკლებ ხარჯიანიცაა და უფრო ხარისხიანიც.

 

ნაკლები ხარჯი

ბუღალტერიის აუთსორსი ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლები ჯდება ვიდრე შიდა ბუღალტრის აყვანა. ეს განპირობებულია იმით, რომ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის კვალიფიციური ბუღალტრის სრულ განაკვეთზე აყვანა ნაკლებად ეფექტურია, რადგან ასეთი კომპანიები ბუღალტრის დროის 100%-ს არ იყენებენ და ხშირად მხოლოდ მესამედი ან მეოთხედი დროითაც იღებენ იგივე შედეგს. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, მათთვისაც სრული ბუღალტრული და საგადასახადო დეპარტამენტის დაკომპლექტება და საბუღალტრო პროგრამის შეძენა ხშირად გაცილებით ხარჯიანია. ენთების ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე მიდგომები საშუალებას იძლევა მსხვილმა კომპანიებმა ნაკლები ხარჯით და უფრო ეფექტურად მიიღონ ბუღალტრული მომსახურება.

 

წვდომა ექსპერტებზე

ენთებთან თანამშრომლობით, კომპანია იღებს წვდომას სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებზე, მათ შორის საგადასახადო ექსპერტებზე, ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტებზე, გამოცდილ ბუღალტრებსა და ფინანსურ კონსულტანტებზე. თითოეული მათგანი საკუთარი სფეროს ოსტატია, სიღრმისეული და კომპლექსური გამოცდილებით.

 

დაზღვეული რისკი

ენთებს აქვს ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვას სამ დონიანი კონტროლი. აღრიცხვას ამოწმებს მთავარი ბუღალტერი, შემდგომ პორტფელის მენეჯერი და ბოლოს შიდა აუდიტი. შედეგად, თითოეული კომპანიის საგადასახადო დეკლარაციების სისწორის დადასტურებაში ჩართულია სამი სხვადასხვა სპეციალისტი.

დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, ენთები თავად აგებს პასუხს მისი ბრალეულობით გამოწვეულ საგადასახადო ჯარიმებსა და საურავებზე.

ბიზნესის მომგებიანობის პოპულარული მაჩვენებელი – EBITDA

EBITDA არის მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე. ეს მაჩვენებელი არის ბიზნეს სამყაროში პრაქტიკულად ყველაზე პოპულარული მომგებიანობის საზომი. ამ სტატიაში ავხსნით თუ როგორ ითვლება EBITDA და განვიხილავთ მისი პოპულარულობის მთავარ მიზეზებს.

 

როგორ ითვლება EBITDA?

EBITDA ითვლება შემოსავლებიდან პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გარდა ყველა სხვა ხარჯის გამოკლებით. შემოსავალს აკლდება პირდაპირი ხარჯები, რითაც მიიღება საერთო მოგება, რასაც შემდეგ აკლდება საოპერაციო ხარჯებიც (ადმინისტრაციული და სხვა საოპერაციო ხარჯები), რაც გვაძლევს EBITDA-ს. EBITDA-დან წმინდა მოგების მისაღებად დამატებით საჭიროა საპროცენტო ხარჯის დაკლება, საპროცენტო შემოსავლის დამატება, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების დაკლება და მოგების გადასახადის დაკლება.

 

რატომ არის EBITDA ასეთი პოპულარული?

სხვა მომგებიანობის მაჩვენებლებთან შედარებით EBITDA-ს პოპულარულობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად, ერთი შეხედვით, წმინდა მოგება, რომელიც მიიღება შემოსავლებიდან ყველა ხარჯის გამოკლებით, უფრო მარტივი და ლოგიკური მაჩვენებელი ჩანს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კომპანიის მფლობელები, მენეჯერები და გარე მომხმარებლები (მათ შორის ბანკებიც) სწორედ EBITDA-ს ამჯობინებენ. ჩვენი კომპანია ყოველდღიურად უწევს ბუღალტრულ მომსახურებას ასობით კლიენტ კომპანიას და ჩვენი გამოცდილებიდან თავი მოვუყარეთ ამ საზომის უპირატესობის ძირითად მიზეზებს.

პირველ რიგში EBITDA ზომავს კომპანიის ძირითადი საქმიანობიდან მომგებიანობას და აცალკევებს მეორად ფაქტორებს, როგორებიცაა სესხის პროცენტი და მოგების გადასახადი. მაგალითად, ავიღოთ ერთი და იმავე სფეროს წარმომადგენელი ა-კომპანია და ბ-კომპანია. ა-კომპანიის მენეჯმენტი ფინანსურად უფრო ეფექტურად მართავს თვითღირებულების ხარჯებს ვიდრე ბ-კომპანიის მენეჯმენტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თითოეულ ლარ შემოსავალზე მეტი საერთო მოგების მარჟა რჩება (უფრო იაფად და ეფექტურად ახერხებს პროდუქტის წარმოებას), მაგრამ, საერთო ჯამში, ა-კომპანიას წმინდა მოგება უფრო ნაკლები აქვს ვიდრე ბ-კომპანიას, რადგან ა-კომპანიის საწყისი ინვესტიცია დაფინანსებულია სესხით, ხოლო ბ-კომპანიისა დაფინანსებულია დამფუძნებლის კაპიტალით, რომელსაც ბუღალტრულად არ ერიცხება პროცენტის ხარჯი. ასეთ შემთხვევაში, მენეჯმენტის ეფექტურობისა და ბიზნესის მომგებიანობის საზომად წმინდა მოგების გამოყენება მცდარ შთაბეჭდილებას შექმნიდა, რადგან გამოყენებულია დაფინანსების განსხვავებული სტრუქტურები.

ასევე აღსანიშნავია, რომ EBITDA წარმოადგენს საოპერაციო ფულადი ნაკადების მიახლოებით გაზომვის მცდელობას. გამომდინარე იქიდან, რომ EBITDA-ში არ გაითვალისწინება ცვეთა და ამორტიზაცია, რომლებიც არაფულადი ხარჯებია, იგი უფრო ახლოს დგას ფულადი ნაკადების მაჩვენებელთან ვიდრე მოგების გაზომვის სხვა მაჩვენებლები (მაგ. EBIT). მართალია EBITDA ვერ იჭერს ფულადი სახსრების ყველა მოძრაობას (მაგ. სამუშაო კაპიტალში ცვლილებებს), მაგრამ ხშირად გამოიყენება როგორც მიახლოებითი საზომი იმ ინდუსტრიებში სადაც ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები განსაკუთრებით დიდია.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?