მოგების გადასახადი საბანკო სფეროში

7 მარტი 2024

საქართველოში კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელი“-თ იხდის მოგების გადასახადს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას არ უწევს მოგების გადასახადის გადახდა მანამ, სანამ არ გაანაწილებს ამ მოგებას დივიდენდის ან სხვა სახით. ეს მსოფლიოში ერთერთი გამორჩეულად შეღავათიანი მოდელია და ბიზნესებს სტიმულს აძლევს, რომ დივიდენდის გაცემის ნაცვლად კომპანიის მოგება მიმართოს რეინვესტირებისა და განვითარებისთვის და შედეგად დაზოგოს მოგების გადასახადი. თუმცა საბანკო სფეროზე არ ვრცელდება მოგების გადასახადის ესტონური მოდელი. ბანკები იხდიან მოგების გადასახადს, მიუხედავად იმისა მოახდენენ თუ არა მოგების განაწილებას. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ საბანკო სფეროში არსებული მოგების გადასახადის პრაქტიკულ ასპექტებს.

კონტრასტისთვის, პირველ რიგში განვიხილავთ თუ როგორ გამოითვლება მოგების გადასახადი სხვა სფეროებში.

როგორ გამოითვლება მოგების გადასახადი არასაბანკო სფეროში?

მოგების განაწილებისას, მაგალითად დივიდენდის გატანისას, კომპანიას უწევს მოგებისა და დივიდენდის გადასახადების გადახდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ე.წ. ესტონურ მოდელზე მყოფი (შეგახსენებთ, რომ კომპანიების უმრავლესობა ესტონურ მოდელზეა) კომპანიიდან მეორე საქართველოს რეზიდენტი ესტონურ მოდელზე მყოფ კომპანიაზე დივიდენდის განაწილებაზე კომპანიას არ მოუწევს გადასახადის გადახდა (იშვიათი გამონაკლისების გარდა). ჩვეულებრივ, კომპანიებს უწევთ მოგებისა და დივიდენდის გადასახადების გადახდა როდესაც დივიდენდი გაიცემა ფიზიკურ პირებზე ან უცხოურ კომპანიებზე. არასაბანკო სფეროს კომპანიების მოგების გადასახადის განაკვეთია 15%, ხოლო დივიდენდის გადასახადის განაკვეთია 5%.

განვიხილოთ მაგალითი: თუ კომპანიას წლის განმავლობაში ჰქონდა მოგება 1,000 ლარის ოდენობით და გადაწყვიტა, რომ ეს მოგება სრულად გაანაწილოს კომპანიის დამფუძნებელზე დივიდენდის სახით, კომპანიიდან გავა 1,000 ლარი, საიდანაც კომპანიის მფლობელი რეალურად მიიღებს 807.5 ლარს (1,000 x 85% x 95%), ხოლო დანარჩენი 192.5 ლარი გადაიხდება მოგებისა და დივიდენდის გადასახადების სახით. თუ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პერიოდის მოგება, 1,000 ლარი, არ გაანაწილოს დივიდენდად არამედ დატოვოს ბიზნესში და მოახმაროს მის განვითარებას, მაშინ კომპანია საერთოდ არ გადაიხდის მოგებისა და დივიდენდის გადასახადებს.

 

როგორ გამოითვლება მოგების გადასახადი საბანკო სფეროში?

მოგების გადასახადის განაკვეთი ბანკისთვის (ისევე, როგორც საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტისთვის) 20%-ს წარმოადგენს, განსხვავებით სხვა ინდუსტრიის კომპანიებისა, რომელთა შემთხვევაშიც მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ია. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამაგიეროდ ბანკებს არ ეხებათ დივიდენდის გადასახადი (2023 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემულ დივიდენდებზე), რომელიც სხვა კომპანიებისთვის 5%-ია.

მოგების გადასახადის დასათვლელად გამოიანგარიშება „მოგება დაბეგვრამდე“, რომელიც მიიღება სხვადასხვა ხარჯების შემოსავლებიდან გამოკლებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგიერთი შემოსავალი არ ჩაითვლება მოგების გადასახადის გაანგარიშებაში. მაგალითად საქართველოს საწარმოს მიერ გამოშვებული და  უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. როგორც წესი, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოში ამა თუ იმ სფეროს ან მიმართულების განვითარებას.

ასევე ზოგიერთი ხარჯი არ გაითვალისწინება მოგების გადასახადის დაანგარიშებაში და შესაბამისად არ ამცირებს მოგების გადასახადს. მაგალითად ხარჯები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და წარმომადგენლობითი ხარჯები გარკვეული ლიმიტის ზემოთ (წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1%-ის ზემოთ) არ გამოიქვითება შემოსავლებიდან მოგების გადასახადის მიზნებისთვის. შედეგად ასეთი ხარჯები არ ამცირებს მოგების გადასახადს.

განვიხილოთ მაგალითი: ბანკს წლის განმავლობაში ჰქონდა მოგება 1,000 ლარის ოდენობით. ამ მოგების გაანგარიშებაში შესულია 200 ლარი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საწარმოს მიერ გამოშვებული და  უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებულ პროცენტს. გარდა ამისა, ამ მოგებაში შესულია 300 ლარი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის და შესაბამისად საგადასახადო კოდექსით ითვლება, რომ არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. ბანკმა გადაწყვიტა, რომ ეს მოგება არ გაანაწილოს კომპანიის აქციონერებზე დივიდენდის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი მოგებას არ ანაწილებს და სრულად კომპანიაში ტოვებს, მას მაინც მოუწევს მოგების გადასახადის გადახდა დასაბეგრი მოგების 20%-ის ოდენობით. ჩვენს მაგალითში, დასაბეგრი მოგება 1,100 ლარის ტოლია და გამოიანგარიშება შემდეგნაირად: 1,000 – 200 + 300 = 1,100 ლარი. შედეგად, ბანკს მოუწევს, რომ დაადეკლარიროს და გადაიხადოს მოგების გადასახადი 220 ლარის ოდენობით (1,100 x 20%).

ჩვენი კომპანია გაგიწევთ ყველა ბუღალტრულ, საგადასახადო და ფინანსურ მომსახურებას საბანკო და მიკროსაფინანსო სფეროს კომპანიების საკითხებთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?