მიკრო ბიზნესის სტატუსის საგადასახადო შეღავათები

5 აგვისტო 2022

მიკრო ბიზნესის სტატუსი მნიშნელოვან საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ბუნებრივია ამ სტატუსით მეწარმეების დაინტერესება. ამ სტატიაში დეტალურადაა განხილული თუ რა საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული მიკრო ბიზნესის სტატუსი, ვის შეუძლია ამ სტატუსის მიღება, რა შემთხვევაში იკარგება სტატუსი და რა არის ამ სტატუსის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.

 

რა საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული მიკრო ბიზნესის სტატუსი?

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სრულადაა გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისგან, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში 20%-ს შეადგენს. გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ საპენსიო სქემაში გაწევრიანება არის ნებაყოფლობითი, რაც იმას ნიშნავს რომ თუ მეწარმემ აირჩია რომ არ გაწევრიანდეს საპენსიო სქემაში, მას არ მოუწევს 2+2% საპენსიო ანარიცხების გადახდა.

შევადაროთ მიკრო ბიზნესის სტატუსის მფლობელის საგადასახადო შეღავათები თანამშრომლის დაბეგვრას. მაგალითად, თუ კომპანია თანამშრომელს უხდის ხელფასს ხელზე ასაღებ 1,000 ლარს, ეს ნიშნავს რომ კომპანიის ჯამური სახელფასო ხარჯი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით, შეადგენს 1,301 ლარსა და 2 თეთრს (1,000/0.8/0.98*1.02). ახლა განვიხილოთ რა მოხდება თუ კომპანიის თანამშრომლის ასანაზღაურებლად გამოყოფილი ჯამური გამოყოფილი ბიუჯეტი, 1,301 ლარი და 2 თეთრი, ჩაერიცხება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირს, რომელიც არ არის საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანებული. ასეთ შემთხვევაში პირი არ გადაიხდის არც საშემოსავლო გადასახადს და არც საპენსიო ანარიცხებს. შესაბამისად მას ხელზე დარჩება სრულად 1,301 ლარი და 2 თეთრი. ანუ ჯამურად, იმავე ბიუჯეტში, პირის ხელზე ასაღები თანხა აღემატება თანამშრომლის ხელზე ასაღებ თანხას 301 ლარით და 2 თეთრით (1,301.02 – 1,000).

 

ვის შეუძლია მიიღოს მიკრო ბიზნესის სტატუსი?

ხშირად მეწარმეებს ჰგონიათ რომ ინდმეწარმედ რეგისტრაცია საკმარისია საგადასახადო შეღავათების მისაღებად. თუმცა, რეალურად, ინდმეწარმეს დამატებით დასჭირდება შემოსავლების სამსახურისგან მიკრო ბიზნესის სტატუსის მიღებაც.

ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ამ სტატუსთან დაკავშირებულ ყველა ბუღალტრულ მომსახურებას.

ამ სტატუსის მიღება ინდმეწარმეს შეუძლია თუ იგი არ ახორციელებს ე.წ. „აკრძალულ საქმიანობებს“, ანუ საქმიანობებს რომელთა შემთხვევაშიც ეს სტატუსი არაა ხელმისაწვდომი. ასეთი საქმიანობებია მაგალითად სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, სანოტარო, საკონსულტაციო, აუდიტორული და სხვა. სრული სია ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონულ გვერდზე.

გარდა ამისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მიღება შესაძლებელია თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს 30,000 ლარს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მიკრო ბიზნესის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების მიუხედავად, იგი ვალდებულია ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.

 

რა შემთხვევაში იკარგება მიკრო ბიზნესის სტატუსი?

სტატუსი იკარგება მაშინ თუ პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში შემოსავალი აჭარბებს 30,000 ლარს. ასევე მაშინაც თუ საგადასახადო ორგანომ ჩაატარა ინვენტარიზაცია და დაადგინა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მარაგების ნაშთი აღემატება 45,000 ლარს. გარდა ამისა სტატუსი იკარგება თუ პირი დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად.

 

რა არის მიკრო ბიზნესის სტატუსის უარყოფითი მხარეები?

გარდა მნიშვნელოვანი უპირატესობისა, რაც ზემოთ განხილულ საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული, მიკრო ბიზნესის სტატუსს შპს-სთან (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან) შედარებით გააჩნია გარკვეული უარყოფითი მხარეებიც. კერძოდ, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირადად აგებს პასუხს ბიზნესის ვალდებულებებზე. მაგალითად, თუ ბიზნესს აქვს მომწოდებლის მიმართ (ან ბანკის მიმართ) ვალი, დავუშვათ, 100,000 ლარი და ვერ ახერხებს მის გადახდას, კრედიტორს უფლება აქვს ვალის დაბრუნება მოსთხოვოს პირადად მეწარმე ფიზიკურ პირს.  შპს-ს შემთხვევაში ვალის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის აქტივებიდან და არა მფლობელის პირადი ქონებიდან.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?