არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი

25 ნოემბერი 2022

ჩვენი კლიენტი კომპანიებისგან, ბოლო პერიოდში, ხშირად ვიღებთ კითხვებს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის შესახებ. ამ სტატიაში განვიხილავთ თუ რას ნიშნავს ეს სტატუსი და რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის ამ საკითხში საბაზისო დონეზე გარკვევა.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში გარკვევა?

თუ თქვენი კომპანია საქონელს ან მომსახურებას შეიძენს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე კომპანიისგან, მაშინ ვერ შეძლებს დღგ-ს ჩათვლას, ამან კი მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი შეიძლება გამოიწვიოს.

განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ თქვენმა კომპანიამ შეიძინა 118,000 ლარის ღირებულების საქონელი მომწოდებლისგან და კონტრაქტის მიხედვით ფასში შედის დღგ. ასეთ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია თავადაც დღგ-ს გადამხდელია, იგი შეძლებს რომ 18,000 ლარის დღგ ჩაითვალოს და დაიბრუნოს. ანუ, ასეთ შემთხვევაში, წმინდა ფულადი გასავალი საქონლის შეძენაზე წარმოადგენს 100,000 ლარს, რადგან კომპანია 118,000 ლარს უხდის მომწოდებელს და შემდგომ 18,000 ლარს იბრუნებს სახელმწიფოსგან. 2021 წლიდან შემოსავლების სამსახურმა განახორციელა შემდეგი ცვლილება: შემოვიდა ცნება „არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი“. თუ კომპანია კლასიფიცირებულია როგორც არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელი, მისგან ნაყიდ საქონელზე ან მომსახურებაზე, ვერ ჩაითვლით დღგ-ს. შესაბამისად, ჩვენს მაგალითში, 100,000 ლარის წმინდა ფულადი გასავლის ნაცვლად, გასავალი იქნება 118,000 ლარი და კომპანია იზარალებს 18,000 ლარს.

 

რომელ კომპანიებს ენიჭებათ არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი?

არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი ენიჭებათ დღგ-ის გადამხდელად ახალ დარეგისტრირებულ კომპანიებს. გარდა ამისა, კომპანიას ენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი თუ მას ბოლო 12 თვის განმავლობაში არ ჰქონდა საგადასახადო ბარათზე ოპერაცია.

ზემოთაღნიშნული ზომების მიღება საჭირო გახდა რადგან ხშირად ხდებოდა ისეთი კომპანიების რეგისტრაცია, რომლებიც რეალურად არ იხდიდნენ დღგ-ს და ხშირ შემთხვევაში, ასეთ კომპანიებს, ბიზნეს-შინაარსიც კი არ გააჩნდათ და შექმნილები იყვნენ ერთადერთი მიზეზით, რომ დაკავშირებული კომპანიისთვის გამოეწერათ დღგ-ს ფაქტურა და ამ გზით უკანონო სარგებელი მიეცათ მათთვის.

 

როგორ გავიგოთ აქვს თუ არა ჩვენს მომწოდებელს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი?

ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ბუნებრივია რომ კომპანიები დაინტერესებულნი არიან, საქმიანი ურთიერთობის დაჭერამდე, გადაამოწმონ აქვს თუ არა მათ მომწოდებელს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. მითუმეტეს მნიშვნელოვანია გადამოწმება მსხვილი ტრანზაქციების განხორციელებამდე, სადაც რისკია რომ დიდი ზარალი მიადგეს კომპანიას დღგ-ს ვერ ჩათვლის გამო.

კვალიფიციური/არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის გადამოწმება ხდება მარტივად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე. გადასამოწმებლად თქვენ უნდა გქონდეთ, ან მომწოდებელს გამოართვათ მისი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და შეიყვანოთ ეს მონაცემი შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე. სტატუსის გადამოწმება ხდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://rs.ge/CheckUnqualifiedStatus

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?