კრიპტო სფეროს საგადასახადო რეგულაცია

9 ივნისი 2022

დღევანდელ დღეს ბიზნესისთვის განსაკუთრებით აქტუალურია კრიპტო აქტივების დაბეგვრის საკითხი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის ივნისში გამოცემული საჯარო გადაწყვეტილებით მოხდა გარკვეული სინათლის შეტანა კრიპტოს გარშემო არსებულ დაბეგვრის საკითხებში, თუმცა აღსანიშნავია აღნიშნული დადგენილება არ სცემს პასუხს კრიპტო აქტივების დაბეგვრის ყველა საკითხს. ამ სტატიაში გაცემულია პასუხები ჩვენი კლიენტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე.

 

ჩემი კომპანია ხშირად ყიდის კრიპტოს ლარშიდოლარში ან სხვა უცხოურ ვალუტაშიმიწევს თუ არა დღგ?

მოკლე პასუხია – არა.

სახელმწიფო დადგენილებით, საგადასახადო თვალსაზრისით, კრიპტო აქტივი გათანაბრებულია ფულის ალტერნატივასთან. შესაბამისად, კრიპტო აქტივის რეალიზაცია წარმოადგენს ვალუტის გაცვლასთან გათანაბრებულ ოპერაციას. შედეგად, როგორც ლარის დოლარზე გაცვლა არ დაიბეგრებოდა დღგ-თი, ასევე არ დაიბეგრება კრიპტო ვალუტის რეალიზაცია და სანაცვლოდ დოლარის, ევროს ან თუნდაც სხვა კრიპტო ვალუტის მიღება.

 

ჩემი კომპანია ფლობს მაინერებს და მათგან გამოიმუშავებს კრიპტო ვალუტასდაიბეგრება თუ არა აღნიშნული შემოსავალი დღგთი?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშნელოვანია განვასხვავოთ ორი შემთხვევა:

  1. კომპანია მაინერებით თავად გამოიმუშავებს კრიპტო ვალუტას
  2. კომპანია აქირავებს საკუთარ მაინერებს მესამე მხარეზე და სწორედ ეს მესამე მხარე გამოიმუშავებს კრიპტო ვალუტას, ხოლო თავად კომპანია დე-ფაქტო უბრალოდ იღებს მაინერების გაქირავებით შემოსავალს.

პირველ შემთხვევაში, როცა კომპანია თავად გამოიმუშავებს კრიპტო ვალუტას, იგი არ იბეგრება დღგ-თი.

მეორე შემთხვევაში, როცა კომპანია ფაქტიურად სხვაზე აქირავებს მაინერებს და სწორედ ის სხვა გამოიმუშავებს კრიპტო ვალუტას, კომპანიის შემოსავალი დაიბეგრება დღგ-თი, 18%-ით, თუ იგი აქირავებს მაინერებს საქართველოს ფარგლებში, ანუ აქირავებს საქართველოში რეგისტრირებულ პირზე. მაგრამ, თუ კომპანია აქირავებს მაინერებს უცხო ქვეყნის პირზე, ანუ ფაქტიურად ექსპორტზე გააქვს საკუთარი მომსახურება, მაშინ შემოსავალი დღგ-თი არ დაიბეგრება. დადგენილებით მაინერების გაქირავება ხვდება „გამოთვლითი სიმძლავრის მიწოდების“ განმარტებაში და შესაბამისად იბეგრება დღგ-თი ადგილობრივი მიწოდების შემთხვევაში და გათავისუფლებულია დღგ-სგან უცხოეთში ექსპორტის შემთხვევაში.

 

თუ ჩემი კომპანია თანამშრომელს ხელფასს უხდის კრიპტო ვალუტითდაიბეგრება თუ არა ეს ხელფასი საშემოსავლო გადასახადით?

მოკლე პასუხია – კი.

მიუხედავად იმისა რომ დადგენილებაში უშუალოდ ხელფასის კრიპტო ვალუტით გადახდაზე არაა საუბარი, საგადასახადო კოდექსის სხვა მუხლებიდან მარტივად გამომდინარეობს დასკვნა რომ კრიპტო ვალუტით ხელფასის გადახდა ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. უფრო მეტიც, თანამშრომლის ანაზღაურება საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება მაშინაც კი თუ მას არა-ფულადი სახით გადაუხდით ხელფასს, მაგალითად საკვებით, ტანსაცმლით ან ნებისმიერი სხვა არა-ფულადი ფორმით. გარდა ამისა, კრიპტო ვალუტით ხელფასის გადახდა, ისევე როგორც ჩვეულებრივი ფულადი სახით ხელფასის გადახდა, ექვემდებარება საპენსიო გადასახდელს. მაგალითად, თქვენ თუ თანამშრომელს ჩაურიცხეთ 1,000 ლარის ექვივალენტი ღირებულების კრიპტო ვალუტა, მაშინ კომპანიას მოუწევს ჯამში 301 ლარის გადახდა სახელმწიფოსთვის (1,000/80%/98%*102% – 1,000), საიდანაც 250 ლარი არის საშემოსავლო გადასახადი ხოლო 51 ლარი წარმოადგენს საპენსიო ანარიცხებს. ეს რომ ასე არ იყოს, კომპანიებს მიეცემოდათ საგადასახადო მანიპულირების საშუალება და შეეძლებოდათ, გადასახადის არიდების მიზნით, თანამშრომლების ხელფასის კრიპტო ვალუტით გადახდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ერთადერთი ნებადართული ანგარიშსწორების ვალუტაა ლარი. შესაბამისად, როდესაც საუბარი გვაქვს კრიპტოვალუტით გადახდაზე, ყოველთვის იგულისხმება შუამავლის საშუალებით კონვერტაცია და ადრესატთან ექვივალენტი ლარის ჩარიცხვა.

 

თუ ჩემი კომპანია მოგებას გამოიმუშავებს კრიპტო საქმიანობითმოგების დივიდენდის სახით გატანისას მიწევს თუ არა მოგებისა და დივიდენდის გადასახადები?

მოკლე პასუხია – კი.

კრიპტო საქმიანობით დაკავებული კომპანია, როგორც სხვა კომპანიები, იხდის მოგებისა (15%) და დივიდენდის (5%) გადასახადებს დივიდენდის გატანისას. მაგალითად, თუ კომპანიას აქვს გამომუშავებული 1,000 ლარის მოგება და სურს მისი დივიდენდის სახით განაწილება, მაშინ მას მიუწევს 192.5 ლარის გადახდა მოგებისა და დივიდენდების გადასახადების სახით (1,000 – 1,000*85%*95%), ხოლო დანარჩენი 807.5 ლარი (1,000*85%*95%) წარმოადგენს მფლობელის მიერ ხელზე ასაღებ დივიდენდს.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?