თუ სასტუმრო ბიზნესში ხარ, ნახე რა უნდა გაითვალისწინო

მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის, რომლებიც შიდა და გარე ტურიზმზე არიან მეტწილად დამოკიდებულნი, მნიშვნელოვანია ოთახების დატვირთულობის მაჩვენებლის კონტროლი. დატვირთულობის მაჩვენებელი მარტივად დაითვლება გაქირავებული ოთახების რაოდენობის გაყოფით, გასაქირავებლად ხელმისაწვდომი ოთახების რაოდენობაზე, მოცემულ პერიოდში. მაგალითად, თუ ივნისის განმავლობაში 100 ხელმისაწვდომი ოთახიდან გაქირავებული იყო 70 ოთახი, ივნისის თვის დატვირთულობის მაჩვენებელი იქნება 70%.

უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი არის ნულოვანი მოგების დატვირთულობა, ანუ დატვირთულობის ის მინიმალური მაჩვენებელი, რომელზეც სასტუმრო არც ზარალზეა და არც მოგებაზე (შემოსავლები უტოლდება ჯამურ ხარჯებს). ეს რიცხვი სასტუმროს მენეჯერს საშუალებას აძლევს გადაწყვიტოს, უღირს თუ არა სასტუმროს მუშაობა კონკრეტულ სეზონზე. კერძოდ, თუ მენეჯერი, გამოცდილებაზე დაყრდნობით, ფიქრობს, რომ აპრილში მისი სასტუმროს დატვირთულობა იქნება დაახლოებით 25%, ხოლო მისი ნულოვანი მოგების დატვირთულობა არის 30%, მაშინ მენეჯერი მიიღებს გადაწყვეტილებას რომ აპრილში არ ამუშავოს სასტუმრო. ხშირად სასტუმროს მენეჯერები აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებენ პირად სუბიექტურ შეგრძნებებზე დაყრდნობით, ხოლო დატვირთულობის მაჩვენებელი არის ის ობიექტური საზომი, რომელიც ამარტივებს ამ გადაწყვეტილების მიღებას.

რა თქმა უნდა ნულოვანი მოგების დატვირთულობა განსხვავდება სასტუმროდან სასტუმრომდე და არ არის უნივერსალური მაჩვენებელი. ერთი სასტუმროსთვის ის შეიძლება იყოს 25% ხოლო მეორესთვის 40%. გააჩნია სასტუმროს ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებს და ოთახის გაქირავების ფასს. გარდა ამისა, თუ ხარჯები იცვლება (მაგ. ინფლაციის გამო) ან იცვლება ოთახის გაქირავების ფასი კლიენტებისთვის, მსგავსი ცვლილებები ასევე შეცვლის სასტუმროს ნულოვანი მოგების დატვირთულობის მაჩვენებელსაც. სწორედ ამიტომ მნიშნელოვანია აღნიშნული მაჩვენებლის გარკვეული პერიოდულობით განახლება და გადაანგარიშება.

მაგალითად,
თუ სასტუმროს გასაქირავებელი აქვს ჯამში 20 ოთახი

სასტუმროს მუშაობის პერიოდში ფიქსირებული ხარჯები (როგორებიცაა მაგ. სასტუმროს მენეჯერის ხელფასი, ბუღალტრის ხელფასი და სხვა) შეადგენს თვეში 3,600 ლარს.

ცვლადი ხარჯი (როგორებიცაა მაგ. კომუნალური ხარჯი, დალაგების ხარჯი, საკვების ხარჯი და სხვა) ერთ ოთახზე, მისი გაქირავების შემთხვევაში, შეადგენს თვეში 900 ლარს.

ერთი ოთახის გაქირავებიდან მიღებული თვიური შემოსავალი არის 1,500 ლარი.

ასეთ შემთხვევაში, ნულოვანი მოგების დატვირთულობა, ანუ ის დატვირთულობა რომელიც საკმარისი იქნება ცვლადი ხარჯების გასტუმრების შემდეგ ფიქსირებული ხარჯების გადასაფარად და ნულოვან მოგებაზე გასასვლელად, გამოიანგარიშება შემდეგნაირად: გაქირავებული ოთახების რაოდენობა x (1,500-900) – 3,600 = 0

აქედან გამომდინარე, იმისათვის რათა ეს განტოლება შედგეს, თვის განმავლობაში გაქირავებული ოთახების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 6 ოთახს. ეს ნიშნავს, რომ ნულოვანი დატვირთულობის მაჩვენებელი ამ სასტუმროსთვის შეადგენს 30%-ს (6/20).

თუ მენეჯერის მოლოდინია, აპრილის განმავლობაში სასტუმროს დატვირთულობა ექნება 25%, ეს ნიშნავს რომ ოპერირების შემთხვევაში, აპრილში იგი ნახავს ზარალს, რადგან საჭიროა მინიმუმ 30%-იანი დატვირთულობა ხარჯების დასაკომპენსირებლად. ხოლო 30%-ზე მეტ დატვირთულობას სასტუმრო გადაყავს მოგების ზონაში.

თუ სარესტორნო ბიზნესში ხარ, ნახე რა უნდა გაითვალისწინო

სარესტორნო სფეროში მოღვაწე ბიზნესების სწორი ბუღალტრული აღრიცხვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკვების რეცეპტში გაწერილი დოზების სიზუსტე და პრაქტიკაში გამოყენებულ დოზებთან შესაბამისობა.

მაგალითად, თუ კერძის მოსამზადებლად საჭიროა 140 მლ. ნაღები, ხოლო რეცეპტში, რასაც ბუღალტერი ეყრდობა 130 მლ. არის მითითებული, ყოველ 1,000 კერძზე დანაკლისი 10 ლ. იქნება.

🔹 პერიოდის ბოლოს, ბუღალტრებს უწევთ ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი სხვაობის აღსარიცხად საჭირო მაკორექტირებელი გატარების გაკეთება და შესაბამისად დანაკლისის ჯამურად ჩამოწერა.

🔹 ეს ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის ხარჯთაღრიცხვას და ართულებს მენიუში პროდუქტის განფასებას.

მაგალითად, მენეჯერს შესაძლოა კერძისთვის სხვა გასაყიდი ფასი განესაზღვრა, თუ ეცოდინებოდა რომ დანახარჯი თითოეულ კერძზე 10 მლ.-ით მეტია. არასწორი განფასება კი ხშირად რესტორნის ან საცხობის ფინანსური ზარალის მიზეზი ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია რომ გათვალისწინებულ იქნას ბაზარზე დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკა, კერძოდ:

🔸 დოზების განსაზღვრა და კონტროლი შეფ-მზარეულის (და არა ბუღალტრის) ფუნქცია-მოვალეობაში უნდა შედიოდეს.

🔸 გარკვეული პერიოდულობით, შეფ-მზარეულმა დოზები უნდა გადაამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში დააზუსტოს.

🔸 დოზების გადამოწმება უნდა მოხდეს მაშინაც კი თუ შეფ-მზარეულს არ შეუცვლია პროდუქტის კომპოზიცია, რადგან დროთა განმავლობაში გარკვეული ბუნებრივი და ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ცვლილებები ხდება საკვების წარმოებისას, ინგრედიენტების დოზირების დროს.

რა უნდა ვიცოდეთ საგადასახადო შემოწმების შესახებ

შემოსავლების სამსახური აწარმოებს საგადასახადო შემოწმებას კომპანიის ან ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებული გადასახადის სისწორის დასადგენად. არსებობს საგადასახადო შემოწმების ორი ტიპი: გასვლითი და კამერალური.

 

რა პერიოდები შეიძლება შეამოწმოს საგადასახადო ორგანომ?

ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რაც იმას ნიშნავს რომ შემოსავლების სამსახურს შეუძლია შეამოწმოს კომპანიის გასული 3 წლის დეკლარაციები. ამაზე ძველი მონაცემები არ ექვემდებარება შემოწმებას (გამონაკლისების გარდა). მაგალითად, თუ შემოსავლების სამსახურმა შემოწმების შეტყობინება გამოაგზავნა 2022 წლის აპრილში, მაშინ მას აქვს უფლება შეამოწმოს 2019, 2020 და 2021 წლების გადასახადები. ჩვენს მაგალითში, 2019 წლის შემოწმება უნდა დასრულდეს და ჯარიმა/საურავების დარიცხვა/არ დარიცხვა უნდა გადაწყდეს არაუგვიანეს 2022 წლის ბოლოსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2023 წლის 1 იანვარს, შემოსავლების სამსახურის არ აქვს 2019 წლის დეკლარაციებზე ჯარიმა-საურავების დარიცხვის უფლება.

საყურადღებო გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც გადასახადის გადამხდელი თავად აზუსტებს 2019 წლის დეკლარაციას. სამი წლიდან უადრესი წლის დეკლარაციების დაზუსტების შემთხვევაში, ხანდაზმულობა ხანგრძლივდება 1 წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ, ჩვენს მაგალითში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს 2023 წლის განმავლობაში შეამოწმოს 2019 წლის დეკლარაციებიც.

 

გასვლითი საგადასახადო შემოწმება

ამ ტიპის შემოწმება ტარდება გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე (როგორც წესი მის ოფისში) და შემოწმების შესახებ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური ატყობინებს გადასახადის გადამხდელს მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე. შემოწმება იწყება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 30 დღეში.

გასვლითი შემოწმება არ გულისხმობს აუცილებლად სრულ შემოწმებას, არამედ შესაძლოა იყოს თემატური.

 

კამერალური საგადასახადო შემოწმება

გასვლითი შემოწმებისგან განსხვავებით, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება დისტანციურად. აპრობირებული პრაქტიკაა რომ კამერალური შემოწმება მოიცავს კონკრეტული საკითხების შემოწმებას (მაგალითად დღგ-ს დეკლარაციების შემოწმებას), თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს სრული შემოწმებაც.

 

შემოწმების შედეგი

საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურმა შესაძლოა დააკისროს ან არ დააკისროს გადასახადის გადამხდელს სანქციები (მათ შორის ჯარიმები და საურავები). შედეგად დგება აქტი და გადაეცემა გადასახადის გადამხდელს. აქტი შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნას გადასახადის გადამხდელის მიერ.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?