თუ სასტუმრო ბიზნესში ხარ, ნახე რა უნდა გაითვალისწინო

28 ივნისი 2021

მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის, რომლებიც შიდა და გარე ტურიზმზე არიან მეტწილად დამოკიდებულნი, მნიშვნელოვანია ოთახების დატვირთულობის მაჩვენებლის კონტროლი. დატვირთულობის მაჩვენებელი მარტივად დაითვლება გაქირავებული ოთახების რაოდენობის გაყოფით, გასაქირავებლად ხელმისაწვდომი ოთახების რაოდენობაზე, მოცემულ პერიოდში. მაგალითად, თუ ივნისის განმავლობაში 100 ხელმისაწვდომი ოთახიდან გაქირავებული იყო 70 ოთახი, ივნისის თვის დატვირთულობის მაჩვენებელი იქნება 70%.

უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი არის ნულოვანი მოგების დატვირთულობა, ანუ დატვირთულობის ის მინიმალური მაჩვენებელი, რომელზეც სასტუმრო არც ზარალზეა და არც მოგებაზე (შემოსავლები უტოლდება ჯამურ ხარჯებს). ეს რიცხვი სასტუმროს მენეჯერს საშუალებას აძლევს გადაწყვიტოს, უღირს თუ არა სასტუმროს მუშაობა კონკრეტულ სეზონზე. კერძოდ, თუ მენეჯერი, გამოცდილებაზე დაყრდნობით, ფიქრობს, რომ აპრილში მისი სასტუმროს დატვირთულობა იქნება დაახლოებით 25%, ხოლო მისი ნულოვანი მოგების დატვირთულობა არის 30%, მაშინ მენეჯერი მიიღებს გადაწყვეტილებას რომ აპრილში არ ამუშავოს სასტუმრო. ხშირად სასტუმროს მენეჯერები აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებენ პირად სუბიექტურ შეგრძნებებზე დაყრდნობით, ხოლო დატვირთულობის მაჩვენებელი არის ის ობიექტური საზომი, რომელიც ამარტივებს ამ გადაწყვეტილების მიღებას.

რა თქმა უნდა ნულოვანი მოგების დატვირთულობა განსხვავდება სასტუმროდან სასტუმრომდე და არ არის უნივერსალური მაჩვენებელი. ერთი სასტუმროსთვის ის შეიძლება იყოს 25% ხოლო მეორესთვის 40%. გააჩნია სასტუმროს ფიქსირებულ და ცვლად ხარჯებს და ოთახის გაქირავების ფასს. გარდა ამისა, თუ ხარჯები იცვლება (მაგ. ინფლაციის გამო) ან იცვლება ოთახის გაქირავების ფასი კლიენტებისთვის, მსგავსი ცვლილებები ასევე შეცვლის სასტუმროს ნულოვანი მოგების დატვირთულობის მაჩვენებელსაც. სწორედ ამიტომ მნიშნელოვანია აღნიშნული მაჩვენებლის გარკვეული პერიოდულობით განახლება და გადაანგარიშება.

მაგალითად,
თუ სასტუმროს გასაქირავებელი აქვს ჯამში 20 ოთახი

სასტუმროს მუშაობის პერიოდში ფიქსირებული ხარჯები (როგორებიცაა მაგ. სასტუმროს მენეჯერის ხელფასი, ბუღალტრის ხელფასი და სხვა) შეადგენს თვეში 3,600 ლარს.

ცვლადი ხარჯი (როგორებიცაა მაგ. კომუნალური ხარჯი, დალაგების ხარჯი, საკვების ხარჯი და სხვა) ერთ ოთახზე, მისი გაქირავების შემთხვევაში, შეადგენს თვეში 900 ლარს.

ერთი ოთახის გაქირავებიდან მიღებული თვიური შემოსავალი არის 1,500 ლარი.

ასეთ შემთხვევაში, ნულოვანი მოგების დატვირთულობა, ანუ ის დატვირთულობა რომელიც საკმარისი იქნება ცვლადი ხარჯების გასტუმრების შემდეგ ფიქსირებული ხარჯების გადასაფარად და ნულოვან მოგებაზე გასასვლელად, გამოიანგარიშება შემდეგნაირად: გაქირავებული ოთახების რაოდენობა x (1,500-900) – 3,600 = 0

აქედან გამომდინარე, იმისათვის რათა ეს განტოლება შედგეს, თვის განმავლობაში გაქირავებული ოთახების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 6 ოთახს. ეს ნიშნავს, რომ ნულოვანი დატვირთულობის მაჩვენებელი ამ სასტუმროსთვის შეადგენს 30%-ს (6/20).

თუ მენეჯერის მოლოდინია, აპრილის განმავლობაში სასტუმროს დატვირთულობა ექნება 25%, ეს ნიშნავს რომ ოპერირების შემთხვევაში, აპრილში იგი ნახავს ზარალს, რადგან საჭიროა მინიმუმ 30%-იანი დატვირთულობა ხარჯების დასაკომპენსირებლად. ხოლო 30%-ზე მეტ დატვირთულობას სასტუმრო გადაყავს მოგების ზონაში.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?