საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ

28 ნოემბერი 2025
საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ

საქართველოში ამოქმედდა ინოვაციების მხარდაჭერის ახალი ჩარჩო ინოვაციების კანონისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც ძალაში შევიდა 2025 წლის 24 სექტემბრიდან. რეფორმა კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ სამი სტატუსიდან ერთ-ერთი:

  1. ინოვაციური სტარტაპი
  2. ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესი (ინოვაციური SME)
  3. R&D კომპანია (კვლევისა და განვითარების მომსახურების მიმწოდებელი)

თითოეულ სტატუსს ახლავს კონკრეტული საგადასახადო შეღავათები. სტატუსები გაიცემა GITA-ს მიერ ადმინისტრირებულ ინოვაციების რეესტრში განაცხადის შეტანის გზით. ამ სტატიაში აღწერილია პრაქტიკული შეჯამება: საგადასახადო შეღავათები, კრიტერიუმები, ვადები და სტატუსის შენარჩუნების პირობები.

 

1) ინოვაციური სტარტაპის სტატუსი

საგადასახადო შეღავათები (10 წლამდე, ეტაპობრივი)

ინოვაციური სტარტაპისთვის მოქმედებს ყველაზე მასშტაბური შეღავათები და 10 წლამდე პერიოდზეა გაწერილი ეტაპებად:

  • 1–3 წელი

o 0% საშემოსავლო გადასახადი თანამშრომელთა ხელფასებზე (ნაცვლად 20%-სა)
(მოქმედებს ერთ თანამშრომელზე მთავრობის მიერ დადგენილი 10,000 ლარიანი თვიური ლიმიტის ფარგლებში).

  • 4–6 წელი

o 5% საშემოსავლო გადასახადი ხელფასებზე

o 5% მოგების გადასახადი დივიდენდების/გაწერილი მოგების განაწილებისას.

  • 7–10 წელი

o 10% საშემოსავლო გადასახადი ხელფასებზე

o 10% მოგების გადასახადი მოგების განაწილებისას.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსით სარგებლობა ეტაპობრივია და მისი გაგრძელება დაკავშირებულია განახლების (რე-აპლიკაციის) დროს დასადასტურებელ საინვესტიციო ზღვართან. კომპანია პირველ 1–3 წელზე იღებს შეღავათებს საწყისი კვალიფიკაციის საფუძველზე, თუმცა 4–6 წლებზე გადასასვლელად უნდა დაადასტუროს, რომ მოზიდული აქვს მნიშვნელოვნად გაზრდილი, კუმულატიური ინვესტიცია 5 მლნ ლარის ოდენობით) და კვლავ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ხოლო სტატუსის შენარჩუნებისთვის 7–10 წლებზე საჭიროა კიდევ უფრო მაღალი კუმულატიური ინვესტიციის დადასტურება (15 მლნ ლარის ოდენობით). პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ შეღავათების გაგრძელება უკავშირდება სტარტაპის რეალურ მასშტაბირებასა და დოკუმენტურად დადასტურებულ დაფინანსებას.

მნიშვნელოვანი შეზღუდვა: კომპანიას ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ვერ მიენიჭება სხვა სპეციალურ რეჟიმებთან ერთად (მაგ. საერთაშორისო კომპანია ან ვირტუალური ზონის პირი).

კვალიფიკაციის ძირითადი კრიტერიუმები

კომპანიას შეიძლება მიენიჭოს სტატუსი, თუ:

  • ავითარებს ინოვაციურ პროდუქტს/სერვისს/ტექნოლოგიას ან პროცესს (ახალს ან არსებითად გაუმჯობესებულს).
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში მოიზიდა:

o ≥ 100,000 ლარის ინვესტიცია აკრედიტებული ვენჩურული ფონდის/ანგელოზი-ინვესტორების/აქსელერატორისგან, ან

o ≥ 150,000 ლარის გრანტი აღიარებული ინოვაციური/განვითარების პროგრამიდან.

  • ამტკიცებს, რომ შემოსავლისა და ხარჯების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია ინოვაციურ საქმიანობასთან.
  • არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის გადახდისუუნარობის რეჟიმში და არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

საჭირო დოკუმენტები (მათ შორის აუდიტი)

როგორც წესი, განაცხადს ერთვის:

  • სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი და მფლობელების/მენეჯმენტის ინფორმაცია.
  • ინოვაციის აღწერა და განვითარების გეგმა.
  • ინვესტიციის ან გრანტის ხელშეკრულებები და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება და/ან აუდიტორის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ საქმიანობა და ხარჯები ინოვაციასთანაა დაკავშირებული.
  • საგადასახადო კეთილსინდისიერების (დავალიანების არარსებობის) დადასტურება.

სტატუსის შენარჩუნება

  • სტატუსი გაიცემა 1 წლით.
  • შესანარჩუნებლად კომპანიას ყოველწლიურად ხელახლა შეაქვს განაცხადი რეესტრში და ადასტურებს კრიტერიუმების განგრძობით შესრულებას.
  • განახლება შესაძლებელია მაქსიმუმ 10 წლამდე, თუ მოთხოვნები მთელი პერიოდის განმავლობაში სრულდება.

 

2) ინოვაციური SME სტატუსი

საგადასახადო შეღავათები

ინოვაციური SME-ის მიერ დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მცირდება R&D ხარჯების სამმაგი ოდენობით. 

კვალიფიკაციის კრიტერიუმები

ინოვაციური SME სტატუსზე განაცხადის შეტანა შეუძლია მხოლოდ იმ კომპანიას, რომელიც:

  • რეგისტრირებულია საქართველოში.
  • SARAS-ის საწარმოთა ზომის კატეგორიების მიხედვით არის III ან IV კატეგორიის კომპანია.
    (I და II კატეგორიის კომპანიებს ინოვაციური SME სტატუსზე განაცხადის უფლება არ აქვთ.)
  • წინა წელს R&D-ზე დახარჯა:

o არანაკლებ 100,000 ლარი, და

o არანაკლებ შემოსავლების 5%.

  • აკმაყოფილებს მინიმუმ ერთ ინოვაციურ დამადასტურებელ ინდიკატორს, როგორიცაა:

o პატენტის ან რეგისტრირებული/დეპონირებული პროგრამული უზრუნველყოფის ფლობა, რომელიც უშუალოდ R&D-ს უკავშირდება;

o R&D მომსახურებების შეძენა აკრედიტებული/სერტიფიცირებული ორგანიზაციებისგან;

o R&D ხარჯების აღრიცხვა დამტკიცებული წესებით.

  • არ აქვს საგადასახადო დავალიანება, არ არის გადახდისუუნარო და არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

საჭირო დოკუმენტები და აუდიტი/ვერიფიკაცია

მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია:

  • ფინანსური ანგარიშგება და SARAS-ის კატეგორიის დადასტურება.
  • R&D ხარჯების დეტალური გაანგარიშება მეთოდოლოგიით.
  • R&D-ს დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კონტრაქტები, პროექტების აღწერა, ტექნიკური მასალები).
  • R&D ხარჯების აუდიტორის მიერ დადასტურება – ეს განაცხადის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია.

სტატუსის შენარჩუნება

  • სტატუსს ვადა არ აქვს წინასწარ განსაზღვრული, თუმცა მოქმედებს მანამ, სანამ მოთხოვნები სრულდება.
  • საჭიროა წლიური შესაბამისობის დადასტურება: ყოველ წელს კომპანია წარადგენს განახლებულ მტკიცებულებებს, რომ:

o კვლავ არის III ან IV კატეგორიის სუბიექტი SARAS-ის მოთხოვნების შესაბამისად;

o R&D ხარჯების ზღვარი შესრულებულია;

o R&D-ის აღრიცხვა და დოკუმენტაცია სრულყოფილია.

  • თუ ზღვარი ვერ შესრულდა ან დოკუმენტაცია სუსტია, სტატუსი შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს.

 

3) R&D კომპანიის (მომსახურების მიმწოდებლის) სტატუსი

საგადასახადო შეღავათები

R&D კომპანიებისთვის მოქმედებს მუდმივად დაბალი განაკვეთები:

  • 5% საშემოსავლო გადასახადი თანამშრომელთა ხელფასებზე
  • 5% მოგების გადასახადი მოგების განაწილებისას

კვალიფიკაციის კრიტერიუმები

სტატუსი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა ძირითადი საქმიანობაა კვლევისა და განვითარების მომსახურებების მიწოდება (მაგ. საინჟინრო R&D, პროგრამული უზრუნველყოფის R&D, გამოყენებითი მეცნიერება, ლაბორატორია/პროტოტიპირება და სხვა). შეფასებისას ყურადღება ექცევა, რომ კომპანიას:

  • რეალურად გააჩნდეს R&D საქმიანობა საქართველოში;
  • ჰყავდეს კვალიფიციური R&D პერსონალი;
  • ჰქონდეს მკაფიო R&D პროექტების დოკუმენტაცია;
  • აწარმოებდეს გამჭვირვალე R&D ხარჯების აღრიცხვას;
  • ჰქონდეს კეთილსინდისიერი საგადასახადო გადამხდელის ისტორია.

საჭირო დოკუმენტები და ვერიფიკაცია

როგორც წესი, საჭიროა:

  • R&D პროექტების/მომსახურებების პორტფელი.
  • პერსონალის კვალიფიკაციები და ინფრასტრუქტურის აღწერა.
  • R&D აღრიცხვის ჩანაწერები და ხარჯთაღრიცხვის მეთოდი.
  • აუდიტორის/ბუღალტრის დასკვნა, რომელიც ადასტურებს R&D-ს დანახარჯს და ამ ხარჯების შესაბამისობას.

სტატუსის შენარჩუნება

  • სტატუსი გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ მოითხოვს წლიურ შესაბამისობის დადასტურებას.
  • ყოველ წელს კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ R&D მომსახურება კვლავ წარმოადგენს ძირითად საქმიანობას.

განაცხადის განხილვის ვადები (რამდენ ხანს გრძელდება პროცესი)

კანონი მკაფიო ვადებს აწესებს პირველ ეტაპზე GITA-ს შემოწმებისთვის:

  1. GITA-ს შემოწმება – 15 სამუშაო დღე
    განაცხადის შეტანიდან GITA-ს აქვს 15 სამუშაო დღე, რათა გადაამოწმოს შესაბამისობა.
  2. თუ დამატებითი ინფორმაცია გახდება საჭირო

o GITA გასცემს მოთხოვნას ხარვეზების გამოსწორებაზე/დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენაზე.

o განმცხადებელს ეძლევა 10 სამუშაო დღე დოკუმენტების დასაზუსტებლად.

o დამატებითი მასალების წარდგენის შემდეგ GITA ხელახლა განიხილავს საქმეს დამატებით 10 სამუშაო დღეში.

  1. მთავრობის საბოლოო დამტკიცება
    GITA-ს დადებითი დასკვნის შემდეგ საქმე იგზავნება ეკონომიკის სამინისტროს გავლით მთავრობისთვის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 

როგორ დაგეხმარებათ ენთები

ინოვაციური სტატუსები რეალურად ამცირებს როგორც ხელფასებზე, ისე მოგების განაწილებაზე გადასახადებს, მაგრამ მიღება და შენარჩუნება დამოკიდებულია ძლიერ დოკუმენტაციასა და აუდიტისთვის მზადყოფნაზე.

ენთები გთავაზობთ:

  • აპლიკაციის პროცესისა და წლიური დადასტურების სრულ მართვას;
  • კვალიფიკაციის წინასწარ შეფასებას და სწორი სტატუსის შერჩევას;
  • R&D ხარჯების სტრუქტურირებას და აღრიცხვის სისტემის მოწყობას;

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?