კომპანიიდან დივიდენდის გატანა – რა უნდა ვიცოდეთ?

5 ივნისი 2020

თუ თქვენ ბრძანდებით ბიზნესის მფლობელი, თქვენთვის აქტუალური საკითხია დივიდენდის გატანა. კერძოდ, თქვენ შესაძლოა გქონდეთ შემდეგი კითხვები: რა გადასახადების გადახდა მომიწევს დივიდენდის გატანისას? როდის არის ყველაზე ხელსაყრელი კომპანიიდან დივიდენდის გატანა? რა განსხვავებაა ინვესტირებული კაპიტალის გატანასა და დივიდენდის გატანას შორის?

ამ სტატიაში მოგაწოდებთ სასარგებლო ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინოთ მანამ სანამ გადაწყვეტთ კომპანიიდან დივიდენდის გატანას.

რა გადასახადების გადახდა მომიწევს დივიდენდის გატანისას? 

საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, დივიდენდის გატანისას კომპანიას უწევს მოგების გადასახადისა და დივიდენდის გადასახადის გადახდა. მოგების გადასახადის განაკვეთია 15%, ხოლო დივიდენდის გადასახადის განაკვეთია 5%. თუ დავუშვათ კომპანიამ გადაწყვიტა 1,000 ლარის მოგების განაწილება დივიდენდის სახით, კომპანიის მფლობელი ხელზე აიღებს 807.5 ლარს (1,000*85%*95%), ხოლო დანარჩენი 192.5 ლარის გადახდა მოუწევს მოგებისა და დივიდენდის გადასახადების სახით.

როდის არის ყველაზე ხელსაყრელი კომპანიიდან დივიდენდის გატანა? 

ხშირად კომპანიის მფლობელები უშვებენ შეცდომას როცა ფიქრობენ რომ კომპანიიდან გაიტანენ დივიდენდს და მერე, თუ კომპანიას დასჭირდა, უკან დააბრუნებენ კაპიტალში ინვესტიციის სახით. ერთი შეხედვით ამ მიდგომით არაფერი უნდა შავდებოდეს, მაგრამ, რეალურად, ასეთ შემთხვევაში კომპანიას უწევს ზემოთ აღნიშნული გადასახადების გადახდა დივიდენდის გატანისას, რაც იმას ნიშნავს რომ თუ კომპანიის მფლობელმა გაიტანა 1,000 ლარი და შესაბამისად მოუწია გადასახადების სახით 192.5 ლარის გადახდა, კომპანიის საჭიროების შემთხვევაში, ის მხოლოდ 807.5 ლარის შემოტანას შეძლებს უკან, რადგან გადახდილი გადასახადი უკან არ დაბრუნდება. შედეგად კომპანიას ნაკლები თანხა ექნება ხელმისაწვდომი სასურველი პროექტის განხორციელებისთვის. აქედან გამომდინარე, დივიდენდის გატანა ხელსაყრელია მხოლოდ მაშინ თუ კომპანიას არ აქვს მოკლევადიანი გეგმები და პროექტები, რომლებიც გატანილი დივიდენდის უკან ინვესტირებას მოითხოვს უახლოეს პერიოდში. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას ნაკლები თანხა ექნება ხელმისაწვდომი მფლობელის მიერ გატანილი დივიდენდის უკან შემოტანისას.

რა განსხვავებაა ინვესტირებული კაპიტალის გატანასა და დივიდენდის გატანას შორის? 

ხშირად კომპანიის მფლობელებს ჰგონიათ რომ კომპანიიდან თანხის გატანისას, მათ ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ მოგებისა და დივიდენდის გადასახადის გადახდა, თუმცა ეს ასე არ არის და დამოკიდებულია იმაზე თუ კონკრეტულად რა გააქვს მფლობელს – ინვესტირებული კაპიტალი თუ დივიდენდი. ამ ორს შორის სხვაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტირებული კაპიტალის გატანისას კომპანიას არ უწევს მოგებისა და დივიდენდის გადასახადების გადახდა. მაგალითად თუ მფლობელმა გადაწყვიტა 1,000 ლარის ინვესტირებული კაპიტალის გატანა, დივიდენდისგან განსხვავებით მას არ მოუწევს 192.5 ლარის გადასახადების სახით გადახდა და 1,000 ლარის სრულად ხელზე აღებას შეძლებს.

იმისათვის, რომ გავიგოთ სხვაობა ინვესტირებულ კაპიტალსა და დივიდენდს შორის, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

დივიდენდი – არის კომპანიის მოგების განაწილება. კერძოდ, მისი საქმიანობის შედეგად, კომპანიამ გამოიმუშავა მოგება. ეს მოგება შესაძლოა აკუმულირდეს წლების განმავლობაში. დივიდენდი წარმოადგენს სწორედ ამ აკუმულირებული მოგების მფლობელებისთვის განაწილებას. მფლობელის მიერ დივიდენდის გატანისას კომპანიას უწევს მოგებისა და დივიდენდის გადასახადების გადახდა.

ინვესტირებული კაპიტალი – არის მფლობელის მიერ კომპანიაში ინვესტირებული კაპიტალი. კერძოდ, ეს არ არის კომპანიის საქმიანობის შედეგად გამომუშავებული და აკუმულირებული მოგება, არამედ კომპანიის მფლობელის მიერ კომპანიაში ჩადებული კაპიტალი, ან მისი დაარსებისას ან დაარსების შემდგომ წარმოქმნილი საჭიროებისას. მფლობელის მიერ ინვესტირებული კაპიტალის გატანისას, კომპანიას არ უწევს არც მოგების გადასახადის და არც დივიდენდის გადასახადის გადახდა.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?