სააღრიცხვო პოლიტიკები

12 აპრილი 2024
სააღრიცხვო პოლიტიკები

კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკები არის ის წესები და მიდგომები, რომელთაც კომპანია იყენებს საკუთარი ბუღალტრული აღრიცხვის საწარმოებლად და ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად.

 

რა საჭიროა სააღრიცხვო პოლიტიკები?

იმ ადამიანებს, რომელთაც შეხება არ ჰქონიათ სააღრიცხვო პოლიტიკებთან, შესაძლოა არ იცოდნენ თუ რა საჭიროა კომპანიისთვის სააღრიცხვო პოლიტიკების შემუშავება და დანერგვა. ხშირად ფიქრობენ, რომ ის მიდგომები და პროცედურები, რომლების მიხედვითაც უნდა აწარმოოს კომპანიამ ბუღალტერია, ისედაც ზოგადად ცნობილია, გაწერილია და შესაბამისად კომპანიას არ სჭირდება საკუთარი სააღრიცხვო პოლიტიკების ცალკე გაწერა, რადგან შეუძლია გამოიყენოს უკვე არსებული წესები. საქმე იმაშია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები, რომლებიც გაწერილია და არსებობს, ხშირად არ არის ერთგვაროვანი და კომპანიებს საშუალებას აძლებს აირჩიოს სხვადასხვა სააღრიცხვო პოლიტიკებს შორის. აუცილებელია, რომ კომპანიამ გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა შესაძლო ვერსიებს შორის და დანერგოს ის მიდგომები და პროცედურები, რომლებიც მისთვის ყველაზე რელევანტურია და უკეთ ასახავს კომპანიის ტრანზაქციების არსს.

მაგალითად, ერთერთი საბაზისო სააღრიცხვო პოლიტიკა უკავშირდება ძირითადი საშუალებების აღრიცხვას. კერძოდ, კომპანიებს აქვთ არჩევანი სამართლიან ღირებულებასა და ისტორიულ ღირებულებას შორის. ორივე მიდგომა ნებადართულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („ფასს“-ის) მიერ. განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

კომპანიამ შეიძინა შენობა, რომელშიც გადაიხადა 2 მილიონი ლარი. შენობის სასარგებლო სასიცოცხლო ვადად განისაზღვრა 50 წელი (ანუ 50 წელი მოხდება ამ შენობის გამოყენება). აღნიშნული ტრანზაქციიდან გავიდა ზუსტად 1 წელი. რა ღირებულებით უნდა ჰქონდეს კომპანიას ეს შენობა აღრიცხული საკუთარ ბალანსზე? პასუხია – გააჩნია. თუ კომპანიას საკუთარ სააღრიცხვო პოლიტიკად არჩეული აქვს ისტორიული ღირებულების მოდელი, მაშინ შენობის ნარჩენი ღირებულება შეძენიდან 1 წლის თავზე იქნება 1,960,000 (მილიონ ცხრაას სამოცი ათასი) ლარი, რომელიც გამოიანგარიშება საწყისი ღირებულებიდან წლიური ცვეთის გამოკლებით (2,000,000 – 2,000,000/50). მაგრამ, თუ კომპანიას საკუთარ სააღრიცხვო პოლიტიკად არჩეული აქვს ძირითადი საშუალებების სამართლიან ღირებულებაზე გადაფასების მოდელი, მაშინ უნდა მოხდეს შეფასება თუ რა არის ამ შენობის საბაზრო ღირებულება 1 წლის თავზე. დავუშვათ, თუ ამ შენობის საბაზრო ღირებულება გაზრდილია 2.5 (ორნახევარ) მილიონ ლარზე, მაშინ კომპანიამ უნდა გადააფასოს ეს შენობადა საკუთარ ბუღალტერიაში და შენობის ღირებულება გაზარდოს სწორედ 2.5 მილიონ ლარამდე.

როგორც ზემოთ აღწერილი მაგალითიდან ჩანს, კომპანიების მიერ საკუთარი სააღრიცხვო პოლიტიკების არჩევანი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ბუღალტრულ ჩანაწერებზე და საბოლოო ჯამში ფინანსურ ანგარიშგებაზე.         

 

როგორ ხდება სააღრიცხვო პოლიტიკების გაწერა?

კომპანიას, რომელსაც სურს, რომ გაწეროს საკუთარი სააღრიცხვო პოლიტიკები, უნდა დაიქირავოს კვალიფიციური ექსპერტი, რომელსაც აქვს ამ სფეროში გამოცდილება. ეს შეიძლება იყოს გამოცდილი ფიზიკური პირი ან კომპანია. ექსპერტი, შეისწავლის კომპანიის არსებულ ანგარიშებს და კომპანიის მენეჯმენტს წარუდგენს არჩევანს სხვადასხვა სააღრიცხვო პოლიტიკებს შორის. მენეჯმენტი, ანალიზის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს არჩევანს. შემდგომ, გაკეთებული არჩევნის საფუძველზე, ექსპერტი გაწერს სააღრიცხვო პოლიტიკებს და აძლევს მას საბოლოო სახეს. როდესაც მოხდება სააღრიცხვო პოლიტიკების გაწერა, კომპანია ვალდებულია, რომ გაწერილი პოლიტიკების საფუძველზე აწარმოოს საკუთარი ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა. თუ თქვენ გადაწყვეტთ სააღრიცხვო პოლიტიკების დანერგვას თქვენ კომპანიაში, „ენთები“ გაგიწევთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კვალიფიციურ მომსახურებას.

თეორიულად, შესაძლებელია, რომ კომპანიამ შეცვალოს არჩეული სააღრიცხვო პოლიტიკა და გადავიდეს ალტერნატიულ მეთოდზე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა მოხდეს ასეთი ცვლილების მიზეზების დასაბუთება და თუ გადაწყდება, აღნიშნული ცვლილების შეტანა უნდა მოხდეს რეტროსპექტიულად, ანუ ისე თითქოს შეცვლილი სააღრიცხვო პოლიტიკები თავიდანვე არსებობდა შეცვლილ მდგომარეობაში. შედეგად, უნდა მოხდეს წინა პერიოდების აღრიცხვის კორექტირებაც.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?