ახალი რეგულაცია კრიპტო სფეროში

2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის“ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულებას. გარდა ამისა, პროვაიდერებს გააჩნიათ გარკვეული ვალდებულებები რეგისტრაციის შემდგომაც.

 

ამ სტატიაში არ განვიხილავთ ტექნიკურ დეტალებს თუ რა არის საჭირო სავალდებულო რეგისტრაციისთვის, არამედ ყურადღებას ახალი რეგულაციის პრაქტიკულ და შინაარსობრივ ასპექტებზე გავამახვილებთ და გავცემთ პასუხს ხშირად დასმულ კითხვებზე.

 

რა იცვლება?

ახალი რეგულაციის ძალაში შესვლამდე, პრაქტიკულად ნებისმიერ კომპანიას შეეძლო განეხორციელებინა კრიპტოსთან დაკავშირებული ტრანზაქციები, როგორებიცაა: კრიპტოს გადაცვლა, გადარიცხვა, შენახვა, ადმინისტრირება, პორტფელის მართვა, პირველადი შეთავაზება და სხვა. 2023 წლის 1 ივლისიდან, კომპანიებს რომლებიც განახორციელებენ აღნიშნულ ტრანზაქციებს დაევალდებულათ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია.

 

მე შემეხება ცლილებები?

თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, რომელიც პირადად ვაჭრობს კრიპტოვალუტებით და ახორციელებს მათ ყიდვა-გაყიდვას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენ ეს რეგულაცია არ გეხებათ. ანალოგიურად, თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, რომელიც მაინერებით მოიპოვებს კრიპტოს, არც თქვენ გეხებათ ეს რეგულაცია.

მარტივად რომ ვთქვათ, ახალი რეგულაცია ეხებათ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სხვა პირებისთვის (კომპანიებისთვის ან ფიზიკური პირებისთვის) სერვისის მიწოდებას. მაგალითად, კრიპტოვალუტების ლარში გადაცვლას, კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმის მიწოდებას, სხვისი კრიპტოვალუტების პორტფელის მართვას, სხვისი კრიპტოვალუტების შენახვას, ადმინისტრირებას და სხვა. ანუ ამოსავალია ის, რომ სხვის სასარგებლოდ აკეთებენ ოპერაციებს.

რომ შევაჯამოთ, თუ თქვენ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვით ან მაინინგით ხართ დაკავებული თქვენი პირადი მოგების მიღების მიზნით, თქვენ არ გეხებათ ახალი რეგულაცია. ხოლო თუ თქვენ სთავაზობთ მომსახურებას მესამე მხარეებს, მაშინ თქვენ ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ ეროვნულ ბანკში.

 

ჩემი კომპანია გადახდას იღებს კრიპტოვალუტაში, რამე მეცვლება?

თუ თქვენ ფლობთ ან მართავთ კომპანიას, რომელიც არ არის კრიპტოვალუტის სერვისების პროვაიდერი, არამედ უბრალოდ იღებს გადახდას კრიპტოვალუტით და ხანდახან ახორციელებს გადახდებს კრიპტოვალუტით, თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება იცვლება თუ არა რამე რაზეც უნდა იცოდეთ?

მაგალითად ავიღოთ კომპანია რომელიც ყიდის ნამცხვრებს და წვენებს და გადახდას იღებს როგორც ლარში, ისე კრიპტოვალუტაში. პირველ რიგში აღნიშნავთ, რომ თქვენი კომპანია არ წარმოადგენს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს (ამის მიზეზები განვიხილეთ ზემოთ). შესაბამისად, თქვენ არ გეხებათ ეროვნულ ბანკთან რეგისტრაციის ვალდებულება. ამიტომ ამ მხრივ არაფერი გეცვლებათ.

ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ თქვენ გეკრძალებათ უშუალოდ კრიპტოში გადახდების მიღება და კრიპტოში გადახდების განხორციელება შუამავლის (პროვაიდერის) გარეშე, რადგან საქართველოში ერთადერთი ნებადართული და სავალდებულო ანგარიშსწორების ვალუტაა ლარი. თქვენ არავინ გიკრძალავთ რომ მოხმარებელს გადახდა შესთავაზოთ კრიპტოვალუტაში, თუმცა ეს უნდა მოხდეს შუამავლის საშუალებით, რომელიც მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხას დააკონვერტირებს და თქვენს ანგარიშზე დასვამს ლარში. საქმე იმაშია, რომ შუამავალი ახდენს კრიპტოს ლარში გადაცვლას და შესაბამისად, როდესაც თქვენ კლიენტის თანხას იღებთ, თქვენ უკვე იღებთ კონვერტირებულ თანხას ლარში. მომხმარებლის მხრიდან რომ შევხედოთ, მან გადაიხადა კრიპტოვალუტა, ამიტომ მისთვის არაფერი იცვლება, თუმცა თქვენ რეალურად მიიღეთ ლარი, რომელიც შუამავალმა დაგიკონვერტირათ (სწორედ ეს შუამავალი დაექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციას). გარდა ამისა, კომპანიებს ეკრძალებათ ხელფასის ან ნებისმიერი სხვა თანხის გადახდა უშუალოდ კრიპტოში (რა თქმა უნდა გამონაკლისია უცხოეთიდან შესყიდვები და უცხოელი თანამშრომლები). მაგალითად, თუ თქვენი კომპანია ფლობს ბიტკოინს და მას ურიცხავს თანამშრომელს ხელფასად, უშუალოდ ბიტკოინების სახით, რომელიც თანამშრომელს აესახება კრიპტოვალუტაში მის ვოლეტზე, ეს ტრანზაქცია წარმოადგენს კანონდარღვევას. კომპანიას მისი ბიტკოინებით (ან სხვა კრიპტოვალუტით) ხელფასის ან სხვა გადახდის განხორციელება შეუძლია მხოლოდ შუამავლის საშუალებით, რომელიც დააკონვერტირებს კომპანიის კრიპტოვალუტას და მიმღებს ჩაურიცხავს ლარებში.

რომ შევაჯამოთ, საქართველოში ანგარიშსწორების ერთადერთი ლეგალური გზა არის ლარი, რაც იმას ნიშნავს რომ მიმღებმა, იქნება ეს თანამშრომელი თუ მომწოდებელი, კომპანიისგან გადარიცხული კრიპტოვალუტა უნდა მიიღოს ექვივალენტ ლარებში, რაც შესაძლებელია შუამავლის გზით, რომელიც კრიპტოვალუტას დააკონვერტირებს და უკვე გალარებულს ჩაურიცხავს მიმღებს.

 

რა უნდა მოვიმოქმედო თუ ჩემი კომპანია აკმაყოფილებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის განმარტებას?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნებისმიერი კომპანია, რომელიც კრიპტო სერვისს გაუწევს მესამე მხარეებს, იქნება ეს კრიპტოვალუტის კონვერტაციის, შენახვის, პორტფელის მართვის თუ სხვა სერვისი, ვალდებულია დარეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი. ამისათვის კომპანია განცხადებას წარუდგენს ეროვნულ ბანკს. რეგისტრაციის კრიტერიუმები და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/document/view/5829496?publication=0

რეგისტრაციის საფასურია 5 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია არ ეხება ე.წ. NFT-ებს, არამედ ვრცელდება კრიპტოვალუტებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალი რეგულაციის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთა, რეგისტრირებულ კომპანიებს აქვთ რიგი ვალდებულებები, რომლებიც მოიცავს კლიენტის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების და ფულის წარმომავლობის შესახებ გარკვეული პროცედურების დაცვას. თუ რას უნდა ფარავდეს სავალდებულო პროცედურები დეტალურადაა აღწერილი ზემოთ მოცემულ ბმულში.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?