მნიშვნელოვანი შეღავათებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებით ბევრი ქართული კომპანია დაინტერესდა. მათ გაუჩნდათ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე პასუხებიც პირდაპირ არ იკითხებოდა მთავრობის დადგენილებიდან. ამ სტატიაში პასუხი გაცემულია სწორედ ამ ბუნდოვან საკითხებზე.
რა არის საერთაშორისო კომპანიის სტატუსი?
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ამ სტატუსის მფლობელ კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს მნიშნელოვანი საგადასახადო შეღავათები. კერძოდ, კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით ნაცვლად 20%-სა. ასევე მოგების გადასახადი განისაზღვრება 5%-ით ნაცვლად 15%-სა. ბუნებრივია ეს მნიშვნელოვანი შეღავათებია და შედეგად მრავალი კომპანიის მფლობელსა და მენეჯერს გაუჩნდა კითხვა – ხომ არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს ჩემი კომპანია?
რომელი კომპანიები შეძლებენ საერთაშორისო სტატუსის აღებას?
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის აღების უფლება აქვთ მხოლოდ გარკვეულ სფეროებში მოღვაწე საწარმოებს. კერძოდ, ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ IT სფეროსა და საზღვაო სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს.
გარდა ამისა, სტატუსის ასაღებად საჭიროა რომ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამის სფეროებში მოღვაწეობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. თუმცა, დადგენილება ასევე საშუალებას იძლევა, რომ სტატუსი მიიღოს იმ კომპანიამაც, რომელსაც ჰყავს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/საწარმოები, რომელთაც აქვთ ამ სფეროში საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
აღსანიშნავია რომ სტატუსის მისაღებად არაა სავალდებულო რომ კომპანიის შემოსავლების 100% იყოს ნებადართული საქმიანობებიდან (IT და საზღვაო სფეროები), თუმცა სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ უნდა აღემატებოდეს ჯამური შემოსავლების 2%-ს კალენდარული წლის განმავლობაში.
ხშირად დასმული კითხვები
ჩვენი კლიენტი კომპანიების მიერ დაისვა რამდენიმე კითხვა მათთვის ბუნდოვან საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის ხშირად მეორდებოდა შემდეგი კითხვები:
მე მაქვს IT კომპანია რომელიც 2 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართულ IT ბაზარზე. ამასთან მისი შემოსავლის 98%-ზე მეტი არის IT საქმიანობიდან. ჩემი მომხმარებლები არიან ძირითადად ადგილობრივი კომპანიები, მეკუთვნის თუ არა ეს სტატუსი?
მოკლე პასუხია – არა.
სამწუხაროდ არაა საკმარისი ის, რომ ნებადართული საქმიანობიდან იყოს შემოსავლის 2%-ზე მეტი. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც თავად მთავრობის დადგენილებაში მითითებული არ იყო, თუმცა ფიგურირებს განცხადების ფორმაში. ანუ როდესაც კომპანია ავსებს განცხადებას აღნიშნული სტატუსის მისაღებად, იქ არის ერთი დამატებითი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღრავს, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად ასევე სავალდებულოა რომ შემოსავლების 98%-ზე მეტი იყოს ექსპორტიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ კომპანიას მიენიჭოს სტატუსი, იგი მომსახურებას უნდა უწევდეს იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საზღვარგარეთ. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი უნდა იყოს არანაკლებ 98%-სა, ხოლო ადგილობრივი შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს.
თუ ჩემს კომპანიას არ აქვს IT სფეროში მოღვაწეობის 2 წლიანი გამოცდილება, მაგრამ მის დამფუძნებელ პარტნიორებს (ფიზიკურ პირებს) აქვთ ეს გამოცდილება, მეკუთვნის თუ არა ეს სტატუსი?
მოკლე პასუხია – არა.
მიზეზი არის ის რომ დადგენილებაში მკაფიოდ არის მითითებული რომ პარტნიორ კომპანიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), და არა პარტნიორ ფიზიკურ პირს, უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.