ჩვენი კლიენტი კომპანიები ხშირად გვისვამენ კითხვებს უკუდაბეგვრის დღგ-სთან დაკავშირებით. ამ სტატიაში მარტივად ავხსნით თუ რას წარმოადგენს უკუდაბეგვრის დღგ და რა შემთხვევაში გიწევთ მისი გადახდა. ასევე განვიხილავთ თუ რა არის საჭირო რომ გაკეთდეს გადასახადების ოპტიმიზაციის მიზნით.
რა არის უკუდაბეგვრის დღგ?
უკუდაბეგვრის დღგ არის გადასახადი, რომლის გადახდაც უწევს კომპანიას თუ იგი უცხოეთიდან შეიძენს მომსახურებას. დღგ-ს განაკვეთია 18%. უკუდაბეგვრის დღგ შეეხება მხოლოდ მომსახურების იმპორტს, და არა საქონლის იმპორტს. უკუდაბეგვრის დღგ-ს დათვლა ხდება შემდეგნაირად: თუ კომპანიამ უცხოეთიდან შეიძინა პირობითად 1,000 ლარის ღირებულების მომსახურება, მაშინ მას მოუწევს, რომ დაადეკლარიროს 180 ლარის დღგ.
ჩვეულებრივ შემთხვევაში, დღგ-ს დადეკლარირება და გადახდა უწევს ხოლმე გამწევს და არა მიმღებს, თუმცა უკუდაბეგვრის შემთხვევაში, მომსახურების მიმღები ადეკლარირებს და იხდის დღგ-ს. ეს ხდება იმიტომ რომ მომსახურების გამწევი მომსახურებას გაწევს უცხოეთიდან, ამიტომ საქართველოს საგადასახადო ორგანოს არ აქვს ბერკეტი რომ მას დაავალდებულოს დღგ-ს გადახდა. სწორედ ამიტომ, უკუდაბეგვრის დღგ-ს ადეკლარირებს მომსახურების მიმღები კომპანია.
იხდის თუ არა კომპანია უკუდაბეგვრის დღგ-ს თუ თავად არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული?
მიუხედავად იმისა არის თუ არა კომპანია თავად რეგისტირებული დღგ-ს გადამხდელად, იგი ვალდებულია უცხოეთიდან შეძენილ მომსახურებაზე დაადეკლარიროს უკუდაბეგვრის დღგ. თუმცა დადეკლარირება არ ნიშნავს აუცილებლად გადასახადის გადახდის ვალდებულების დადგომას. თუ კომპანია დღგ-ს გადამხდელადაა რეგისტრირებული, იგი შეძლებს, რომ ჩაითვალოს დადეკლარირებული დღგ და არ მოუწიოს გადასახადის გადახდა. ამაზე ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.
უკეთ რომ გავიაზროთ თუ რატომ უწევს კომპანიას უცხოეთიდან შეძენილ მომსახურებაზე უკუდაბეგვრის დღგ-ს დადეკლარირება, წარმოვიდგინოთ კომპანია, რომელიც არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული. ამ კომპანიას რომ შეეძინა მომსახურება ადგილობრივი კომპანიისგან, რომელიც არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული, მას მოუწევდა დღგ-ს გადახდა, რადგან მომსახურების გამწევი კომპანია, მას თანხას გადაახდევინებდა დღგ-ს ჩათვლით. შესაბამისად, როდესაც მომსახურების მყიდველი შეიძენს მომსახურებას უცხოეთიდან, რომელზეც არ მოუწია დღგ-ს გადახდა, იგი ვალდებულია დაადეკლარიროს უკუდაბეგვრის დღგ მომსახურების გამწევის ნაცვლად.
რა უნდა გავაკეთოთ გადასახადების ოპტიმიზაციისთვის?
იმისათვის რომ უკუდაბეგვრის დღგ-ს ჭრილში კომპანიას გადასახადები მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ჰქონდეს და ნაკლები გადაიხადოს, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დადგეს თუ არა დღგ-ს გადამხდელად. განვიხილოთ ორი შემთხვევა:
როდესაც კომპანია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული არ არის – უცხოეთიდან მომსახურების შეძენის შემთხვევაში მას უწევს რომ დაადეკლარიროს და გადაიხადოს უკუდაბეგვრის დღგ.
როდესაც კომპანია არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული – უცხოეთიდან მომსახურების შეძენის შემთხვევაში მას უწევს, რომ დაადეკლარიროს უკუდაბეგვრის დღგ, თუმცა რადგან იგი რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად, შეუძლია იმავდროულად ჩაითვალოს დღგ და არ გადაიხადოს აღნიშნული გადასახადი. ასეთ შემთხვევაში კომპანიას მხოლოდ უკუდაბეგვრის დღგ-ს დეკლარაციის ჩაბარება უწევს, თუმცა არ უწევს თანხის გადახდა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ დღგ-ს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, კომპანიას თავიდან არიდებს უკუდაბეგვრის დღგ-ს გადახდას. ეს მომენტი ხშირად იწვევს ხოლმე დაბნეულობას კომპანიის მენეჯერებში. მათი მოლოდინია, რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება ავტომატურად ნიშნავს, რომ კომპანიას მეტი დღგ-ს გადახდა მოუწევს, თუმცა ხანდახან ეს ასე არ არის. საქმე იმაშია, რომ, ჩვეულებრივ, დღგ-ს ჩათვლის და საგადასახადო აქტივად გამოყენების უფლება აქვს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და არ აქვს პირს, რომელიც არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა არის თუ არა პირი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული, მას უწევს უკუდაბეგვრის დღგ-ს დადეკლარირება. აქედან გამომდინარე, კომპანიას უწევს უკუდაბეგვრის დღგ-ს დადეკლარირება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ გადახდა უწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავად არაა დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, იმ უბრალო მიზეზით რომ მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის უფლება.
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდგომ, ბევრ კომპანიას უჩნდება კითხვა, ხომ არ გამოდის, რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება სასურველია მაშინაც კი როცა კანონი მას არ ავალდებულებს რეგისტრაციას? (შეგახსენებთ რომ კომპანიას უწევს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია თუ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 ათას ლარს). ამ კითხვაზე პასუხია – გააჩნია. ამ კითხვის გასაანალიზებლად, საჭიროა შევადაროთ პირის უკუდაბეგვრის დღგ მის ჩვეულებრივ დღგ-ს. თუ პირს ხშირად და დიდი ოდენობით უწევს უცხოეთიდან მომსახურების შეძენა და შედეგად უკუდაბეგვრის დღგ-ს თანხა აღემატება იმ დღგ-ს თანხას, რაც ამ პირს მოუწევდა ადგილობრივ რეალიზაციებზე (დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვაზე) იმ შემთხვევაში თუ დადგებოდა დღგ-ს გადამხდელად, მაშინ რეკომენდირებულია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირება. თუ პირიქით, ადგილობრივ რეალიზაციებზე დღგ-ს თანხა აღემატება უკუდაბეგვრის დღგ-ს თანხას, მაშინ არ არის რეკომენდირებული დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია, რადგან აღნიშნული ნაბიჯი მეტი გადასახადის გადახდამდე მიიყვანს კომპანიას.
ჩვენი კომპანია გაგიწევთ უკუდაბეგვრის დღგ-სთან და სხვა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ბუღალტრულ მომსახურებას. ჩვენი გამოცდილებით, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია კომპანიას აწყობს როცა მისი შემოსავალი არის ძირითადად ექსპორტიდან და ამასთანავე იგი მომსახურებებს ყიდულობს უცხოეთიდან. ამის მიზეზი არის ის რომ ექსპორტიდან შემოსავალი არ იბეგრება დღგ-თი მაშინაც კი როცა კომპანია დარეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად. შესაბამისად, როცა კომპანიის შემოსავალი არის ექსპორტიდან, მას დღგ-ს გადამხდელად დადგომის შემდეგაც კი არ მოუწევს დღგ-ს გადახდა, არამედ პირიქით, ჩაითვლის უცხოეთიდან მიღებული მომსახურებების უკუდაბეგვრის დღგ-ს. პირადი ქონებიდან.