EBITDA არის მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე. ეს მაჩვენებელი არის ბიზნეს სამყაროში პრაქტიკულად ყველაზე პოპულარული მომგებიანობის საზომი. ამ სტატიაში ავხსნით თუ როგორ ითვლება EBITDA და განვიხილავთ მისი პოპულარულობის მთავარ მიზეზებს.
როგორ ითვლება EBITDA?
EBITDA ითვლება შემოსავლებიდან პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გარდა ყველა სხვა ხარჯის გამოკლებით. შემოსავალს აკლდება პირდაპირი ხარჯები, რითაც მიიღება საერთო მოგება, რასაც შემდეგ აკლდება საოპერაციო ხარჯებიც (ადმინისტრაციული და სხვა საოპერაციო ხარჯები), რაც გვაძლევს EBITDA-ს. EBITDA-დან წმინდა მოგების მისაღებად დამატებით საჭიროა საპროცენტო ხარჯის დაკლება, საპროცენტო შემოსავლის დამატება, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების დაკლება და მოგების გადასახადის დაკლება.
რატომ არის EBITDA ასეთი პოპულარული?
სხვა მომგებიანობის მაჩვენებლებთან შედარებით EBITDA-ს პოპულარულობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად, ერთი შეხედვით, წმინდა მოგება, რომელიც მიიღება შემოსავლებიდან ყველა ხარჯის გამოკლებით, უფრო მარტივი და ლოგიკური მაჩვენებელი ჩანს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კომპანიის მფლობელები, მენეჯერები და გარე მომხმარებლები (მათ შორის ბანკებიც) სწორედ EBITDA-ს ამჯობინებენ. ჩვენი კომპანია ყოველდღიურად უწევს ბუღალტრულ მომსახურებას ასობით კლიენტ კომპანიას და ჩვენი გამოცდილებიდან თავი მოვუყარეთ ამ საზომის უპირატესობის ძირითად მიზეზებს.
პირველ რიგში EBITDA ზომავს კომპანიის ძირითადი საქმიანობიდან მომგებიანობას და აცალკევებს მეორად ფაქტორებს, როგორებიცაა სესხის პროცენტი და მოგების გადასახადი. მაგალითად, ავიღოთ ერთი და იმავე სფეროს წარმომადგენელი ა-კომპანია და ბ-კომპანია. ა-კომპანიის მენეჯმენტი ფინანსურად უფრო ეფექტურად მართავს თვითღირებულების ხარჯებს ვიდრე ბ-კომპანიის მენეჯმენტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თითოეულ ლარ შემოსავალზე მეტი საერთო მოგების მარჟა რჩება (უფრო იაფად და ეფექტურად ახერხებს პროდუქტის წარმოებას), მაგრამ, საერთო ჯამში, ა-კომპანიას წმინდა მოგება უფრო ნაკლები აქვს ვიდრე ბ-კომპანიას, რადგან ა-კომპანიის საწყისი ინვესტიცია დაფინანსებულია სესხით, ხოლო ბ-კომპანიისა დაფინანსებულია დამფუძნებლის კაპიტალით, რომელსაც ბუღალტრულად არ ერიცხება პროცენტის ხარჯი. ასეთ შემთხვევაში, მენეჯმენტის ეფექტურობისა და ბიზნესის მომგებიანობის საზომად წმინდა მოგების გამოყენება მცდარ შთაბეჭდილებას შექმნიდა, რადგან გამოყენებულია დაფინანსების განსხვავებული სტრუქტურები.
ასევე აღსანიშნავია, რომ EBITDA წარმოადგენს საოპერაციო ფულადი ნაკადების მიახლოებით გაზომვის მცდელობას. გამომდინარე იქიდან, რომ EBITDA-ში არ გაითვალისწინება ცვეთა და ამორტიზაცია, რომლებიც არაფულადი ხარჯებია, იგი უფრო ახლოს დგას ფულადი ნაკადების მაჩვენებელთან ვიდრე მოგების გაზომვის სხვა მაჩვენებლები (მაგ. EBIT). მართალია EBITDA ვერ იჭერს ფულადი სახსრების ყველა მოძრაობას (მაგ. სამუშაო კაპიტალში ცვლილებებს), მაგრამ ხშირად გამოიყენება როგორც მიახლოებითი საზომი იმ ინდუსტრიებში სადაც ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები განსაკუთრებით დიდია.