თუ ტურისტულ სფერში მოღვაწეობ, უნდა იცოდე.

2021 წლის 1 აგვისტოდან საგადასახადო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომელიც საკმაოდ აქტუალურია ტურიზმის სფეროში მოღვაწე არამეწარმე ფიზიკური პირებისთვის, რადგან შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ შემოსავლებზე. ცვლილება შეეხება იმ არამეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც აქირავებენ ბინას, ან სხვა უძრავ ქონებას, უცხოური ელექტრონული პლატფორმების (მაგ. Booking.com-ის) საშუალებით.

ცვლილებების მიხედვით, უცხოელ დასაბეგრ პირს, მაგალითად Booking.com-ს, წარმოეშობა დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ-თი) დაბეგვრის ვალდებულება. დღგ-ს განაკვეთი საქართველოში 18%-ია.

მაგალითად, თუ ადრე არამეწარმე ფიზიკური პირი, Booking.com-ზე, აქირავებდა ბინას თვეში 1,000 ლარად, აღნიშნული თანხიდან Booking.com იტოვებდა საკომისიოს, დავუშვათ 15%-ს, ანუ 150 ლარს და შესაბამისად ბინის მფლობელი ბინის გაქირავებიდან იღებდა შემოსავალს – 850 ლარის ოდენობით (1,000 – 150). 1 აგვისტოდან, Booking.com-ს უწევს მის საკომისიოზე 18% დღგ-ს გადახდა. ეს ნიშნავს რომ 18% დაითვლება არა 1,000 ლარიდან, არამედ Booking.com-ის წილი 150 ლარი საკომისიოდან. შესაბამისად, ჩვენს მაგალითში გადასახადი გაუტოლდება 27 ლარს (150 x 18%). აღნიშნული გადასახადის გადახდა ეკისრება Booking.com-ს, თუმცა იგი აღნიშნულ გადასახადს დაუმატებს ფიზიკური პირების საკომისიოს და შედეგად არამეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც საკუთარ ბინას გააქირავებს Booking.com-ის საშუალებით, ჩვენს მაგალითში, მოუწევს 150 ლარის ნაცვლად 177 ლარის (150 + 27) დატოვება Booking.com-სთვის. თუ დავუშვებთ, რომ გამქირავებელი ფიზიკური პირი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ გაზარდოს ბინის გასაქირავებელი ფასი, მაშინ მისი შემოსავალი შემცირდება 850 ლარიდან 823 ლარამდე (1,000 – 177).

რომ შევაჯამოთ, Booking.com-ის საკომისიო იზრდება 18%-ით, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ძველ სქემაში Booking.com გაჭრიდათ 15%-ს, ახლა ჩამოგაჭრით 17.7% (15% x 1.18). თუ ძველ სქემაში გაჭრიდათ 20%-ს, ახლა ჩამოგაჭრით 23.6%-ს (20% x 1.18).