საბანკო სესხი და მისი სპეციფიკა

ნებისმიერ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიას შეიძლება დაუდგეს ბანკისგან სესხის აღების საჭიროება. ამ დროს იბადება მრავალი კითხვა. მაგალითად – რა ინფორმაციის წარდგენაა საჭირო ბანკისთვის სესხის დასამტკიცებლად? რა თანხის უზრუნველყოფაა საჭირო სესხის ასაღებად? ლარის სესხის აღება სჯობს თუ დოლარის ან ევროს სესხის აღება? რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ამ სტატიაში მოგაწოდებთ სასარგებლო ინფორმაციას საბანკო სესხებისა და მათი სპეციფიკის შესახებ და პასუხს გავცემთ ზემოთ მოცემულ კითხვებს. 

რა ინფორმაციის წარდგენაა საჭირო ბანკისთვის?

იმისათვის რომ მოხდეს სესხის დამტკიცება ბანკები ხშირად ითხოვენ ხოლმე შემდეგ ინფორმაციას:
• ინფორმაციას კომპანიის შემოსავლების შესახებ, რომელსაც აწვდის კომპანიის ბუღალტერი და რომელიც ხშირად დასტურდება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან (www.RS.ge);
• ინფორმაციას კომპანიის ხარჯების შესახებ, რომელსაც აწვდის კომპანიის ბუღალტერი;
• საბანკო ამონაწერს, რომელიც ასახავს კომპანიის საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად მოძრაობას, როგორც მინიმუმ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში;
• კომპანიის საბალანსო ანგარიშგებას, სადაც ჩანს აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ნაშთები; და
• სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს ბანკს კომპანიის გადახდისუნარიანობის შეფასებისას.

რა უზრუნველყოფაა საჭირო სესხის ასაღებად?

იმისათვის რომ ბანკმა დაგიმტკიცოთ სესხი, მას, როგორც წესი, ესაჭიროება უზრუნველყოფა. უზრუნველყოფა არის იქ ქონება, რომლის ჩადებაც გიწევთ ბანკის სესხის დაფარვის საგარანტიოდ. დავუშვათ გადაწყვიტეთ საბანკო სესხის აღება და ამ სესხით, თქვენი კომპანიისთვის, საოფისე ფართის შეძენა. ამ შემთხვევაში ბანკი, როგორც წესი, მოითხოვს ამავე ოფისის სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებას. ალტერნატიული გზაა სესხის უზრუნველსაყოფად კომპანიის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების ჩადება. სესხის არ დაფარვის შემთხვევაში, ბანკს უფლება ექნება დაისაკუთროს აღნიშნული ქონება და მოახდინოს მისი რეალიზაცია სესხის დასაფარად.
იმ ქონების ღირებულება, რომელიც სესხის უზრუნველსაყოფად გამოიყენება, როგორც წესი, უნდა აღემატებოდეს სესხის თანხას. დავუშვათ, თუ ქონების ღირებულებაა 100,000 ლარი, ბანკმა შესაძლოა მოახდინოს, მაგალითად, მხოლოდ 80,000 ლარის სესხის გაცემა. ეს იმიტომ ხდება რომ სესხის არ დაფარვის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ქონების რეალიზაცია, რასაც დიდი დრო სჭირდება. იმისათვის რათა დაჩქარდეს ქონების რეალიზაცია, უნდა მოხდეს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ფასდაკლება ე.წ. „სალიკვიდაციო“ ფასამდე. მეორე მიზეზი თუ რატომაა მეტი უზრუნველყოფა საჭირო არის ბანკის მიერ გარკვეული რისკების, მაგალითად ქონების გაუფასურების რისკის, დაზღვევა.

ლარის სესხის აღება სჯობს თუ დოლარის ან ევროს სესხის აღება?

როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ამ კითხვაზე პასუხი არის „გააჩნია“. ლარის სესხის აღებასაც და უცხოური ვალუტის სესხის აღებასაც აქვს თავისი უპირატესობები და მინუსები რომლებიც განხილულია ქვემოთ:
უცხოური ვალუტის (დოლარი/ევრო) სესხის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ, როგორც წესი, უცხოური ვალუტის სესხზე საპროცენტო განაკვეთი ნაკლებია ვიდრე ლარის სესხზე. მაგალითად დოლარში დენომინირებული სესხის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს 8%, მაშინ როცა ლარის სესხის საპროცენტო განაკვეთი იყოს 16%. ამის მიზეზი, ხშირად, არის ის, რომ დოლარისა და ევროს ვალუტები უფრო სტაბილურია ხოლო ლარის ვალუტა ნაკლებად სტაბილურია, რაც ბუნებრივია და გამოწვეულია იმით რომ საქართველო ეკონომიკურად ნაკლებად ძლიერია ვიდრე აშშ და ევროკავშირი.
მეორეს მხრივ, უცხოური ვალუტის სესხის მთავარი მინუსი არის ის რომ სესხის ამღები საკუთარ თავზე იღებს სავალუტო რისკს, თუ, რა თქმა უნდა, მისი შემოსავლებიც უცხოურ ვალუტაში არ არის. მაგალითად, თუ კომპანიამ აიღო 100,000 დოლარის სესხი როცა დოლარი-ლარის გაცვლითი კურსი იყო სამი ერთთან (3/1) და რამდენიმე თვეში გაცვლითი კურსი გახდა სამ-ნახევარი ერთთან (3.5/1) მაშინ ლარში, სესხის რაოდენობა გაიზრდება 50,000 ლარით რადგან 100,000 დოლარი უკვე არის არა 300,000 ლარი, როგორც სესხის აღების მომენტში იყო, არამედ 350,000 ლარი.

რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი ბანკი ვალდებულია, სესხის გაცემამდე, მსესხებელს გააცნოს ინფორმაცია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი, უფრო მეტია ვიდრე ნომინალური საპროცენტო განაკვეთი. მაგალითად, თუ კომპანიას ბანკმა დაუმტკიცა 1,000 ლარის სესხი, 10%-იანი წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთით და 2%-იანი გაცემის საკომისიოთი, რეალურად კომპანია სესხის სახით მიიღებს არა დამტკიცებულ 1,000 ლარს, არამედ დამტკიცებულ 1,000 ლარს მინუს გაცემის საკომისიო 2% ანუ მინუს 20 ლარი. შესაბამისად კომპანია მიიღებს 980 ლარს. სწორედ ამ 980 ლარზე ხდება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება, რაც იმას იწვევს რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდის უფრო მეტი ვიდრე ნომინალური საპროცენტო განაკვეთი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სესხის გაცემის საკომისიო ზრდის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. გარდა ამისა, ბანკს ზოგჯერ აქვს ხოლმე სხვადასხვა საკომისიოები, რომლებიც ასევე იწვევენ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაზრდას, მაგალითად 10.5%-მდე ან 11%-მდე.