თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) – რა უნდა ვიცოდეთ?

25 მაისი 2022

ჩვენი კლიენტი კომპანიები ხშირად ინტერესდებიან თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით, ანუ თიზებით. ამ სტატიაში განხილულია თუ კონკრეტულად რას წარმოადგენს თიზი და რა საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული. ასევე სტატიის ბოლოს პასუხი გაცემულია ხშირად დასმულ კითხვებზე.

 

რა არის თიზი?

თიზი არ არის წარმოსახვითი ზონა, არამედ წარმოადგენს კონკრეტულ სივრცეებს საქართველოს ტერიტორიაზე. ამჟამად არსებობს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. აქედან ერთი არის თბილისში, ერთი არის ფოთში და ორიც ქუთაისში. თიზის შექმნა შეიძლება საქართველოს პრაქტიკულად ყველა ტერიტორიაზე (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა), თუ ამ ტერიტორიის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს. თიზის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. გამომდინარე იქიდან რომ თიზი არის ფიზიკური ტერიტორია, მას აქვს საბაჟო გამშვები პუნქტიც, რომლიდანაც ხდება შეშვება და გაშვება. თიზის ტერიტორიაზე თანხის გადახდა ნებადართულია ნებისმიერი ვალუტით, მათ შორის დოლარითაც და ევროთიც.

რა არის თიზების მიზანი?

თიზების მიზანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საქართველოს ეკონომიკური წინსვლის წახალისება და ტექნოლოგიური პროგრესი. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ვრცელდება მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები.

თიზების საგადასახადო შეღავათები

თიზის ზონაში ვრცელდება შემდეგი მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები:

მოგების გადასახადი – არის 0% ნაცვლად სტანდარტული 15%-სა

დღგ თიზში განხორციელებულ ოპერაციებსა და უცხოური საქონლის შეტანაზე – არის 0% ნაცვლად სტანდარტული 18%-სა

ქონების გადასახადი თიზის ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე – არის 0% ნაცვლად სტანდარტული 1%-მდე გადასახადისა

იმპორტის გადასახადი – არის 0% ნაცვლად 5% ან 12%-სა

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენი კლიენტი კომპანიებისგან ხშირად ისმის შემდეგი კითხვები თიზებთან დაკავშირებით:

 

რა პრაქტიკული დაბრკოლებები არსებობს თიზებისთვის?

თიზ-ის მიერ საქართველოსთვის პროდუქციის მიწოდება და ასევე საქართველოდან თიზ-სთვის პროდუქციის მიწოდება იბეგრება 4%-ით. ეს გადასახადი დადგენილია იმის გამო რომ წაახალისოს თიზ-დან საქართველოს გარეთ ექსპორტი და შედეგად მეტად დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკას, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნული გადასახადი საქმიანობას უძვირებს თიზ-ში მოქმედ კომპანიებს და ხშირად არასასიამოვნო სიურპრიზს წარმოადგენს ხოლმე დაინტერესებული პირებისთვის.

გარდა ამისა, ინვესტორები, რომლებიც განიხილავენ თიზში ოპერირებას, ხშირად აწყდებიან დაბრკოლებას ქართული ბანკების მხრიდან ანგარიშის გახსნისას.

 

რეკომენდირებულია თუ არა თიზში ფუნქციონირება და თუ არსებობს უკეთესი ალტერნატივები?

მოკლე პასუხია – გააჩნია. თუ თქვენი საქმიანობის სფერო არის წარმოება და საქართველოს გარეთ ექსპორტი, მაშინ შესაძლოა თიზის საშუალებით მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მიიღოთ. თუმცა, თუ თქვენი საქმიანობის სფეროა მომსახურების გაწევა ან საქონლის ყიდვა და არსებულ მდგომარეობაში (გადამუშავების გარეშე) გადაყიდვა, ასეთ შემთხვევაში არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, რაც, მათ შორის, გამოიხატება საგადასახადო შეღავათების მიღების პრაქტიკულ სირთულეში და ხშირ შემთხვევაში შეღავათების არ არსებობაში.

აღსანიშნავია რომ თუ თქვენი საქმიანობის სფეროა აიტი მომსახურება, თქვენთვის შესაძლოა საგადასახადო შეღავათების კუთხით მიმზიდველი აღმოჩნდეს “საერთაშორისო კომპანიის” ან “ვირტუალური ზონის კომპანიის” სტატუსები, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაციაც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგში.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?