ხშირად გვეკითხებიან ხოლმე – რატომ უნდა ვაკეთო ბიუჯეტირება? ბიუჯეტი ხომ მხოლოდ დიდ კომპანიებს სჭირდებათ, პატარა კომპანიას ხომ ისედაც მცირე რაოდენობის ოპერაციები აქვს და ყველაფერი ისედაც ჩანს?
რატომ უნდა აწარმოოს კომპანიამ ბიუჯეტი?
უმრავლესობამ იცის რომ კომპანიის ბიუჯეტი არის მისი მომავალი პერიოდის ფინანსური გეგმა, თუმცა ბიუჯეტის წარმოების სარგებელი კომპანიისთვის გაცილებით მეტია ვიდრე მომავლის პროგნოზი. საკუთარი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ ბიუჯეტის წარმოების სამ უმნიშვნელოვანეს უპირატესობას.
ბიუჯეტირება კომპანიის მენეჯმენტს ეხმარება საკუთარი აზრების დალაგებაში და მკაფიოდ ჩამოყალიბებაში
კომპანიის მმართველს (მენეჯერს) ყოველდღიურ საქმიანობაში უამრავი იდეა მოსდის თუ რა შეიძლება გააკეთოს მომავალში, როგორ შეიძლება დახვეწოს კომპანიის პროდუქტი/მომსახურება და გაზარდოს მომგებიანობა. მაგალითად, მენეჯერს შესაძლოა აზრად მოუვიდეს ხარისხის კონტროლის მიმართულების დამატება პროდუქტის ან სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ან აზრად მოუვიდეს ციფრული მარკეტინგის გაკეთება გაყიდვების სტიმულირების მიზნით. ბიუჯეტირება არის ინსტრუმენტი რომ ამ იდეებმა მიიღოს კონკრეტული გეგმის სახე. კერძოდ, ბიუჯეტირებისას მენეჯერი გეგმავს მომავალ შემოსავლებს და ხარჯებს. ხარჯების დეტალური დაგეგმვა მენეჯერს აიძულებს რომ საკუთარი უამრავი იდეებიდან ერთი ან რამდენიმე იდეა კონკრეტული გეგმაში თარგმნოს და ჩადოს ბიუჯეტში. მაგალითად მენეჯერს ბიუჯეტირებისას შეუძლია გამოყოს თანხა ციფრული მარკეტინგისთვის და ხარჯის სახით დაგეგმოს. მენეჯერს ასევე შეუძლია ხარისხის კონტროლის მიმართულების გახსნისთვის საჭირო ხელფასები და სხვა ხარჯები განსაზღვროს და გაითვალისწინოს ხარჯების პროგნოზირებისას. ბიუჯეტი მენეჯერს აჩვენებს იქნება თუ არა პროგნოზირებული შემოსავლები საკმარისი მისი ყველა იდეის განსახორციელებლად. თუ აღმოჩნდა რომ პროგნოზირებული შემოსავლები მომავალ პერიოდში არ არის საკმარისი ყველა იდეის განსახორციელებლად, ან მათი განხორციელების შემთხვევაში არ გამოდის საკმარისი მიზნობრივი მოგება, მაშინ მენეჯერი იძულებული იქნება დააპრიორიტეტოს იდეები და ჯერ მხოლოდ ის იდეები განახორციელოს რომელთაც უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
შედეგად შეიძლება ითქვას რომ ბიუჯეტირება მენეჯერს ეხმარება დაალაგოს საკუთარი იდეები, გადათარგმნოს იდეები კონკრეტულ ხარჯებში და დაგეგმოს იდეების პრიორიტეტული თანმიმდევრობა და განხორციელების ვადები.
ბიუჯეტირება უბიძგებს კომპანიის მენეჯმენტს მოქმედებისკენ
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კომპანიის მენეჯერს შესაძლოა მუშაობის პროცესში მოდიოდეს იდეები კომპანიის მომავალ განვითარებასთან და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. თუმცა ხშირად ეს იდეები იდეებად რჩება და არ გარდაიქმნება რეალობაში. ცნობილი ფაქტია რომ კონკრეტული იდეის ბიუჯეტში ასახვა და რიცხვებში თარგმნა საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ამ კონკრეტული იდეის განხორციელებას, რაც თავისხმრივ ხელს უწყობს კომპანიის განვითარებას და წინსვლას.
გარდა ამისა, ბიუჯეტირება მენეჯერს ეხმარება მომავალი შესაძლო სირთულეების წინასწარ პროგნოზირებასა და თადარიგის დაჭერაში.
ბიუჯეტირება ხელს უწყობს არსებული რეალობის უკეთ აღქმას
ბიუჯეტირებისას, მომავლის დასაგეგმად, მენეჯმენტი იძულებულია რომ ჩაუღრმავდეს კომპანიის სპეციფიურ ნიუანსებს და ეს ნიუანსები თარგმნოს რიცხვებში. ამ პროცესში მენეჯმენტი უკეთ იაზრებს არსებულ რესურსებს, წარსულ გამოცდილებას და რაც მთავარია იაზრებს იმ ძირითად ფაქტორებს (ე.წ. დრაივერებს) რომლებიც განაპირობებენ კომპანიის ფინანსურ შედეგებს. ამ პროცესში მენეჯმენტს უჩნდება კომპანიის არსებული რეალობის უფრო მკაფიო აღქმა, რაც მომავალში მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
შეჯამება
ბიუჯეტირება არ არის თეორიული ან ნომინალური მნიშვნელობის მქონე პროცესი, არამედ როგორც დიდი ისე პატარა კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებელი მოაქვს და ხელს უწყობს მათ განვითარებას. ბიუჯეტირება ხელს უწყობს აზრების დალაგებას, არსებული რეალობის უკეთ გააზრებას და მოქმედებაზე გასასვლას.