რა არის IFRS აღიცხვა და რითი განსხვავდება იგი ფულის მოძრაობისგან?

„ფასს“ იგივე “IFRS” აღრიცხვა წარმოადგენს ბუღალტერიის წარმოებას ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

რა სხვაობაა IFRS-სა და საკასო მეთოდით (ფულის გასვლა-შემოსვლა საბანკო ანგარიშზე) აღრიცხვას შორის?

იმისთვის რომ სხვაობა უკეთ დავინახოთ, განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ ავეჯის მწარმოებელი კომპანია ყველა ტრანზაქციას მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით ახორციელებს. ანუ მას არ აქვს ქეშად განხორციელებული ტრანზაქციები და ყველა ტრანზაქციას საბანკო ანგარიშის საშუალებით ახორციელებს. იანვრის ბოლოს ამ კომპანიის მენეჯერი შედის ინტერნეტ ბანკში და ხედავს რომ იანვრის განმავლობაში, კლიენტების მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა არის 100,000 ლარი. ხოლო კომპანიის მიერ მასალების მომწოდებლებისთვის გადარიცხული თანხა არის 70,000 ლარი. გარდა ამისა, კომპანიის მიერ ხელფასების სახით გადარიცხული თანხა არის 10,000 ლარი. შედეგად კომპანიის მენეჯერი ასკვნის რომ იანვრის განმავლობაში მისმა მოგებამ შეადგინა 20,000 ლარი. ეს დასკვნა, რომელიც ემყარება საბანკო ანგარიშის მოძრაობას, არასწორია და არ შეესაბამება IFRS აღრიცხვას შემდეგი სამი მიზეზის გამო:

1. გარდა რეგულარული შეკვეთებისა, იანვარში კომპანიამ კლიენტი ფირმებისგან მიიღო შეკვეთები მომავალი ორი თვის განმავლობაში ავეჯის დამზადებასა და კლიენტი ფირმების ოფისებში მიტანაზე. ამ შეკვეთის შესასრულებლად კომპანიამ ავანსის სახით მოითხოვა 40,000 ლარი, რომელიც მას კლიენტმა ფირმებმა იანვარში ჩაურიცხეს ანგარიშზე. შესაბამისად, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 100,000 ლარიდან 40,000 ლარი წარმოადგენს ავანსის სახით ჩარიცხულ თანხებს. შედეგად გამოდის რომ კომპანიის რეალური შემოსავალი იანვარის თვეში წარმოადგენდა არა 100,000 ლარს არამედ 60,000 ლარს (ჩარიცხული ავანსი, 40,000 ლარი, IFRS-ით მომდევნო ორი თვის შემოსავალია).

2. იმისათვის რომ კომპანიას ზემოთ ნახსენები შეკვეთა შეესრულებინა მომავალი ორი თვის განმავლობაში, მან მომწოდებელს შეუკვეთა 18,000 ლარის ხის მასალები, რომლებიც მომწოდებელმა მომავალი ხუთი კვირის განმავლობაში უნდა მიაწოდოს. შედეგად მომწოდებლებთან გადარიცხული 70,000 ლარიდან, 18,000 ლარი წარმოადგენდა მომავალში მისაღები მასალების შესაძენად წინასწარ გადახდილ თანხას. შედეგად გამოდის რომ კომპანიის რეალური მასალების ხარჯი იანვარის თვეში წარმოადგენდა არა 70,000 ლარს არამედ 52,000 ლარს (გადარიცხული ავანსი, 18,000 ლარი, შემდეგი
თვეების ხარჯია.)

3. კომპანიის მიერ ხელფასის სახით გადარიცხული 10,000 ლარიდან, 1,500 ლარი წარმოადგენდა ერთერთი თანამშრომშრომლისთვის შემდეგი თვის ხელფასის ავანსს. ამ თანამშრომელმა კომპანიის მენეჯერს სთხოვა რომ პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიას გამონაკლისის სახით, მისი მომავალი თვის ხელფასი წინსწრებით ჩაერიცხა. შედეგად გამოდის რომ კომპანიის რეალური სახელფასო ხარჯი იანვარის თვეში წარმოადგენდა არა 10,000 ლარს არამედ 8,500 ლარს (ხელფასის ავანსი 1,500 ლარი, შემდეგი თვის ხარჯია.)

შეჯამება

ჯამში გამოდის რომ IFRS აღრიცხვის შესაბამისად, იანვრის თვეში კომპანიას ჰქონდა ზარალი 500 ლარი (60,000 შემოსავალს მინუს 52,000 მასალების ხარჯი და მინუს 8,500 სახელფასო ხარჯი) და არა მოგება 20,000 ლარი. საბანკო ანგარიშის მოძრაობისგან განსხვავებით IFRS-მა კომპანიას დაანახა მისი რეალური ფინანსური შედეგი.

რატომ უნდა ვაკეთოთ ბიუჯეტირება?

ხშირად გვეკითხებიან ხოლმე – რატომ უნდა ვაკეთო ბიუჯეტირება? ბიუჯეტი ხომ მხოლოდ დიდ კომპანიებს სჭირდებათ, პატარა კომპანიას ხომ ისედაც მცირე რაოდენობის ოპერაციები აქვს და ყველაფერი ისედაც ჩანს?

რატომ უნდა აწარმოოს კომპანიამ ბიუჯეტი?

უმრავლესობამ იცის რომ კომპანიის ბიუჯეტი არის მისი მომავალი პერიოდის ფინანსური გეგმა, თუმცა ბიუჯეტის წარმოების სარგებელი კომპანიისთვის გაცილებით მეტია ვიდრე მომავლის პროგნოზი. საკუთარი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ ბიუჯეტის წარმოების სამ უმნიშვნელოვანეს უპირატესობას.

ბიუჯეტირება კომპანიის მენეჯმენტს ეხმარება საკუთარი აზრების დალაგებაში და მკაფიოდ ჩამოყალიბებაში

კომპანიის მმართველს (მენეჯერს) ყოველდღიურ საქმიანობაში უამრავი იდეა მოსდის თუ რა შეიძლება გააკეთოს მომავალში, როგორ შეიძლება დახვეწოს კომპანიის პროდუქტი/მომსახურება და გაზარდოს მომგებიანობა. მაგალითად, მენეჯერს შესაძლოა აზრად მოუვიდეს ხარისხის კონტროლის მიმართულების დამატება პროდუქტის ან სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ან აზრად მოუვიდეს ციფრული მარკეტინგის გაკეთება გაყიდვების სტიმულირების მიზნით. ბიუჯეტირება არის ინსტრუმენტი რომ ამ იდეებმა მიიღოს კონკრეტული გეგმის სახე. კერძოდ, ბიუჯეტირებისას მენეჯერი გეგმავს მომავალ შემოსავლებს და ხარჯებს. ხარჯების დეტალური დაგეგმვა მენეჯერს აიძულებს რომ საკუთარი უამრავი იდეებიდან ერთი ან რამდენიმე იდეა კონკრეტული გეგმაში თარგმნოს და ჩადოს ბიუჯეტში. მაგალითად მენეჯერს ბიუჯეტირებისას შეუძლია გამოყოს თანხა ციფრული მარკეტინგისთვის და ხარჯის სახით დაგეგმოს. მენეჯერს ასევე შეუძლია ხარისხის კონტროლის მიმართულების გახსნისთვის საჭირო ხელფასები და სხვა ხარჯები განსაზღვროს და გაითვალისწინოს ხარჯების პროგნოზირებისას. ბიუჯეტი მენეჯერს აჩვენებს იქნება თუ არა პროგნოზირებული შემოსავლები საკმარისი მისი ყველა იდეის განსახორციელებლად. თუ აღმოჩნდა რომ პროგნოზირებული შემოსავლები მომავალ პერიოდში არ არის საკმარისი ყველა იდეის განსახორციელებლად, ან მათი განხორციელების შემთხვევაში არ გამოდის საკმარისი მიზნობრივი მოგება, მაშინ მენეჯერი იძულებული იქნება დააპრიორიტეტოს იდეები და ჯერ მხოლოდ ის იდეები განახორციელოს რომელთაც უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
შედეგად შეიძლება ითქვას რომ ბიუჯეტირება მენეჯერს ეხმარება დაალაგოს საკუთარი იდეები, გადათარგმნოს იდეები კონკრეტულ ხარჯებში და დაგეგმოს იდეების პრიორიტეტული თანმიმდევრობა და განხორციელების ვადები.

ბიუჯეტირება უბიძგებს კომპანიის მენეჯმენტს მოქმედებისკენ

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კომპანიის მენეჯერს შესაძლოა მუშაობის პროცესში მოდიოდეს იდეები კომპანიის მომავალ განვითარებასთან და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. თუმცა ხშირად ეს იდეები იდეებად რჩება და არ გარდაიქმნება რეალობაში. ცნობილი ფაქტია რომ კონკრეტული იდეის ბიუჯეტში ასახვა და რიცხვებში თარგმნა საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ამ კონკრეტული იდეის განხორციელებას, რაც თავისხმრივ ხელს უწყობს კომპანიის განვითარებას და წინსვლას.
გარდა ამისა, ბიუჯეტირება მენეჯერს ეხმარება მომავალი შესაძლო სირთულეების წინასწარ პროგნოზირებასა და თადარიგის დაჭერაში.

ბიუჯეტირება ხელს უწყობს არსებული რეალობის უკეთ აღქმას

ბიუჯეტირებისას, მომავლის დასაგეგმად, მენეჯმენტი იძულებულია რომ ჩაუღრმავდეს კომპანიის სპეციფიურ ნიუანსებს და ეს ნიუანსები თარგმნოს რიცხვებში. ამ პროცესში მენეჯმენტი უკეთ იაზრებს არსებულ რესურსებს, წარსულ გამოცდილებას და რაც მთავარია იაზრებს იმ ძირითად ფაქტორებს (ე.წ. დრაივერებს) რომლებიც განაპირობებენ კომპანიის ფინანსურ შედეგებს. ამ პროცესში მენეჯმენტს უჩნდება კომპანიის არსებული რეალობის უფრო მკაფიო აღქმა, რაც მომავალში მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

შეჯამება

ბიუჯეტირება არ არის თეორიული ან ნომინალური მნიშვნელობის მქონე პროცესი, არამედ როგორც დიდი ისე პატარა კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებელი მოაქვს და ხელს უწყობს მათ განვითარებას. ბიუჯეტირება ხელს უწყობს აზრების დალაგებას, არსებული რეალობის უკეთ გააზრებას და მოქმედებაზე გასასვლას.

სავალდებულო ყოველწლიური ანგარიშგება

რა შეიცვალა?

2018 წელს ფინანსურ სფეროში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელმაც ძირეულად შეცვალა სახელმწიფოს მიდგომა. კერძოდ, თუ აქამდე კომპანიებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საკუთარი ფინანსური მონაცემების გასაჯაროების ვალდებულება არ გააჩნდათ, 2018 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდა ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება.

კერძოდ, კომპანიები დაიყო ოთხ კატეგორიად:

პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს 2017 წლის ანგარიშგების ჩაბარების ბოლო ვადა განესაზღვრათ არაუგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა.

მესამე კატეგორიის საწარმოებს 2018 წლის ანგარიშგების ჩაბარების ბოლო ვადა განესაზღვრათ არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბრისა.

მეოთხე კატეგორიის საწარმოებს 2020 წლის ანგარიშგების ჩაბარების ბოლო ვადა განესაზღვრათ არაუგვიანეს 2021 წლის 1 ოქტომბრისა.

რა კატეგორიაში ხვდება ჩემი კომპანია?

საწარმოთა კატეგორიებად დაყოფა მოხდა მათი ზომების მიხედვით. ზომა დამოკიდებულია სამ კრიტერიუმზე: 1) აქტივები; 2) შემოსავალი; და 3) თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა წლის განმავლობაში. კონკრეტულ კატეგორიაში მოსახვედრად კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს ამ სამი კრიტერიუმიდან მინიმუმ ორ კრიტერიუმს. ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის კატეგორიის დადგენაში:

უწევს თუ არა ჩემს კომპანიას აუდიტი?

ახალი რეგულაციის თანახმად, აუდიტი უწევს მხოლოდ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს გარდა იმისა რომ უწევთ ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროება, გამოქვეყნებამდე უწევთ ამ ინფორმაციის სავალდებულო აუდიტი. რაც შეეხება მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს, მათ არ უწევთ სავალდებულო აუდიტი, რაც იმას ნიშნავს რომ მათ მხოლოდ ევალებათ ფინანსური ინფორმაციის მომზადება და გასაჯაროება, თუმცა არ ევალებათ ამ ინფორმაციის აუდიტი მის გასაჯაროებამდე.

რა მოხდება თუ ჩემმა კომპანიამ არ ჩააბარა სავალდებულო ანგარიშგება?

ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს კომპანიის დაჯარიმებას. წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან პასუხისმგებლობის დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას  ორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?