მცირე ბიზნესის სტატუსის საგადასახადო შეღავათები

11 ივლისი 2022
მცირე ბიზნესის სტატუსის საგადასახადო შეღავათები

მცირე ბიზნესის სტატუსი მნიშნელოვან საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ბუნებრივია ამ სტატუსით მეწარმეების დაინტერესება. ამ სტატიაში დეტალურად განხილულია თუ რა საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული მცირე ბიზნესის სტატუსი, ვის შეუძლია ამ სტატუსის მიღება, რა შემთხვევაში იკარგება სტატუსი და რა არის ამ სტატუსის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.

 

რა საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული მცირე ბიზნესის სტატუსი?

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სტანდარტული 20% საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად იხდის მხოლოდ 1%-ს. გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ საპენსიო სქემაში გაწევრიანება არის ნებაყოფლობითი, რაც იმას ნიშნავს რომ თუ მეწარმემ აირჩია რომ არ გაწევრიანდეს საპენსიო სქემაში, მას არ მოუწევს 2+2% საპენსიო ანარიცხების გადახდა.

შევადაროთ მცირე ბიზნესის სტატუსის მფლობელის საგადასახადო შეღავათები თანამშრომლის დაბეგვრას. მაგალითად, თუ კომპანია თანამშრომელს უხდის ხელფასს ხელზე ასაღებ 1,000 ლარს, ეს ნიშნავს რომ კომპანიის ჯამური სახელფასო ხარჯი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით, შეადგენს 1,301 ლარსა და 2 თეთრს (1,000/0.8/0.98*1.02). ახლა განვიხილოთ რა მოხდება თუ კომპანიის თანამშრომლის ასანაზღაურებლად გამოყოფილი ჯამური გამოყოფილი ბიუჯეტი, 1,301 ლარი და 2 თეთრი, ჩაერიცხება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს, რომელიც არ არის საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანებული. ასეთ შემთხვევაში მცირე მეწარმე გადასახადის სახით გადაიხდის მხოლოდ 13 ლარს და 1 თეთრს (1,301.02*1%) და შესაბამისად ხელზე დარჩება 1,288 ლარი და 1 თეთრი (1,301.02*99%). ანუ ჯამურად, იმავე ბიუჯეტში, მცირე მეწარმის ხელზე ასაღები თანხა აღემატება თანამშრომლის ხელზე ასაღებ თანხას 288 ლარით და 1 თეთრით (1,288.01 – 1,000).

 

ვის შეუძლია მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი?

ხშირად მეწარმეებს ჰგონიათ რომ ინდმეწარმედ რეგისტრაცია საკმარისია საგადასახადო შეღავათების მისაღებად. თუმცა, რეალურად, ინდმეწარმეს დამატებით დასჭირდება შემოსავლების სამსახურისგან მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებაც.

ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ამ სტატუსთან დაკავშირებულ ყველა ბუღალტრულ მომსახურებას.

ამ სტატუსის მიღება ინდმეწარმეს შეუძლია თუ იგი არ ახორციელებს ე.წ. „აკრძალულ საქმიანობებს“, ანუ საქმიანობებს რომელთა შემთხვევაშიც ეს სტატუსი არაა ხელმისაწვდომი. ასეთი საქმიანობებია მაგალითად სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, სანოტარო, საკონსულტაციო, აუდიტორული და სხვა. სრული სია ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონულ გვერდზე.

გარდა ამისა, მცირე ბიზნესის სტატუსის მიღება შესაძლებელია თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს 500,000 ლარს. თუ ამ შემოსავალმა ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 500,000 ლარს, ინდმეწარმე დაკარგავს „მცირე ბიზნესი“-ს სტატუსს. თუ გარკვეულ წლებში, მაგრამ არა ზედიზედ, პირის შემოსავალმა გადააჭარბა 500,000 ლარს, მაშინ იგი დაიბეგრება 3%-ით ნაცვლად 1%-სა. კერძოდ, პირი 3%-ით დაიბეგრება გადაჭარბების თვიდან დაწყებული კალენდარული წლის ბოლომდე.

 

რა შემთხვევაში იკარგება მცირე ბიზნესის სტატუსი?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტატუსი იკარგება მაშინ თუ პირის შემოსავალი მიყოლებით 2 წლის განმავლობაში თითოეულ წელს აღემატება 500,000 ლარს.

გარდა ამისა სტატუსი იკარგება თუ პირი წლის განმავლობაში 3-ჯერ დაჯარიმდა სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის. ან თუ იგი ახორციელებდა ე.წ. „აკრძალული საქმიანობებიდან“ ერთერთს.

 

რა არის მცირე ბიზნესის სტატუსის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები?

გარდა მნიშვნელოვანი უპირატესობისა, რაც ზემოთ განხილულ საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული, მცირე ბიზნესის სტატუსს შპს-სთან (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან) შედარებით გააჩნია გარკვეული უარყოფითი მხარეებიც. კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირადად აგებს პასუხს ბიზნესის ვალდებულებებზე. მაგალითად, თუ ბიზნესს აქვს მომწოდებლის მიმართ (ან ბანკის მიმართ) ვალი, დავუშვათ, 200,000 ლარი და ვერ ახერხებს მის გადახდას, კრედიტორს უფლება აქვს ვალის დაბრუნება მოსთხოვოს პირადად მეწარმე ფიზიკურ პირს.  შპს-ს შემთხვევაში ვალის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის აქტივებიდან და არა მფლობელის პირადი ქონებიდან.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?