შემოსავლების სამსახური აწარმოებს საგადასახადო შემოწმებას კომპანიის ან ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებული გადასახადის სისწორის დასადგენად. არსებობს საგადასახადო შემოწმების ორი ტიპი: გასვლითი და კამერალური.
რა პერიოდები შეიძლება შეამოწმოს საგადასახადო ორგანომ?
ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რაც იმას ნიშნავს რომ შემოსავლების სამსახურს შეუძლია შეამოწმოს კომპანიის გასული 3 წლის დეკლარაციები. ამაზე ძველი მონაცემები არ ექვემდებარება შემოწმებას (გამონაკლისების გარდა). მაგალითად, თუ შემოსავლების სამსახურმა შემოწმების შეტყობინება გამოაგზავნა 2022 წლის აპრილში, მაშინ მას აქვს უფლება შეამოწმოს 2019, 2020 და 2021 წლების გადასახადები. ჩვენს მაგალითში, 2019 წლის შემოწმება უნდა დასრულდეს და ჯარიმა/საურავების დარიცხვა/არ დარიცხვა უნდა გადაწყდეს არაუგვიანეს 2022 წლის ბოლოსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2023 წლის 1 იანვარს, შემოსავლების სამსახურის არ აქვს 2019 წლის დეკლარაციებზე ჯარიმა-საურავების დარიცხვის უფლება.
საყურადღებო გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც გადასახადის გადამხდელი თავად აზუსტებს 2019 წლის დეკლარაციას. სამი წლიდან უადრესი წლის დეკლარაციების დაზუსტების შემთხვევაში, ხანდაზმულობა ხანგრძლივდება 1 წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ, ჩვენს მაგალითში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს 2023 წლის განმავლობაში შეამოწმოს 2019 წლის დეკლარაციებიც.
გასვლითი საგადასახადო შემოწმება
ამ ტიპის შემოწმება ტარდება გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე (როგორც წესი მის ოფისში) და შემოწმების შესახებ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური ატყობინებს გადასახადის გადამხდელს მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე. შემოწმება იწყება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 30 დღეში.
გასვლითი შემოწმება არ გულისხმობს აუცილებლად სრულ შემოწმებას, არამედ შესაძლოა იყოს თემატური.
კამერალური საგადასახადო შემოწმება
გასვლითი შემოწმებისგან განსხვავებით, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება დისტანციურად. აპრობირებული პრაქტიკაა რომ კამერალური შემოწმება მოიცავს კონკრეტული საკითხების შემოწმებას (მაგალითად დღგ-ს დეკლარაციების შემოწმებას), თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს სრული შემოწმებაც.
შემოწმების შედეგი
საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურმა შესაძლოა დააკისროს ან არ დააკისროს გადასახადის გადამხდელს სანქციები (მათ შორის ჯარიმები და საურავები). შედეგად დგება აქტი და გადაეცემა გადასახადის გადამხდელს. აქტი შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნას გადასახადის გადამხდელის მიერ.