კომპანიის მფლობელები და დირექტორები, რომელთაც არ აქვთ გამოცდილება საგადასახადო საკითხებში, ხშირად ინტერესდებიან თუ როგორ ითვლება ე.წ. „გროს“ ხელფასი, ანუ ხელფასი გადასახადების ჩათვლით. მათ იციან, რომ ხელფასის გადახდისას კომპანიას უწევს გარკვეული გადასახადებისა და ანარიცხების გადახდა, მაგრამ არ აქვთ ინფორმაცია ზუსტად რა ფორმულით ხდება ამ გადასახადების გაანგარიშება. ამ სტატიაში მარტივად ავხსნით გადასახადების ყველა კომბინაციას.
რა გადასახადებს ვიხდით თანამშრომლის ხელფასზე თუ თანამშრომელი საპენსიო სქემაში ჩართულია?
მაგალითად ავიღოთ თანამშრომელი (დასაქმებული), რომელსაც ხელფასის სახით ყოველთვიურად ვურიცხავთ 1,000 ლარს. თანამშრომლის ხელფასებზე და სხვა სარგებელზე, კომპანიას უწევს, რომ გადაიხადოს 20% საშემოსავლო გადასახადი და 4% საპენსიო ანარიცხი (საიდანაც 2% არის კომპანიის წილი და 2% არის თავად თანამშრომლის წილი). შედეგად კომპანიის ჯამური ხელფასის ხარჯი გადასახადების ჩათვლით გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
1,000/98%/80%*102% = 1,301.02
ანუ, იმ შემთხვევაში როდესაც თანამშრომელი ჩართულია საპენსიო სქემაში და კომპანია უხდის 1,000 ლარს, დამატებით კომპანიას უწევს ჯამში 301 ლარის და 2 თეთრის გადახდა საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების სახით. ამ 301.02 ლარიდან, 250 ლარი წარმოადგენს საშემოსავლოს და 51.02 ლარი წარმოადგენს საპენსიოს.
აღსანიშნავია, რომ საშემოსავლო გადასახადი წარმოადგენს გადასახადს, რომელიც რეგულირდება შემოსავლების სამსახურის (“საგადასახადო”-ს) მიერ, ხოლო საპენსიო ანარიცხი არ წარმოადგენს ტიპიურ გადასახადს, არამედ კლასიფიცირდება, როგორც “შენატანი” და რეგულირდება საპენსიო სააგენტოს მიერ, რომელიც შემოსავლების სამსახურისგან დამოუკიდებელი ორგანოა.
რა გადასახადებს ვიხდით თანამშრომლის ხელფასზე თუ თანამშრომელი საპენსიო სქემაში არ არის ჩართული?
როდესაც თანამშრომელი საპენსიო სქემაში არ არის ჩართული, მის ხელფასზე და სხვა სარგებელზე, კომპანიას უწევს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადახდა და არ უწევს საპენსიო შენატანი.
პირველ რიგში განვიხილოთ რა შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ჩართული თანამშრომელი საპენსიო სქემაში. თანამშრომელი შეიძლება არ იყოს ჩართული საპენსიო სქემაში თუ იგი შედარებით უფროსი ასაკისაა. როდესაც საპენსიო სქემა ამოქმედდა საქართველოში 2019 წელს, ამ სქემაში ჩართვა 40 წლამდე მოქალაქეებისთვის იყო სავალდებულო; 40 წლიდან მოქალაქეები ავტომატურად გაწევრიანდნენ, მაგრამ ჰქონდათ სქემიდან გამოსვლის უფლება; ხოლო 55 წლიდან ქალებისთვის და 60 წლიდან მამაკაცებისთვის სქემაში ავტომატურად ჩართვა არ მოხდა და იყო ნებაყოფლობითი. გარდა ასაკობრივი ფაქტორისა არსებობს სხვა კრიტერიუმიც, კერძოდ სქემაში არ არიან ჩართულები უცხოელები (საქართველოს არარეზიდენტები). გამონაკლისია საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებზეც ასევე ვრცელდება საპენსიო კანონი განსხვავებით იმ უცხოელებისა, რომელთაც ასეთი ნებართვა არ გააჩნიათ.
იმ პირებისთვის გადახდილ ხელფასებზე, რომლებიც არ არიან საპენსიო სქემაში ჩართულები, ჯამური ხელფასის ხარჯი გადასახადების ჩათვლით გამოითვლება შემდეგი მარტივი ფორმულით:
1,000/80% = 1,250
ანუ, იმ შემთხვევაში როდესაც თანამშრომელი არ არის ჩართული საპენსიო სქემაში და კომპანია უხდის 1,000 ლარს, დამატებით კომპანიას უწევს 250 ლარის გადახდა საშემოსავლო გადასახადის სახით, რომელიც მარტივად შეგვიძლია გამოვითვალოთ ხელზე ასაღები თანხის 80%-ზე გაყოფით ან 125%-ზე გამრავლებით (მათემატიკურად ერთი და იგივე შედეგია).
როგორ უნდა გავიგოთ თანამშრომლის აყვანამდე არის თუ არა ის ჩართული საპენსიო სქემაში? თუ გვაქვს მისი პირადი ნომერი, შევძლებთ გადავამოწმოთ ჩართულია თუ არა საპენსიო სქემაში შემდეგ ელექტრონულ გვერდზე: www.agency.pensions.ge
რა გადასახადებს ვიხდით ფრილანსერის დაქირავების შემთხვევაში?
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თუ ფრილანსერი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ („ინდმეწარმედ“) და სამუშაო, რომელსაც იგი გასწევს, შინაარსობრივად არ წარმოადგენს დასაქმებულის/თანამშრომლის სამუშაოს, არამედ წარმოადგენს მომსახურებას, მაშინ კომპანიის მიერ ინდმეწარმისთვის თანხის გადახდა არ წარმოადგენს ხელფასს, არამედ წარმოადგენს მომსახურების საფასურის გადახდას. ასეთ შემთხვევაში, კომპანიას არ უწევს არანაირი გადასახადის გადახდა და საგადასახადო ტვირთი არის ფრილანსერის მხარეს. გარდა ამისა, ინდმეწარმის საპენსიო სქემაში ჩართვა არის ნებაყოფლობითი. თუმცა რიგ შემთხვევებში, როდესაც კომპანია ქირაობს ფრილანსერს, შესაძლოა კონტრაქტს ჰქონდეს თანამშრომლის კონტრაქტის შინაარსი. ასეთ შემთხვევაში, მოქმედებს „შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპი“, რაც გულისხმობს იმას, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადააკვალიფიციროს კონტრაქტი შინაარსის მიხედვით და მოითხოვოს თანამშრომლის ხელფასთან დაკავშირებული გადასახადების დადეკლარირება და გადახდა. იმისათვის, რომ კომპანიამ დაადგინოს შინაარსობრივად თანამშრომელი აიყვანა და იხდის ხელფასს თუ ფრილანსერი დაიქირავა და იხდის მომსახურების საფასურს, შემოსავლების სამსახურს გამოქვეყნებული აქვს კითხვარი, რომელიც კომპანიას დაეხმარება განასხვავოს აღნიშნული ორი კონტრაქტი. ბმული აღნიშნულ კითხვაზე შემდეგია: დაქირავებით მუშაობა თუ მომსახურების გაწევა
იმ შემთხვევაში როდესაც კომპანია თანხას ურიცხავს ინდმეწარმეს (ფრილანსერს), მას არ უწევს არანაირი გადასახადის გადახდა. თუ გადარიცხა 1,000 ლარი, ამ 1,000 ლარის შესაბამის გადასახადებს გადაიხდის თავად ფრილანსერი. თუ ფრილანსერს აქვს „მცირე ბიზნესის“ საგადასახადო სტატუსი, ასეთ შემთხვევაში თავად ფრილანსერი (და არა კომპანია) გადაიხდის შემოსავლის მხოლოდ 1%-ს გადასახადის სახით, ხოლო თუ ასეთი სტატუსი არ აქვს, მაშინ გადაიხდის 20%-ს. „მცირე ბიზნესის“ სტატუსზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სტატია ჩვენს ბლოგში (მცირე ბიზნესის სტატუსი). ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ფრილანსერს „მცირე ბიზნესის სტატუსი“, კომპანიის მხარეს არ არის გადასახადის გადახდის ვალდებულება და თავად ფრილანსერია ვალდებული, რომ დაადეკლარიროს და გადაიხადოს მისი შემოსავლიდან გადასახადები.
ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ყველა რელევანტურ ბუღალტრულ მომსახურებას თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.