„ენთები“ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, ბუღალტერიისა და საგადასახადო მომსახურების გარდა, სთავაზობს ფინანსური მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორისა ფინანსური რეპორტინგი, ბიუჯეტირება და ანალიზი.
რეპორტინგი
ფინანსური რეპორტინგი ნებისმიერი კომპანიისთვის სასურველი ფინანსური ინსტრუმენტია და მოიცავს ბუღალტრული მონაცემების დამუშავებასა და სასურველი ფორმის მიცემას. ფინანსური რეპორტი არის ფორმა სადაც წარმოდგენილია ფინანსური მონაცემები კომპანიის მენეჯერებისა და დამფუძნებლებისთვის მარტივად აღსაქმელ ფორმატში. აღნიშნული ფორმები ამარტივებს კომპანიის ხელმძღვანელების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ბაზისური (მინიმალური) ფინანსური რეპორტებია: საბალანსო ანგარიშგება („ბალანსი“), მოგება-ზარალის ანგარიშგება და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება.
გარდა ბაზისური რეპორტებისა, არსებობს სხვა, უფრო დეტალური რეპორტები, რომლებიც მეტად სიღრმეში შედიან კონკრეტული ანგარიშებისა თუ ტრანზაქციების ჭრილში. ასეთი რეპორტების მაგალითებია დებიტორებისა და კრედიტორების რეპორტები. დებიტორების რეპორტი აანალიზებს კომპანიის არსებული მოთხოვნების კომპოზიციას და ყოველთვიურ, ყოველკვირეულ ან ხანდახან ყოველდღიურ ზრდის/კლების ტენდენციას. უმრავლეს შემთხვევაში, დებიტორების რეპორტი კეთდება მოთხოვნების ამოღების/ამოღებადობის გასაანალიზებლად. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში, კომპანიის ფინანსური პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ იგი დროულად არ ან ვერ ახდენს დებიტორების ამოღებას. დებიტორების რეპორტი საშუალებას იძლევა რომ მოხდეს არსებული მოთხოვნების გაანალიზება და მოსალოდნელი ამოღების განსაზღვრა. ასევე მოხდეს პრობლემური დებიტორების იდენტიფიკაცია და ამოღების დაჩქარება. კრედიტორების რეპორტი ძირითადად კეთდება კომპანიის არსებული ვალდებულებების გასაანალიზებლად და მომავალი გადახდების დასაგეგმად.
ბიუჯეტირება და ანალიზი
ბიუჯეტირება არის ფინანსური დაგეგმვისა და კონტროლის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. მცირე და საშუალო ბიზნესები ხშირად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ბიუჯეტირებას და მათი უმრავლესობა არც აკეთებს ფინანსურ ბიუჯეტს. ბიუჯეტირების ნაცვლად, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები და მენეჯერები, ხშირად „გუმანით“ მართავენ ბიზნესს ზეპირ გეგმასა და მომავალი შემოსავალ-გასავლების მეხსიერებაზე დაყრდნობით. ეს ხშირად იწვევს კომპანიის ფინანსურ პრობლემებს და არაეფექტურობას. ბიუჯეტირება არის ერთერთი ყველაზე გამოსადეგი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიის მენეჯერს საშუალებას აძლევს დაინახოს მომავალი შესაძლო ფინანსური შედეგები და შესაბამისად წინასწარ დაგეგმოს საჭირო ქმედებები, მათ შორის ახალი პროექტის დაფინანსებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფა, სესხის აღების საჭიროების დადგენა და სხვა.
ფინანსური ანალიზი, ხშირ შემთხვევაში ეყრდნობა ფინანსურ რეპორტებს და მოიცავს რეპორტებიდან წაკითხული ინფორმაციის გაანალიზებასა და დასკვნის გამოტანას. აღნიშნული უმარტივებს მენეჯერებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ფინანსური ანალიზი მომგებიანობის გაზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. მაშინაც კი თუ კომპანია არის მცირე ზომის, მას მნიშნელოვან სარგებელს მოუტანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფინანსური ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენება ბიზნესის სამართავად.