ფინანსურ სფეროში ნაკლებად ჩახედული პირები ხშირად აიგივებენ ხოლმე „ბუღალტერიას“ და „აუდიტს“ და კომუნიკაციაში ამ ორ სიტყვას სინონიმებად იყენებენ, მაშინ როცა რეალურად ამ ტერმინებს შორის მნიშნელოვანი სხვაობაა.
რა არის აუდიტი?
აუდიტი არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მხარის მიერ კომპანიის ფინანსური ანგარიშგების შემოწმება. აუდიტორი, როგორც წესი, წარმოადგენს დაქირავებულ მესამე მხარეს, კომპანიას ან ფიზიკურ პირს, რომელიც ატარებს პროცედურებს რათა დარწმუნდეს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება არსებითობის ფარგლებში სწორად ასახავს კომპანიის ფინანსურ მონაცემებსა და შედეგებს. ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ერთერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია „არსებითობის“ (ე.წ. მატერიალურობის) ცნება. კერძოდ, თუ აუდიტორმა კომპანიის ფინანსურ მონაცემებში აღმოაჩინა შეცდომა, ეს აუცილებლად არ წარმოადგენს პირობითი ან უარყოფითი აუდიტორული დასკვნის საფუძველს. თუ შეცდომა მცირე ზომის ან გავლენის მქონეა, ანუ „არაარსებითია“, მაშინ აუდიტორმა შესაძლოა მაინც „სუფთა“, ანუ „არამოდიფიცირებული“ დასკვნა გამოსცეს. აუდიტის მთავარი (და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი) მიზანია, რომ გამოსცეს დასკვნა ფინანსური ანგარიშგების სისწორის თაობაზე. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, აუდიტორი არ არის პასუხისმგებელი ფინანსური ანგარიშგების შედგენაზე. ფინანსურ ანგარიშგებას ადგენს და მის სიზუსტეზე პასუხისმგებლობაც სრულად აკისრია კომპანიის მენეჯმენტს. აუდიტორი გამოთქვამს მოსაზრებას მენეჯმენტის მიერ შედგენილ ფინანსურ ანგარიშგებაზე და წარადგენს დასკვნას მის სიზუსტესთან დაკავშირებით (არსებითობის ფარგლებში). მათემატიკურად, “არსებითობის” ცნება ნიშნავს, რომ აუდიტი იძლევა 95%-იან რწმუნებულებას და არა 100%-იან გარანტიას, რომ შემოწმებული ანგარიშგება ზუსტია.
რა განსხვავებაა ბუღალტერიასა და აუდიტს შორის?
აუდიტისგან განსხვავებით, ბუღალტერიის მიზანი არ არის შემოწმება და არც ფინანსურ ანგარიშგებაზე დასკვნის გამოცემა. ბუღალტერია თავად აღრიცხავს და ქმნის კომპანიის ფინანსური მონაცემების ჩანაწერებს. ბუღალტერიის ფუნქციაა, რომ სწორად და ჯეროვნად ასახოს კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები ფინანსურ ჩანაწერებში და ამ ჩანაწერების საფუძველზე მოახდინოს ფინანსური რეპორტების გენერირება და საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება. ფინანსური ჩანაწერები, როგორც წესი, კეთდება პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელიც ამარტივებს აღრიცხვის პროცესს. აუდიტი, ბუღალტერიისგან განსხვავებით, თავად კი არ აღრიცხავს კომპანიის ტრანზაქციებს, არამედ ამოწმებს ბუღალტრების მიერ აღრიცხულ ტრანზაქციებსა და მათ ერთობლივ შედეგს გამოხატულს ფინანსურ ანგარიშგებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუდიტის დანიშნულებაა სხვისი ჩანაწერების შემოწმება და დასკვნის გამოცემა, ხოლო ბუღალტერიის ფუნქციაა თავად ამ ჩანაწერების შექმნა. აქედან გამომდინარე, ამ ორ ტერმინს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. აუდიტორის ერთერთი უმთავრესი ამოცანაა შეამოწმოს ბუღალტერია და მასზე დაყრდნობით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება.
რომელი სჭირდება კომპანიას – ბუღალტერია თუ აუდიტი?
უკლებლივ ყველა კომპანიას სჭირდება ბუღალტერია. ბუღალტერიის გარეშე კომპანია ვერ შეძლებს ფინანსური მონაცემების აღრიცხვის წარმოებასა და საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარებას. ბუღალტერია არის მინიმუმი სავალდებულო მოთხოვნა ნებისმიერი კომპანიისადმი და სწორედ ბუღალტრულ ჩანაწერებს ეფუძნება საგადასახადო შემოწმებებიც. სწორედ ამიტომ, მოწესრიგებული ბუღალტერია ნებისმიერი კომპანიისთვის აუცილებელია.
რაც შეეხება აუდიტს, იგი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია აუცილებელი. მაგალითად საქართველოში, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური“ შედარებით დიდი ზომის კომპანიებს ავალდებულებს წლიური ფინანსური ანგარიშგებისთვის აუდიტის ჩატარებას, ხოლო საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს ავალდებულებს მხოლოდ საკუთარ ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით მომზადებული ფინანსური მონაცემების წარდგენას, გარე აუდიტორის დასკვნის გარეშე.