საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა

საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა

პრაქტიკულად ყველა ბუღალტერი, საკუთარ საქმიანობაში, იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უმარტივებს საქმეს და მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომის ალბათობა. კარგი პროგრამა, საშუალებას იძლევა, რომ სტანდარტული ბუღალტრული და საგადასახადო საკითხები ავტომატურად დაიფაროს. სწორედ ამიტომ, პროგრამული უზრუნველყოფის არჩევა გამართული ბუღალტერიის წარმოების ერთერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

 

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ბუღალტერია არის სფერო სადაც მუდმივად ხდება ტექნოლოგიური წინსვლა, ავტომატიზაცია და დახვეწა. სწორედ ამიტომ, ძველი პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია საქართველოს ბაზარზე, არ იძლევა ბუღალტერიის ეფექტურად წარმოების საშუალებას. ჩვენი გამოცდილებით მცირე ზომის ბიზნესებისთვისაც კი, ძველი და უხარისხო ბუღალტრული პროგრამების გამოყენება დიდი რისკის შემცველია.

თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფებიც კი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ხარისხითა და ავტომატიზაციის დონით. ორი უმთავრესი კომპონენტი რაც ნებისმიერ საბუღალტრო პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს არის ბანკებთან ინტეგრაცია და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდთან ინტეგრაცია.

ბანკებთან ინტეგრაცია გულისხმობს კომპანიის მიერ საბანკო გადარიცხვებისა და ტერმინალებს გზით განხორციელებული ტრანზაქციების ავტომატურ იმპორტს ბუღალტერიაში. ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელსაც კომპანია ახდენს საკუთარი საბანკო ანგარიშის გამოყენებით (მაგ. კრედიტორისთვის თანხის გადარიცხვა, დებიტორის მიერ თანხის ჩარიცხვა, ტერმინალის გამოყენებით პროდუქციის რეალიზაცია და სხვა) აისახება კომპანიის ინტერნეტ-ბანკში, რომელიც, თავის მხრივ, ინტეგრირებულია კომპანიის საბუღალტრო პროგრამასთან და შედეგად ხდება ტრანზაქციების ავტომატურად იმპორტირება. აღნიშნულს მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა.

შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდთან ინტეგრაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია და მისი დახმარებით ხდება შემოსავლების სამსახურის პორტალის საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების ავტომატური იმპორტი საბუღალტრო პროგრამაში. დღევანდელ დღეს, მსხვილი ტრანზაქციების დიდი ნაწილი სწორედ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდის საშუალებით ხდება. მაგალითად ფაქტურების გამოწერა მყიდველისთვის და მომწოდებლის მიერ გამოწერილი ფაქტურების იმპორტი.

გარდა ამისა, ხარისხიან პროგრამულ უზრუნველყოფას აქვს სხვა მნიშნელოვანი ფუნქციებიც, რომლებიც მონაცემების ავტომატური აღრიცხვის საშუალებას იძლევა. მაგალითად დამატებული ღირებულების გადასახადისა (დღგ) და საშემოსავლო გადასახადის ავტომატური კალკულაცია, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად გამოწვეული სავალუტო გადაფასება, ცვეთის/ამორტიზაციის დარიცხვა და სხვა.

დახმარება?