ხშირად გვეკითხებიან ხოლმე – „რა ფინანსურ მაჩვენებლებს ვუყურო რომ კომპანიის სტაბილურობა შევინარჩუნო, არ ვიზარალო და მომგებიანობა გავზადრო”? ამ სტატიაში ვეცდებით მოკლედ და კონკრეტულად გავცეთ პასუხი ამ კითხვებს:
რა მინიმალური ინფორმაციაა საჭირო კომპანიის ფინანსების საკონტროლოდ?
ხშირად კომპანიის მფლობელები და მენეჯერები, რომელთაც არ გააჩნიათ განათლება ფინანსური მენეჯმენტის განხრით უშვებენ შეცდომას და უყურებენ მხოლოდ დღის ბოლოს ანგარიშზე არსებულ ფულის ნაშთს. მათ ჰგონიათ, რომ თუ ფული აქვთ კომპანიის ანგარიშზე ესეიგი ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ხშირად ეს ასე არაა. პრაქტიკაში გვინახავს ბევრი ასეთი კომპანია რომელთაც სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნათ და ზოგი გაკოტრდა კიდეც.
იმისათვის რომ თავიდან აირიდოთ ფინანსური პრობლემები, როგორც მინიმუმ, საჭიროა სამი ფუნდამენტური საკითხის კონტროლი:
1. ყოველთვე აკონტროლოთ კომპანიის მომგებიანობა
2. მუდმივ რეჟიმში აკონტროლოთ კომპანიის მოთხოვნები და ვალდებულებები
3. მუდმივ რეჟიმში აკონტროლოთ და დააპროგნოზოთ კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა
კომპანიის მომგებიანობის კონტროლი
კომპანიის მენეჯერი უნდა გაეცნოს და გაანალიზოს ყოველთვიური მოგება-ზარალის ანგარიშგება. აღნიშნული ანგარიშგება მენეჯერს აჩვენებს თუ როგორ იმუშავა კომპანიამ კონკრეტულ თვეში და გასცემს პასუხს ფუნდამენტურ კითხვაზე – მოიგო თუ იზარალა კომპანიამ მოცემულ თვეში? დავუშვათ ამ თვეში კომპანიამ იზარალა 1,000 ლარი, ეს ნიშნავს რომ წინა თვესთან შედარებით კომპანიას დაემატა 1,000 ლარის ვალდებულება ან შეუმცირდა 1,000 ლარის აქტივი (ან მათი კომბინაცია), რამაც გამოიწვია კომპანიის კაპიტალის (აქტივებს მინუს ვალდებულებები) შემცირება 1,000 ლარით. თუ კომპანია ზარალზეა რამოდენიმე თვის განმავლობაში, ეს ნიშნავს იმას რომ მას ვალები ემატება, აქტივები აკლდება, ან ორივე ერთად ხდება. თუ აღნიშნული სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა, კაპიტალი სულ უფრო და უფრო შემცირდება და საბოლოო ჯამში კომპანია გაკოტრდება.
ხშირად კომპანიის მფლობელი ან მენეჯერი უშვებს შეცდომას როცა ფულის შემოდინებას აიგივებს მომგებიანობასთან. მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს ჩვენი პრაქტიკიდან: ერთერთი კომპანია თვეების განმავლობაში მუშაობდა ზარალზე, თუმცა მისი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე იგი კლიენტების შეკვეთებზე თანხის ნაწილს ავანსის სახით იღებდა, რაც, შეკვეთების ზრდასთან ერთად, იწვევდა კომპანიის ანგარიშზე არსებული ფულის ზრდას. ფულის ნაშთი დაახლოებით 20,000 ლარით იზრდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და აკუმულირებულმა ფულმა საკმაოდ დიდ თანხას მიაღწია. კომპანიის მფლობელს ეგონა რომ ბიზნესი მომგებიანი იყო და მოგება-ზარალის ანგარიშგებას არ აკონტროლებდა. თუმცა სანამ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ მოხდება, კლიენტებისგან მიღებული ავანსები არ წარმოადგენს კომპანიის შემოსავალს და მოგების დათვლაში არ მონაწილეობს. საბოლოო ჯამში, როდესაც კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, აღმოჩნდა რომ მათ შესასრულებლად ხელფასებსა და მასალებში უფრო მეტის გადახდა მოუწია ვიდრე ანგარიშზე ჰქონდა ფულის ნაშთი. კომპანიის მფლობელებს საკუთარი ჯიბიდან მოუწიათ კომპანიის ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თანხის დადება. ერთი წლის თავზე კომპანია გაკოტრდა.
მოთხოვნებისა და ვალდებულებების კონტროლი
მენეჯერმა მუდმივ რეჟიმში უნდა აკონტროლოს კომპანიის მოთხოვნები და ვალდებულებები, რომ დაინახოს რა თანხა აქვს მისაღები და რა ვალი აქვს გასასტუმრებელი. თუ მისაღები თანხა ბევრად ნაკლებია ვიდრე გასასტუმრებელი ვალი და ეს ხვაობა მნიშვნელოვნად იზრდება თვიდან თვემდე, სხვა თანაბარ პირობებში, ეს იმის მანიშნებელია რომ კომპანიაში ფული იზრდება, მაგრამ არა მომგებიანობის ხარჯზე, არამედ ვალდებულებების აკუმულირების ხარჯზე. როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითში აღვწერეთ, ფულის ზრდა და კომპანიის ანგარიშზე ფულის არსებობა არ არის იმის გარანტი რომ კომპანია მომგებიანია. ჩვენს მაგალითში, კომპანიას რომ გაეკონტროლებინა მოთხოვნები და ვალდებულებები დაინახავდა რომ მიუხედავად მის ანგარიშზე არსებული ფულის ზრდისა, მნიშვნელოვნად იზრდებოდა კომპანიის ვალდებულებებიც, რომელთა გასტუმრებასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნა.
ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი და პროგნოზი
არსებობს მეორე უკიდურესობაც – როცა მენეჯერი მხოლოდ მოგება-ზარალის ანგარიშგებას აკონტროლებს და არ უყურებს ფულადი სახსრების მოძრაობას. უნდა აღინიშნოს რომ ქართულ რეალობაში ეს შემთხვევა უფრო იშვიათია ვიდრე ზემოთ აღწერილი შემთხვევა.
ფულადი სახსრების მოძრაობის იგნორირება და პროგნოზის არარსებობა შესაძლოა კომპანიის გაკოტრების მიზეზი გახდეს. მაგალითად თუ კომპანიას აქვს კონტრაქტი, რომლის შესრულებასაც მოაქვს შემოსავალი, მაგრამ რეალურად ვერ ახერხებს კლიენტისგან/დებიტორისგან თანხის ამოღებას, შემოსავალი მხოლოდ ქაღალდზე რჩება და არ ხდება მისი ფულში გარდაქმნა. აღნიშნულმა სიტუაციამ შესაძლოა კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანოს, რადგან მას უწევს საკუთარი ხარჯების გასტუმრება ხელფასებისა და მომწოდებელთა მიმართ დავალიანების სახით, მაშინ როცა კლიენტი მას დიდი ხნით უგვიანებს დავალიანების დაფარვას ან საერთოდ არ უხდის ვალს.
მნიშვნელოვანია კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის, როგორც მინიმუმ, მომავალი რამდენიმე თვის პროგნოზის გაკეთება. კერძოდ მენეჯერმა უნდა განსაზღვროს თუ რა ხარჯების გასტუმრება მოუწევს უახლოეს თვეებში და შემდეგ დააპროგნოზოს რა ოდენობითა და პერიოდულობით ელოდება ფულის შემოდინებას კლიენტებისგან. ამის შემდეგ თვეების ჭრილში განსაზღვროს საკმარისია თუ არა მოსალოდნელი ფულის შემოდინება მოსალოდნელი ხარჯების დასაფარად. ფულადი ნაკადების პროგნოზირება მენეჯერს საშუალებას მისცემს რამდენიმე თვით ადრე გამოავლინოს სავარაუდო პრობლემა და თადარიგი დაიკავოს.
დასკვნა
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ კომპანიის მენეჯერი, როგორც მინიმუმ, აკონტროლებს კომპანიის მომგებიანობას, ფულადი-სახსრების მოძრაობას, მოთხოვნებსა და ვალდებულებებს, მას გააჩნია მყარი ფუნდამენტი ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან მათ დასაპროგნოზებლად და თადარიგის დასაჭერად.