ვირტუალური ზონის პირის სტატუსი

10 მაისი 2022
ვირტუალური ზონის პირის სტატუსი

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიღებასთან ერთად, კომპანია იღებს მნიშნელოვან საგადასახადო შეღავათებს, ამიტომ ბუნებრივია ამ საკითხით ბიზნესების დაინტერესება. ამ სტატიაში განხილულია ბიზნესებისთვის გასაგებ ენაზე თუ რას გულისხმობს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და რა არის საჭირო მის მისაღებად. ასევე პასუხი გაცემულია ხშირად დასმულ კითხვებზე.

 

რა არის ვირტუალური ზონის პირის სტატუსი?

ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, ამ სტატუსის მფლობელ კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს მნიშნელოვანი საგადასახადო შეღავათები. კერძოდ, გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება მოგების გადასახადით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახადით.

იმის საილუსტრაციოდ თუ კონკრეტულად როგორ მუშაობს ვირტუალური ზონის პირის საგადასახადო შეღავათი განვიხილოთ მაგალითი: მოგების გადასახადი ჩვეულებრივ შემთხვევაში 15%-ია. ამასთან დივიდენდის გატანისას პირს ასევე უწევს დივიდენდის გადასახადის, 5%-ის გადახდა.  მაგალითად, თუ კომპანიის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა დივიდენდის სახით ხელზე გაიტანა 1,000 ლარი, მას მოუწევს მოგებისა და დივიდენდის გადასახადების გადახდა ჯამში 238.4 ლარის ოდენობით (1,000/0.85/0.95-1,000), მაშინ როცა ვირტუალური პირის სტატუსის შემთხვევაში პირი გადაიხდის მხოლოდ 52.6 ლარს დივიდენდის გადასახადის სახით (1,000/0.95-1,000). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი 1,000 ლარის დივიდენდის გატანისას კომპანია ზოგავს 185.8 ლარის გადასახადს (238.4-52.6).

 

რომელი კომპანიები შეძლებენ ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიღებას?

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ IT სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს, კერძოდ იმ კომპანიებს რომელთა საქმიანობის სფეროცაა კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.

გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ გადასახადისგან გათავისუფლებულია მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევა. ადგილობრივი კომპანიებისთვის ან ფიზიკური პირებისთვის მომსახურების გაწევა არ არის გათავისუფლებული გადასახადისგან და ჩვეულებრივ დაიბეგრება.

 

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენმა კლიენტმა კომპანიებმა რამდენიმე კითხვა დაგვისვეს მათთვის ბუნდოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე ხშირად მეორდებოდა შემდეგი კითხვები:

 

ვის მივმართო ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისაღებად?

სტატუსის მისაღებად უნდა შეავსოთ განაცხადი საქართველოს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონულ გვერდზე: www.fas.ge

 

რა დრო არის საჭირო ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისაღებად?

ზემოთაღნიშნულ პორტალზე განცხადების შევსებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში მოხდება პასუხის მიღება, ხოლო ვირტუალური ზონის პირის სტატუსის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ პორტალზე (www.newzone.mof.ge) სტატუსის მინიჭებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

 

რა არის დამატებით საჭირო აღნიშნული საგადასახადო შეღავათის მისაღებად რაც პირდაპირ არ იკითხება კანონიდან?

კანონიდან პირდაპირ არ იკითხება, თუმცა მეთოდურ მითითებაში ნათქვამია, რომ საგადასახადო შეღავათის მისაღებად აუცილებელია კომპანია საქმიანობას ახორციელებდეს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც პრაქტიკაში ნიშნავს იმას რომ კომპანია პროდუქტს ან სერვისს უნდა ქმნიდეს საქართველოში და უნდა იყენებდეს საქართველოში დაქირავებული პირების შრომას, მათ შორის აუცილებლად შესაბამისი პროფილური განხრით. მაგალითად, თუ კომპანიას დასაქმებული ჰყავს ბუღალტერი და ადმინისტრატორი, ისინი არ ჩაითვლებიან პროფილურად დასაქმებულ თანამშრომლებად და შესაბამისად კომპანია ვერ შეძლებს საგადასახადო შეღავათის მიღებას. აუცილებელია პროფილურად დასაქმებული შრომის არსებობა, როგორებიც არიან პროგრამისტები.

 

რა ხდება მაშინ თუ კომპანია ნაწილ მომსახურებას აწვდის საქართველოს ტერიტორიაზე და ნაწილს აწვდის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ?

საგადასახადო შეღავათი ეხება მოგების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც გამომუშავებულია მომსახურების ექსპორტზე გატანით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მოგების იმ ნაწილის იდენტიფიცირება, რომელიც გამომუშავებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებიდან. ანუ უნდა მოხდეს ჯამურ მოგებაში გათავისუფლებული მოგების ხვედრითი წილის დათვლა. დაანგარიშებისას თუ ზუსტად ვერ ხდება ხარჯების მიკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ გამომუშავებული შემოსავლებისთვის, მაშინ შესაძლებელია მოგების დაყოფა მოხდეს შესაბამისი შემოსავლების პროპორციულად. მაგალითად თუ კომპანიის მოგებაა 400 ათასი ლარი და ჯამური შემოსავალია 2 მლნ ლარი, საიდანაც 1.5 მლნ არის საქართველოს ფარგლებს გარედან მიღებული ხოლო 0.5 მლნ არის საქართველოს საზღვრებში მიღებული, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს რომ საგადასახადო შეღავათს დაქვემდებარებულია მოგების 75% (1.5/2), ანუ 300 ათასი ლარი (400×75%), რომელიც შეიძლება განაწილდეს მოგების გადასახადის გადახდის გარეშე, ხოლო დანარჩენ 100 ათას ლარს განაწილებისას დაერიცხება მოგების გადასახადი.

 

რომელი უფრო შეღავათიანია კომპანიისთვის ვირტუალური ზონის პირის სტატუსი თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი?

მოკლე პასუხია – საერთაშორისო კომპანიის სტატუსი.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი არის კიდევ ერთი სტატუსი, რომელიც შეუძლია მიიღოს IT სფეროს (და საზღვაო სფეროს) კომპანიამ. ამ სტატუსის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათი ვრცელდება არა მხოლოდ მოგების გადასახადზე, არამედ საშემოსავლო გადასახადზეც. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება მეტ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ვრცლად ამ სტატუსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგში.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?