ბუღალტერია

ბუღალტერია

ბუღალტერია წარმოადგენს ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და დადოკუმენტირების სისტემატიურ პროცესს. თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ბუღალტერია არის კომპანიის ადმინისტრაციული ფუნქცია. ტრანზაქციათა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთაც ახორციელებენ კომპანიები, საჭიროებს საბუღალტრო აღრიცხვას. ხშირად აიგივებენ ხოლმე ბუღალტერიასა და ფინანსურ აუდიტს. რეალურად ფინანსური აუდიტი კონცენტრირდება ფინანსური ანგარიშგებისა და მასში წარმოდგენილი მონაცემების სისწორის შემოწმებასა და საკუთარი დასკვნის დადებაზე, ხოლო ბუღალტერია კონცენტრირდება ყოველდღიური აღრიცხვის წარმართვასა და დადოკუმენტირებაზე.

კომპანიის ზომა და ბუღალტერია

ნებისმიერ კომპანიას, მისი ზომის მიუხედავად, სჭირდება ბუღალტერია. ბუღალტერია ისეთივე კრიტიკული ფუნქციაა მცირე ზომის კომპანიებისთვის, როგორც დიდი ზომის კომპანიებისთვის. ხშირად კომპანიები უშვებენ შეცდომას როცა მიიჩნევენ რომ ბუღალტერია მხოლოდ მსხვილი ბიზნესებისთვისაა საჭირო. აღნიშნული შესაძლოა გახდეს მათი ფინანსური პრობლემებისა და გაკოტრების მიზეზიც კი. ბუღალტერია პრაქტიკულად ასრულებს კომპანიის მენეჯერთათვის თვალების ფუნქციას. ბუღალტერიისა და მასზე დაფუძნებული ფინანსური რეპორტების გარეშე მენეჯერებმა შესაძლოა ვერ აღიქვან კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მისი პერსპექტივები.

ბუღალტერია და აღრიცხვა ხშირ შემთხვევაში სინონიმებად გამოიყენება. თანამედროვე სამყაროში ბუღალტერიის წარმოება ხდება კომპიუტერულ პროგრამებში. რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს და უზრუნველყოფს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

ბუღალტერია და საბუღალტრო პროგრამები  

თანამედროვე მსოფლიოში არსებობს უამრავი საბუღალტრო პროგრამა და არსებობს საბუღალტრო პროგრამების მრავალი მომწოდებელი. სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამას შორის შესაძლოა იმდენად მნიშვნელოვანი განსხვავებები იყოს რომ კვალიფიციურ ბუღალტერსაც კი დიდი დრო დაეხარჯოს კონკრეტულ პროგრამაში მუშაობასთან ადაპტირებაზე. პროგრამები განსხვავდება მათი ფუნქციონალის მიხედვით. საბუღალტრო პროგრამა შესაძლოა მნიშვნელოვნად ამარტივებდეს ან ართულებდეს ბუღალტერიას. თანამედროვე პროგრამები, როგორც წესი, ინტეგრირებულია სხვა მნიშვნელოვან სისტემებსა და ვებ-გვერდებთან. მაგალითად, საქართველოში წარმოდგენილი თანამედროვე საბუღალტრო პროგრამები ინტეგრირებულია ინტერნეტ-ბანკსა და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდთან, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ბუღალტრების საქმიანობას.

ინტერნეტ ბანკთან ინტეგრაცია ბუღალტერს საშუალებას აძლევს რომ ბანკში განხორციელებული ტრანზაქციები ავტომატურად შეიტვირთოს საბუღალტრო პროგრამაში, რაც არა მხოლოდ ზოგავს დროს, არამედ ახდენს პოტენციური შეცდომების მინიმიზაციას. ეს განპირობებულია იმით, რომ აღრიცხვის მანუალური წარმოების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანური შეცდომა. პროგრამაში გატარებების ავტომატიზებული იმპორტის შემთხვევაში კი შეცდომების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, გატარებების მანუალურ აღრიცხვას ბუღალტრის დროის დიდი ნაწილი მიაქვს, მაშინ როცა ტრანზაქციების ავტომატიზებულ იმპორტს რამდენიმე წამი სჭირდება.  

შემოსავლების სამსახურის გვერდთან ინტეგრაცია ასევე იძლევა საგადასახადო დეკლარაციების ავტომატიზებული გენერირებისა და ატვირთვის საშუალებას, რაც ასევე ახდენს მანუალური ინტერვენციის მინიმიზებას და ამარტივებს ბუღალტერიას.

რატომ არის მნიშვნელოვანი გამართული ბუღალტერია

გამართული ბუღალტერია მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. მათ შორის გამოსარჩევია შემდეგი მიზეზები:

  • კომპანიის მფლობელები და მენეჯერები ფინანსურ ინფორმაციას სწორედ ბუღალტერიაზე დაყრდნობით იღებენ, რაც მათ აძლევთ საშუალებას რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები
  • საგადასახადო დეკლარაციების შევსება ხდება ბუღალტერიაზე დაყრდნობით. გაუმართავი ბუღალტერია ნიშნავს მეტ საგადასახადო რისკს.
  • სწორედ ბუღალტერიაზე დაყრდნობით ხდება ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, რომელიც შესაძლოა დასჭირდეთ ბანკებს (სესხის დამტკიცება/გაცემის დროს), პოტენციურ მყიდველებს, ინვესტორებს, საგადასახადო ინსპექციასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს

ბუღალტრის როლი საბუღალტრო აღრიცხვაში

ბუღალტერი არის ის პიროვნება, რომელიც აწარმოებს კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების აღრიცხვას. როგორც წესი, ბუღალტერს გააჩნია პასიური როლი ტრანზაქციებთან მიმართებაში, რაც გულისხმობს იმას რომ ბუღალტერი თავად არ ახდენს ტრანზაქციების ინიცირებას ან/და განხორციელებას, არამედ, მისი ფუნქციაა აღრიცხოს კომპანიის სხვა თანამშრომელთა მიერ განხორციელებული ოპერაციები. შედეგად, ბუღალტერს უწევს მუდმივი ინტერაქცია კომპანიის პრაქტიკულად ყველა განყოფილებასთან. სწორედ ამიტომ, კომპანიაში გაწერილი უნდა იყოს ბუღალტერთათვის დოკუმენტებისა და განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესის დეტალები. თუ ბუღალტერს დროულად არ ეცნობება რომელიმე ტრანზაქციის შესახებ, ან არ მიეწოდება პირველადი დოკუმენტი, ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოიწვიოს სააღრიცხვო პროცესში.

თანამედროვე რეალობაში, ბუღალტერს გააჩნია მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების რამდენიმე ალტერნატიული წყარო. მათ შორის საბანკო ამონაწერი (მაგ. გადარიცხვებისთვის) და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდი (მაგ. ზედნადებებისთვის). აღნიშნული პლატფორმები ბუღალტერს აძლევს საშუალებას რომ შეამოწმოს მის მიერ აღრიცხული ტრანზაქციების სისრულე და უზრუნველყოს აღურიცხავი ტრანზაქციების დროული იდენტიფიცირება.