რა არის IFRS აღიცხვა და რითი განსხვავდება იგი ფულის მოძრაობისგან?

„ფასს“ იგივე “IFRS” აღრიცხვა წარმოადგენს ბუღალტერიის წარმოებას ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

რა სხვაობაა IFRS-სა და საკასო მეთოდით (ფულის გასვლა-შემოსვლა საბანკო ანგარიშზე) აღრიცხვას შორის?

იმისთვის რომ სხვაობა უკეთ დავინახოთ, განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ ავეჯის მწარმოებელი კომპანია ყველა ტრანზაქციას მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით ახორციელებს. ანუ მას არ აქვს ქეშად განხორციელებული ტრანზაქციები და ყველა ტრანზაქციას საბანკო ანგარიშის საშუალებით ახორციელებს. იანვრის ბოლოს ამ კომპანიის მენეჯერი შედის ინტერნეტ ბანკში და ხედავს რომ იანვრის განმავლობაში, კლიენტების მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა არის 100,000 ლარი. ხოლო კომპანიის მიერ მასალების მომწოდებლებისთვის გადარიცხული თანხა არის 70,000 ლარი. გარდა ამისა, კომპანიის მიერ ხელფასების სახით გადარიცხული თანხა არის 10,000 ლარი. შედეგად კომპანიის მენეჯერი ასკვნის რომ იანვრის განმავლობაში მისმა მოგებამ შეადგინა 20,000 ლარი. ეს დასკვნა, რომელიც ემყარება საბანკო ანგარიშის მოძრაობას, არასწორია და არ შეესაბამება IFRS აღრიცხვას შემდეგი სამი მიზეზის გამო:

1. გარდა რეგულარული შეკვეთებისა, იანვარში კომპანიამ კლიენტი ფირმებისგან მიიღო შეკვეთები მომავალი ორი თვის განმავლობაში ავეჯის დამზადებასა და კლიენტი ფირმების ოფისებში მიტანაზე. ამ შეკვეთის შესასრულებლად კომპანიამ ავანსის სახით მოითხოვა 40,000 ლარი, რომელიც მას კლიენტმა ფირმებმა იანვარში ჩაურიცხეს ანგარიშზე. შესაბამისად, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 100,000 ლარიდან 40,000 ლარი წარმოადგენს ავანსის სახით ჩარიცხულ თანხებს. შედეგად გამოდის რომ კომპანიის რეალური შემოსავალი იანვარის თვეში წარმოადგენდა არა 100,000 ლარს არამედ 60,000 ლარს (ჩარიცხული ავანსი, 40,000 ლარი, IFRS-ით მომდევნო ორი თვის შემოსავალია).

2. იმისათვის რომ კომპანიას ზემოთ ნახსენები შეკვეთა შეესრულებინა მომავალი ორი თვის განმავლობაში, მან მომწოდებელს შეუკვეთა 18,000 ლარის ხის მასალები, რომლებიც მომწოდებელმა მომავალი ხუთი კვირის განმავლობაში უნდა მიაწოდოს. შედეგად მომწოდებლებთან გადარიცხული 70,000 ლარიდან, 18,000 ლარი წარმოადგენდა მომავალში მისაღები მასალების შესაძენად წინასწარ გადახდილ თანხას. შედეგად გამოდის რომ კომპანიის რეალური მასალების ხარჯი იანვარის თვეში წარმოადგენდა არა 70,000 ლარს არამედ 52,000 ლარს (გადარიცხული ავანსი, 18,000 ლარი, შემდეგი
თვეების ხარჯია.)

3. კომპანიის მიერ ხელფასის სახით გადარიცხული 10,000 ლარიდან, 1,500 ლარი წარმოადგენდა ერთერთი თანამშრომშრომლისთვის შემდეგი თვის ხელფასის ავანსს. ამ თანამშრომელმა კომპანიის მენეჯერს სთხოვა რომ პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიას გამონაკლისის სახით, მისი მომავალი თვის ხელფასი წინსწრებით ჩაერიცხა. შედეგად გამოდის რომ კომპანიის რეალური სახელფასო ხარჯი იანვარის თვეში წარმოადგენდა არა 10,000 ლარს არამედ 8,500 ლარს (ხელფასის ავანსი 1,500 ლარი, შემდეგი თვის ხარჯია.)

შეჯამება

ჯამში გამოდის რომ IFRS აღრიცხვის შესაბამისად, იანვრის თვეში კომპანიას ჰქონდა ზარალი 500 ლარი (60,000 შემოსავალს მინუს 52,000 მასალების ხარჯი და მინუს 8,500 სახელფასო ხარჯი) და არა მოგება 20,000 ლარი. საბანკო ანგარიშის მოძრაობისგან განსხვავებით IFRS-მა კომპანიას დაანახა მისი რეალური ფინანსური შედეგი.