ბუღალტრული გატარება

ხშირად ისმის ხოლმე კითხვები: რა არის ბუღალტრული გატარება? რა როლს თამაშობს იგი ბუღალტრულ აღირცხვაში? ამ სტატიაში მოკლედ მომოხილულია პასუხი ამ კითხვებზე.

რა არის ბუღალტრული გატარება?

ჩვენს მეორე სტატიაში (სტატია სახელწოდებით „ბუღალტრული აღრიცხვა“) განვიხილეთ თუ რას წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვა და რაოდენ მნიშვნელოვანია იგი როგორც კომპანიის მენეჯერთათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. ბუღალტრული გატარება წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის უმნიშვნელოვანეს და განუყოფელ ნაწილს. სწორედ ბუღალტრულ გატარებებს ეფუძნება ბუღალტრული აღიცხვა. სიმარტივისთვის განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ კომპანიამ შეიძინა 30,000 ლარის ღირებულების ავეჯი, საიდანაც 20,000 ლარი ბანკის სესხით დააფინანსა ხოლო 10,000 ლარი თავად დაამატა. შედეგად, ბუღალტრული გატარება იქნება შემდეგი:

დ. ავეჯი 30,000 ლარი

კ. ბანკის სესხი 20,000 ლარი

კ. ფული 10,000 ლარი

ბუღალტრული გატარება არის კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის „თარგმანი“ ბუღალტრულ ენაზე. რამდენი ფინანსური ტრანზაქციაც აქვს კომპანიას იმდენი ბუღალტრული გატარება არის საჭირო. თითოეული ბუღალტრული გატარება წარმოადგენს განცხორიელებული ტრანზაქციის ინტერპრეტაციას ფინანსურ ენაზე და ემსახურება ტრანზაქციათა ორგანიზებას, ისტორიის შენახვასა და დადოკუმენტირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუღალტრული გატარება სხვა არაფერია თუ არა კომპანიის ტრანზაქცია ნათარგმნი ფინანსურ ენაზე.

საინტერესოა აღინიშნოს ის რომ ნებისმიერ ბუღალტრულ გატარებას აქვს ორი მხარე – დებიტები და კრედიტები. ზემოთ წარმოდგენილ მაგალითში „დ.“ შემოკლებით აღნიშნავს დებიტს და „კ.“ აღნიშნავს კრედიტს. ბუღალტრული გატარებების ფუნდამენტური პრინციპია რომ დებიტები და კრედიტები უნდა „ბალანსდებოდეს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიებისმიერი ბუღალტრული გატარების დებიტების ჯამი (ჩვენს მაგალითში 30,000 ლარი) უნდა უდრიდეს კრედიტების ჯამს (ჩვენს მაგალითში 20,000 ლარს პლუს 10,000 ლარი, ანუ 30,000 ლარი).

რა როლს თამაშობს ბუღალტრული გატარება ფინანსურ აღრიცხვაში?

ფინანსური აღრიცხვა არის ბუღალტრული გატარებების ერთობლიობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა საუბრობენ ბუღალტრულ აღრიცხვაზე, გულისხმობენ მრავალი ბუღალტრული გატარებების ერთობლიობას. სწორედ ბუღალტრული გატარებების ერთობლიობა იძლევა იმის საშუალებას რომ მოხდეს მათი დაჯგუფება და ჯამურად წარმოდგენა ფინანსური ანგარიშგებების სახით. ფინანსური ანგარიშგებები წარმოადგენს კომპანიის ჯამურ ფინანსურ შედეგს, წარმოდგენილს მარტივ ცხრილებში. მაგალითად,

წარმოიდგინეთ რომ კომპანიის მენეჯერს, ინვესტორს ან სხვა დაინტერესებულ პირს სჭირდება ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა თანხას წარმოადგენდა კომპანიის 2019 წლის ჯამური მოგება. ამის განსასაზღვრად საჭიროა კომპანიის ჯამური შემოსავლებიდან ჯამური ხარჯების გამოკლება. თუმცა ეს არც ისეთი მარტივია როგორც ჟღერს. ხშირად მენეჯერები უშვებენ შეცდომას როცა მიიჩნევენ რომ კომპანიის ჯამური მოგების დასადგენად საკმარისია შევიდეს ინტერნეტ ბანკში, კომპანიის საბანკო ანგარიშზე და ფულად შემოსავლებს დააკლოს ფულადი გასავლები. როგორც ჩვენს სხვა სტატიაშია განხილული (სტატია სახელწოდებით „რა არის IFRS აღრიცხვა და რითი განსხვავდება იგი ფულის მოძრაობისგან?“) ფულის მოძრაობას ხშირად შეცდომაში შეჰყავს მენეჯერი, რომელიც ფულის მოძრაობაზე დაყრდნობით მიიჩნევს რომ კომპანიას ჰქონდა მოგება, მაშინ როცა რეალურად მას ზარალი ჰქონდა (დეტალებისთვის იხილეთ აღნიშნული სტატია). ამ შეცდომის თავიდან ასარიდებლად საჭიროა კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა. ბუღალტრული აღრიცხვა კი გულისხმობს სწორედ ბუღალტრული გატარებების განხორციელებას. ბუღალტრული გატარებები ინახება სპეციალურ ბაზებში და შემდგომ ხდება მათი გაერთიანება (დაჯამება) და ჯამური შედეგის განსაზღვრა. გამომდინარე იქიდან რომ ბუღალტრული გატარება არის კომპანიის ტრანზაქცია ფინანსურ ენაზე, რეალურად ბუღალტრული გატარებების ერთობლიობა არის იგივე კომპანიის ფინანსურ ტრანზაქციათა ერთობლიობა, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიან კომპანიის ფინანსურ შედეგებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ არსებობს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც იძლევა დეტალურ ინსტრუქციას თუ კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ბუღალტრული გატარება ამა თუ იმ ტიპის ტრანზაქციაზე. სწორედ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები იძლევა იმის საშუალებას რომ სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში, სხვადასხვა ბუღალტრების მიერ განხორციელებული ბუღალტრული გატარებები იყოს ერთმანეთის მსგავსი და ერთნაირად ასახავდეს ერთი და იმავე ტიპის ტრანზაქციებს. რომ არა ეს სტანდარტები სხვადასხვა ბუღალტერს შესაძლოა სრულიად განსხვავებულად ეწარმოებინა ბუღალტრული გატარებები, რაც საერთო ჯამში ფინანსური შედეგების განსხვავებულ ინტერპრეტაციამდე მიიყვანდა თითოეულ კომპანიას, რაც შეუძლებელს გახდიდა სხვადასხვა კომპანიების ფინანსური მონაცემების შედარებას.