ბუღალტრული აღრიცხვა

ბუღალტრული აღრიცხვა

ხშირად ისმის ხოლმე კითხვები: რას მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვა? რატომ არის მისი საჭიროება? რაში ადგება ბუღალტრული აღრიცხვა კომპანიებს და სხვა დაინტერესებულ პირებს? ამ სტატიაში მოკლედ მიმოხილულია პასუხი ამ კითხვებზე.

რას მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვა? რატომ არის მისი საჭიროება?

იმისთვის რომ უკეთ დავინახოთ ბუღალტრული აღრიცხვის საჭიროება, განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ მენეჯერი ამბობს რომ მისმა კომპანიამ აიღო 100,000 ლარის ოდენობის საბანკო სესხი იმისათვის რომ შეეძინა 120,000 ლარის ღირებულების საწარმოო დანადგარი. 20,000 ლარის სხვაობა შესაძენ თანხასა და აღებულ სესხს შორის თავად კომპანიამ დაამატა. ერთი შეხედვით ამ მაგალითში ყველაფერი გასაგებია და მარტივია, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ გარდა ამ ტრანზაქციისა კომპანიას წლის განმავლობაში კიდევ ჰქონდა ათეულობით ათასი ტრანზაქცია. ასეთ შემთხვევაში, კომპანიის მენეჯერს რომ მოუნდეს იმის სიტყვიერად გადმოცემა თუ კონკრეტულად რა ტრანზაქციები განხორციელდა და შედეგად რა არის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მიმდინარე მომენტში, სავარაუდოდ რამდენიმე კვირაც არ ეყოფა. სწორედ აქ შემოდის თამაშში ბუღალტრული აღრიცხვა. ბუღალტრული აღრიცხვა საშუალებას იძლევა რომ ტრანზაქციების ისტორიის თარგმნა და შენახვა მოხდეს გარკვეულ „ფინანსურ ენაზე“, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს კომპანიის ფინანსური შედეგებისა და მდგომარეობის განსაზღვრას. ზემოთ განხილულ მაგალითში, მოხდებოდა მარტივი ბუღალტრული გატარება:

დ. დანადგარი 120,000 ლარი

კ. ბანკის სესხი 100,000 ლარი

კ. ფული 20,000 ლარი

კომპანიის მიერ განხორციელებული თითოეული ტრანზაქცია, ითარგმნება ფინანსურ ენაზე და ბუღალტრულად აღირიცხება. საბოლოო ჯამში, ყველა ტრანზაქციის შედეგი ჯამდება და თავს იყრის ე.წ. ფინანსურ ანგარიშგებებში. ფინანსური ანგარიშგებები თავს უყრის და ორგანიზებულად წარმოადგენს კომპანიის ყველა ტრანზაქციის აგრეგირებულ შედეგს მარტივ ცხრილებში. შედეგად, მენეჯერს აღარ სჭირდება დეტალურად ყველა ტრანზაქციის მოყოლა მესამე მხარისთვის (მაგ. საგადასახადო ორგანოებისთვის, ბანკებისთვის, ინვესტორებისთვის და ა.შ.). მენეჯერს შეუძლია უბრალოდ აჩვენოს დაინტერესებულ მხარეებს კომპანიის ფინანსური ანგარიშგება სადაც თავმოყრილია კომპანიის მიერ განხორციელებული ყველა ტრანზაქციის ჯამური ფინანსური შედეგი. ასე და ამგვარად ბუღალტრული აღრიცხვა საშუალებას იძლევა დაიზოგოს დიდი დრო და ენერგია და ფინანსური ინფორმაციის თარგმნა და შენახვა მოხდეს უნიფიცრებულ და მარტივ ენაზე.

რაში ადგება ბუღალტრული აღრიცხვა კომპანიებს და სხვა დაინტერესებულ პირებს?

ბუღალტრული აღრიცხვა ნებისმიერი კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმისათვის რომ მენეჯერმა მიიღოს გადაწყვეტილება ყოველდღიურ საქმიანობაში, უმნიშვნელოვანესია რომ

მას ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ბუღალტრული აღიცხვა მენეჯერს საშუალებას აძლევს რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. მაგალითად, კომპანიას გახსნილი აქვს ათი მაღაზია ქვეყნის მასშტაბით. ამ ათი მაღაზიიდან ორი მუდმივად ზარალზე მუშაობს რადგან მათი ჯამური ხარჯები აღემატება ჯამურ შემოსავლებს. სიმარტივისთვის წარმოიდგინეთ რომ ამ ორი მაღაზიის თვიური შემოსავალი დაახლოებით 20,000 ლარია, მაშინ როცა გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება, იჯარის ხარჯი და მაღაზიის მენეჯერთა ხელფასი ჯამურად 24,000 ლარია. იმისათვის რომ მენეჯერმა დაინახოს ეს პრობლემა, მას სჭირდება ბუღალტრული აღრიცხვა. თვიური შემოსავალი შედგება ასეულობით ტრანზაქციისგან. გაყიდული პროდუქციის თვითღირებულებაც შედგება დაახლოებით იგივე ოდენობის ტრანზაქციისგან. იმისათვის რათა მოხდეს მაღაზიათა ჭრილში ასეულობით ტრანზაქციისგან მიღებული ჯამური შემოსავლისა და ხარჯის დანახვა საჭიროა ბუღალტრული აღრიცხვა. მას შემდეგ რაც მოხდება ტრანზაქციების ბუღალტრულად გატარება, დაჯამება და მათი ფინანსურ ენაზე „თარგმნა“, მენეჯერს მარტივად შეეძლება პრობლემის დანახვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (მაგ. ამ ორი მაღაზიის დახურვა, ალტერნატიული იჯარის მოძებნა და ა.შ.).

ზემოთ განხილულ მაგალითში ნაჩვენებია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუღალტრული აღრიცხვა თავად კომპანიის მენეჯერისთვის. ახლა განვიხილოთ თუ რა მნიშვნელობისაა იგი სხვა დაინტერესებული პირებისთვის. მაგალითად, წარმოვიდგინოთ რომ კომპანიამ მისი საქმიანობის გასაფართოებლად გადაწყვიტა ბანკისგან სესხის აღება. ბანკი პირველ რიგში მოითხოვს ფინანსურ ანგარიშგებებს რათა გააანალიზოს თუ რამდენად გადახდისუნარიანია კომპანია. ფინანსური ანგარიშგებები კი ეფუძნება ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად გამომდინარეობს რომ იმისათვის რომ ბანკმა შეძლოს კომპანიისთვის სესხის დამტკიცება, მას სჭირდება ბუღალტრული აღრიცხვა.

ახლა წარმოვიდგინოთ რომ კომპანიას დაენიშნა საგადასახადო შემოწმება. შემმოწმებელი პირველ რიგში მოითხოვს კომპანიის ბუღალტრული ტრანზაქციებისა და შესაბამისი აღრიცხვის ბაზას. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კომპანია შესაძლოა დაჯარიმდეს და მიეცეს ბუღალტრული აღრიცხვის მოსაწესრიგებლად გარკვეული ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც შესაძლოა მოხდეს განმეორებითი შემოწმება.

გარდა ამისა წარმოვიდგინოთ რომ კომპანიის მფლობელმა გადაწყვიტა კომპანიის წილის გაყიდვა. მან მოიძია ინვესტორი, რომელიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოითხოვს კომპანიის ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციას. ანუ მოითხოვს ფინანსურ ანგარიშგებებს, რომლებიც ეფუძნება ბუღალტრულ აღრიცხვას.

ბუღალტრული აღრიცხვის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის რომ, თუ კომპანიის მიერ მისი წარმოება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მაშინ ამ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები, ანუ ფინანსური შედეგები, შედარებადია სხვა კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებთან. აღნიშნული უმარტივებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის კომპანიის მენეჯერს, ბანკებსა და ინვესტორებს, რომ შეადაროს კომპანიის მომგებიანობა სხვა კომპანიების მომგებიანობას. გარდა ამისა ბუღალტრული აღირცხვის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უფრო სანდოს ხდის კომპანიის ფინანსურ

მონაცემებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საერთაშორისო სტანდარტები იძლევა იმის საშუალებას რომ კომპანიებმა ერთნაირად აღრიცხონ ერთი და იმავე ტიპის ტრანზაქციები, რაც ზრდის სანდოობასა და შედარებადობის ხარისხს.