ბუღალტერია და მისი მნიშვნელობა

ბუღალტერია და მისი მნიშვნელობა

ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, ბუღალტერია არ არის უბრალოდ ფორმალობა და მისი დანიშნულება არ არის მხოლოდ და მხოლოდ გადასახადების დათვლა და ვალდებულების მოხდა. რეალურად ბუღალტერიის ფუნქცია გაცილებით მეტია და იგი კრიტიკულ როლს თამაშობს კომპანიის წარმატებაში. ქვემოთ განხილულია ფუნქციები, რომლებიც სხვა რაკურსით დაგანახებთ ბუღალტერიას და მის მნიშვნელობას.

ბუღალტერიის დანიშნულება

ბუღალტერია არის ენა, რომელზეც ითარგმნება კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბუღალტერია არის სისტემური მიდგომა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ კომპანიის თითოეული ტრანზაქცია ვთარგმნოთ ფინანსურ ენაზე და აღვრიცხოთ გატარებების სახით. აღნიშნული „თარგმანი“ არქივდება და ინახება ელექტრონულ ბაზებში. სწორედ ამ ბაზებზე დაყრდნობით ხდება შემდგომ ფინანსური ანგარიშგებებისა და რეპორტების მომზადება. ნებისმიერი კომპანიის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება. არსებობს ამ ინფორმაციის მიღების მეტწილად შაბლონური გზები: მაგალითად, თუ მენეჯერს აინტერესებს რომ მიიღოს ინფორმაცია გასული თვის განმავლობაში კომპანიის მიერ გამომუშავებული შემოსავლის შესახებ, ასევე ხელფასის ხარჯისა და დებიტორული ნაშთის შესახებ. ყოველივე ეს მას მიეწოდება ფინანსური რეპორტების სახით. ხოლო ეს რეპორტები, თავის მხრივ, ეფუძნება ბუღალტერიას. კერძოდ, ხდება ბუღალტრული ბაზების დამუშავება, ორგანიზება და სასურველი ფორმით ინფორმაციის მიწოდება მენეჯერისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მენეჯერის გარდა, ფინანსურ რეპორტებს მრავალი სხვა მომხმარებელიც ჰყავს. მაგალითად, თუ კომპანიას დასჭირდა ბანკიდან სესხის აღება, ბანკი აუცილებლად მოითხოვს გარკვეულ ფინანსურ ინფორმაციას ან/და რეპორტებს, რომლებიც ბუღალტერიას ეფუძნება. ასევე მაგალითად, კომპანიის მფლობელს შესაძლოა დასჭირდეს ინფორმაცია კომპანიის ამჟამინდელი ვალდებულებების შესახებ, რომელიც შესაძლოა მიეწოდოს კრედიტორების რეპორტის სახით, რაც ასევე დამუშავებულ ბუღალტრულ ბაზებს ეფუძნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუღალტერია წარმოადგენს კომპანიის ფინანსური ტრანზაქციების ისტორიას და ამ ისტორიის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია ფინანსური ინფორმაციის მიღება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბუღალტრული აღრიცხვის სიზუსტე და ბაზების სათანადო შენახვა/დაარქივება.

ბუღალტერიის მიზანი და დანიშნულება არის ინფორმაციის ორგანიზება რათა ფინანსური ანგარიშგებების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სისტემიზირებული რეპორტინგი.

ბუღალტერიის მნიშვნელობა

ბუღალტერია მნიშნელოვანია იმდენად რამდენადაც მნიშნელოვანია კომპანიის გამართული ფუნქციონირება. გამართული ბუღალტრული აღრიცხვის გარეშე კომპანიის წინაშე იდგებოდა შემდეგი (და არამხოლოდ შემდეგი) რისკები:

  • საგადასახადო ჯარიმები და საურავები – გაუმართავი ბუღალტერია იწვევს შეცდომებს საგადასახადო დეკლარაციების შევსებისას, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ჯარიმებსა და საურავებთან. აღნიშნული ხშირად ხდება ახალბედა კომპანიების გაკოტრების მიზეზი.
  • გადაწყვეტილების მიღების გართულება – კომპანიის მენეჯერებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება თუ ვერ ხედავენ კონკრეტულად რაშია პრობლემა. მაგალითად, თუ კომპანიას ყოველთვიურად აკლდება ფულადი სახსრები და ხელფასების გადახდასაც კი ვერ ახერხებს დროულად, მენეჯერმა, რომელსაც არ აქვს წვდომა გამართულ ფინანსური რეპორტებზე, შესაძლოა გუმანით დაასკვნას რომ კომპანიას არ აქვს საკმარისი რაოდენობის შემოსავალი, მაშინ როცა, შესაძლოა ამ კონკრეტული პრობლემის მიზეზი იყოს არა შემოსავლის სიმცირე, არამედ ის, რომ დებიტორები არ ახდენენ ფულის დროულად ჩარიცხვას. აღნიშნული პრობლემა გამოაშკარავდებოდა ფინანსური რეპორტების არსებობის შემთხვევაში სადაც გამოჩნდებოდა დებიტორების არაპროპორციულად გაზრდილი ნაშთი. ეს კი საშუალებას მისცემდა მენეჯერს რომ ძალისხმევა სწორი მიმართულებით მიემართა.
  • საჭირო ფინანსური რესურსების მოზიდვის გართულება – მაგალითად თუ კომპანიას სჭირდება ბანკიდან სესხის მოზიდვა პროექტის დასაფინანსებლად, ბანკი მას მოსთხოვს ფინანსურ მონაცემებს, გამართული ბუღალტერიის გარეშე კი ფინანსური მონაცემების ბანკისთვის წარდგენა უკიდურესად რთულია.
დახმარება?