ბუღალტერია და გადასახადები

ბუღალტერია და გადასახადები

ჩვენი კლიენტი კომპანიებისგან ხშირად ისმის ხოლმე კითხვა: რა განსხვავებაა ბუღალტერიასა და საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარებას შორის? ხომ არ არის ეს ორი ტერმინი ერთი და იგივე? ამ სტატიაში განხილულია პასუხი ამ კითხვაზე.

 

რა არის ბუღალტერია?

ბუღალტერია არის პროცესი, რომლის საშუალებითაც კომპანიაში განხორციელებული ტრანზაქციები ორგანიზებულად აღირიცხება და დოკუმენტირდება საბუღალტრო პროგრამაში. ბუღალტერიას გააჩნია საკუთარი სტანდარტები და საერთაშორისოდ მიღებული აღრიცხვის ნორმები, რომელთა მიხედვითაც ხდება ამ პროცესის წარმოება. ბუღალტერიის საბოლოო შედეგია საბუღალტრო ენაზე „ნათარგმნი“ და დამუშავებული ტრანზაქციების ბაზა, რომლის საფუძველზეც, ბუღალტრული პროგრამიდან შესაძლებელი ხდება ბრუნვითი უწყისების ამოღება („დაექსპორტება“). სწორედ ეს ბაზა და შედეგად მიღებული ბრუნვითი უწყისი გამოიყენება ფინანსური ანგარიშგებებისა და რეპორტების შესადგენად, რომლებიც წარედგინება კომპანიის მენეჯმენტს, დამფუძნებლებს, ბანკებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. ფინანსური რეპორტების ასაწყობად, ფინანსისტები იღებენ ბუღალტრების მიერ შედგენილ ტრანზაქციებიდან ბრუნვით უწყისს და ახდენენ ამ უწყისში შემავალი ანგარიშების შინაარსობრივ დაჯგუფებას, გამსხვილებას და რეპორტის სახის მიცემას.

არსიდან გამომდინარე, ბუღალტრების მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზას მრავალი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის არის საგადასახადო ორგანოც.

 

რა არის საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება?

საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება მოიცავს ბუღალტრულ მონაცემებზე დაყრდნობით, საშემოსავლო სამსახურის წარსადგენად გადასახადების დათვლას, დეკლარაციების შევსებასა და ჩაბარებას. აღნიშნული პროცესის ერთადერთი მიზანია ბუღალტრული მონაცემების გამოყენება საგადასახადო კუთხით, კერძოდ გადასახადების გამოსათვლელად. აქედან გამომდინარე, საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება წარმოადგენს ბუღალტრული მონაცემების ერთი კონკრეტული მიზნით გამოყენებას. ეს მიზანი არ არის ერთადერთი რის გამოც ბუღალტერია კეთდება. უფრო მეტიც, ეს მიზანი ბუღალტერიის წარმოების მთავარი მიზანიც კი არ არის. ბუღალტერიის წარმოების უმთავრესი მიზანია რომ კომპანიის მენეჯმენტს დაანახოს კომპანიის ფინანსური შედეგები, მდგომარეობა, მონაცემები და შედეგად დაეხმაროს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ბუღალტერიის წარმოების ერთერთი მიზანია მონაცემების ორგანიზება მესამე მხარეებისთვის ინფორმაციის წარსადგენად. მაგალითად, როდესაც კომპანიას სჭირდება ბანკისგან სესხი, ბანკი სესხის დამტკიცების სტანდარტული პროცედურების ფარგლებში კომპანიის მენეჯმენტისგან მოითხოვს ბუღალტერიაზე დაფუძნებულ რეპორტებს.

 

დასკვნა

რომ შევაჯამოთ – საგადასახადო კუთხე არის ბუღალტერიის მცირე ნაწილი. საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება წარმოადგენს ბუღალტრული მონაცემების კონკრეტული, ვიწრო ასპექტით გამოყენების მაგალითს. საგადასახადო ორგანოს გარდა ბუღალტრული მონაცემების მომხმარებლები არიან კომპანიის მენეჯერები, მფლობელები, ბანკები, პოტენციური ინვესტორები, მოწოდებლები და სხვა დაინტერესებული პირები.

დახმარება?