ფინანსურ სფეროში ნაკლებად ჩახედული პირები ხშირად აიგივებენ ხოლმე „ბუღალტერიას“ და „აუდიტს“ და კომუნიკაციაში ამ ორ სიტყვას სინონიმებად იყენებენ, მაშინ როცა რეალურად ამ ტერმინებს შორის საკმაოდ მნიშნელოვანი სხვაობაა.
რა არის აუდიტი?
აუდიტი არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მხარის მიერ კომპანიის ფინანსური ანგარიშგების შემოწმება. აუდიტორი, როგორც წესი, წარმოადგენს დაქირავებულ მესამე მხარეს, კომპანიას ან ფიზიკურ პირს, რომელიც ატარებს პროცედურებს რათა დარწმუნდეს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება არსებითობის ფარგლებში სწორად ასახავს კომპანიის ფინანსურ მონაცემებსა და შედეგებს. ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ერთერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია „არსებითობის“ (ე.წ. მატერიალურობის) ცნება. კერძოდ, თუ აუდიტორმა კომპანიის ფინანსურ მონაცემებში აღმოაჩინა შეცდომა, ეს აუცილებლად არ წარმოადგენს პირობითი ან უარყოფითი დასკვნის საფუძველს. თუ შეცდომა მცირე ზომის ან გავლენის მქონეა, ანუ „არაარსებითია“, მაშინ აუდიტორმა შესაძლოა მაინც „სუფთა“, ანუ „არამოდიფიცირებული“ დასკვნა გამოსცეს. აუდიტის მთავარი (და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი) მიზანია რომ გამოსცეს დასკვნა ფინანსური ანგარიშგების სისწორის თაობაზე.
რა განსხვავებაა ბუღალტერიასა და აუდიტს შორის?
აუდიტისგან განსხვავებით, ბუღალტერიის მიზანი არ არის შემოწმება. ბუღალტერია თავად აღრიცხავს და ქმნის კომპანიის ფინანსური მონაცემების ჩანაწერებს. ბუღალტერიის ფუნქციაა რომ სწორად და ჯეროვნად ასახოს კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები ფინანსურ ჩანაწერებში და ამ ჩანაწერების საფუძველზე მოახდინოს ფინანსური რეპორტების გენერირება და საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება. ფინანსური ჩანაწერები, როგორც წესი, კეთდება პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელიც ამარტივებს აღრიცხვის პროცესს. აუდიტი, ბუღალტერიისგან განსხვავებით, თავად კი არ აღრიცხავს კომპანიის ტრანზაქციებს, არამედ ამოწმებს ბუღალტრების მიერ აღრიცხულ ტრანზაქციებსა და მათ ერთობლივ შედეგს გამოხატულს ფინანსურ ანგარიშგებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუდიტის დანიშნულებაა სხვისი ჩანაწერების შემოწმება და დასკვნის გამოცემა, ხოლო ბუღალტერიის ფუნქციაა თავად ამ ჩანაწერების შექმნა.
რომელი სჭირდება კომპანიას – ბუღალტერია თუ აუდიტი?
უკლებლივ ყველა კომპანიას სჭირდება ბუღალტერია. ბუღალტერიის გარეშე კომპანია ვერ შეძლებს ფინანსური მონაცემების აღრიცხვის წარმოებასა და საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარებას.
რაც შეეხება აუდიტს, იგი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია საჭირო. მაგალითად საქართველოში, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური“ შედარებით დიდი ზომის კომპანიებს ავალდებულებს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, ხოლო საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს ავალდებულებს მხოლოდ საკუთარ ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით მომზადებული ფინანსური მონაცემების წარდგენას.