აუთსორსინგის განმარტება

აუთსორსინგი

მიუხედავად იმისა რომ აუთსორსინგმა, როგორც ალტერნატივამ, ფეხი დიდი ხანია მოიკიდა ბაზარზე, ხშირად ეს ტერმინი მაინც ტოვებს გაურკვევლობას. ამ სტატიაში ახსნილია აუთსორსინგის მნიშვნელობა და მისი დანიშნულება.

 

რა არის აუთსორსინგი?

მარტივად რომ ვთქვათ, აუთსორსინგი არის კომპანიისთვის საჭირო მომსახურების მიღება გარე წყაროდან. მაგალითად, როდესაც კომპანიას გაყიდვების გასაზრდელად სჭირდება რეკლამა, იგი ირჩევს ორ ძირითად ალტერნატივას შორის: ა) შიდა სპეციალისტის აყვანა, რომელიც კომპანიაში არსებული რესურსებითა და მისი საკუთარი ცოდნის გამოყენებით ეცდება ხარისხიანი და ეფექტური რეკლამის შექმნას; ან ბ) გარე სარეკლამო კომპანიის დაქირავება, რომელიც რეკლამას უქმნის კომპანიას გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. ანალოგიურად ბუღალტერიაშიც: როდესაც კომპანიას სჭირდება ბუღალტერი, მაგალითად საგადასახადო დეკლარაციების ჩასაბარებლად და კომპანიის ტრანზაქციების აღსარიცხად, იგი ირჩევს იმავე ორ ალტერნატივას შორის: ა) აიყვანოს შიდა ბუღალტერი; ან ბ) ბუღალტრული სერვისების მისაღებად დაიქირავოს საბუღალტრო კომპანია.

 

რატომ ხდება აუთსორსინგი დღითიდღე უფრო პოპულარული?

დროთა განმავლობაში, აუთსორსინგი მეტად პოპულარული ალტერნატივა ხდება შიდა სპეციალისტების აყვანასთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის რომ, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, აუთსორსინგის შემთხვევაში კომპანია იღებს უფრო მაღალ ხარისხს უფრო დაბალ ფასად. ამას აქვს ორი ძირითადი მიზეზი: ა) შიდა სპეციალისტის აყვანის შემთხვევაში კომპანია იღებს შეზღუდულ რესურს – სპეციალისტის დროს, ხოლო გარე კომპანიის დაქირავების შედეგად მიღებული რესურსები გაცილებით უფრო დიდია, რადგან გარე კომპანია სპეციალიზებულია ამ კონკრეტულ სერვისზე და ჰყავს მეტი კადრი, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ სერვისის თითოეული ელემენტის სწორად წარმართვასა და მიწოდებას. ეს კი უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებაში გამოიხატება. ბ) აუთსორსინგულ კომპანიას წვდომა აქვს თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფებსა და სხვა ტექნოლოგიებზე, რომლებიც წლების განმავლობაშია შემუშავებული და დახვეწილი, რაც აუთსორსინგულ კომპანიაში მომუშავე კადრებს საკუთარი დროის უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას აძლევს და უზოგავს დროს. ეს კი განაპირობებს ნაკლებ დანახარჯსა და შედეგად ნაკლებ ფასს. მაგალითად ბუღალტრულ კომპანიაში მომუშავე პროფესიონალებს წვდომა აქვთ ამავე ბუღალტრული კომპანიის კომპიუტერულ პროგრამებზე, ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და გაწერილი პროცედურების შაბლონებზე.

 

დასკვნა  

 

მისი ზემოთ აღწერილი უპირატესობების გამო აუთსორსინგი როგორც შიდა სპეციალისტის აყვანის ალტერნატივა თანდათან უფრო პოპულარული გახდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ აუთსორსინგი არა მხოლოდ კლიენტი კომპანიებისთვისაა ხელსაყრელი, არამედ თავად ბუღალტრებსა და მომსახურების სხვა სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებსაც აძლევს განვითარებისა და კარიერული წინსვლის საშუალებას.