არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი

ჩვენი კლიენტი კომპანიებისგან, ბოლო პერიოდში, ხშირად ვიღებთ კითხვებს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის შესახებ. ამ სტატიაში განვიხილავთ თუ რას ნიშნავს ეს სტატუსი და რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის ამ საკითხში საბაზისო დონეზე გარკვევა.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში გარკვევა?

თუ თქვენი კომპანია საქონელს ან მომსახურებას შეიძენს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე კომპანიისგან, მაშინ ვერ შეძლებს დღგ-ს ჩათვლას, ამან კი მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი შეიძლება გამოიწვიოს.

განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ თქვენმა კომპანიამ შეიძინა 118,000 ლარის ღირებულების საქონელი მომწოდებლისგან და კონტრაქტის მიხედვით ფასში შედის დღგ. ასეთ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია თავადაც დღგ-ს გადამხდელია, იგი შეძლებს რომ 18,000 ლარის დღგ ჩაითვალოს და დაიბრუნოს. ანუ, ასეთ შემთხვევაში, წმინდა ფულადი გასავალი საქონლის შეძენაზე წარმოადგენს 100,000 ლარს, რადგან კომპანია 118,000 ლარს უხდის მომწოდებელს და შემდგომ 18,000 ლარს იბრუნებს სახელმწიფოსგან. 2021 წლიდან შემოსავლების სამსახურმა განახორციელა შემდეგი ცვლილება: შემოვიდა ცნება „არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი“. თუ კომპანია კლასიფიცირებულია როგორც არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელი, მისგან ნაყიდ საქონელზე ან მომსახურებაზე, ვერ ჩაითვლით დღგ-ს. შესაბამისად, ჩვენს მაგალითში, 100,000 ლარის წმინდა ფულადი გასავლის ნაცვლად, გასავალი იქნება 118,000 ლარი და კომპანია იზარალებს 18,000 ლარს.

 

რომელ კომპანიებს ენიჭებათ არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი?

არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი ენიჭებათ დღგ-ის გადამხდელად ახალ დარეგისტრირებულ კომპანიებს. გარდა ამისა, კომპანიას ენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი თუ მას ბოლო 12 თვის განმავლობაში არ ჰქონდა საგადასახადო ბარათზე ოპერაცია.

ზემოთაღნიშნული ზომების მიღება საჭირო გახდა რადგან ხშირად ხდებოდა ისეთი კომპანიების რეგისტრაცია, რომლებიც რეალურად არ იხდიდნენ დღგ-ს და ხშირ შემთხვევაში, ასეთ კომპანიებს, ბიზნეს-შინაარსიც კი არ გააჩნდათ და შექმნილები იყვნენ ერთადერთი მიზეზით, რომ დაკავშირებული კომპანიისთვის გამოეწერათ დღგ-ს ფაქტურა და ამ გზით უკანონო სარგებელი მიეცათ მათთვის.

 

როგორ გავიგოთ აქვს თუ არა ჩვენს მომწოდებელს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი?

ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ბუნებრივია რომ კომპანიები დაინტერესებულნი არიან, საქმიანი ურთიერთობის დაჭერამდე, გადაამოწმონ აქვს თუ არა მათ მომწოდებელს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. მითუმეტეს მნიშვნელოვანია გადამოწმება მსხვილი ტრანზაქციების განხორციელებამდე, სადაც რისკია რომ დიდი ზარალი მიადგეს კომპანიას დღგ-ს ვერ ჩათვლის გამო.

კვალიფიციური/არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის გადამოწმება ხდება მარტივად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე. გადასამოწმებლად თქვენ უნდა გქონდეთ, ან მომწოდებელს გამოართვათ მისი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და შეიყვანოთ ეს მონაცემი შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე. სტატუსის გადამოწმება ხდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://rs.ge/CheckUnqualifiedStatus

არარეზიდენტის საშემოსავლო – რა უნდა ვიცოდეთ?

არარეზიდენტისგან, ანუ მარტივად რომ ვთქვათ უცხოელისგან, ნაყიდი მომსახურება იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რომელიც 10%-ს შეადგენს. ამ სტატიაში განხილულია არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები.

 

რა შემთხვევაში უწევს კომპანიას არარეზიდენტის საშემოსავლოს გადახდა?

არარეზიდენტის საშემოსავლო არის გადასახადი, რომლის გადახდაც კომპანიას უწევს თუ იგი უცხოეთიდან შეიძენს მომსახურებას. არ აქვს მნიშვნელობა ეს მომსახურება შეიძინა უცხოური კომპანიისგან თუ ფიზიკური პირისგან. დაბეგვრის განაკვეთია 10% (გამონაკლისია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისგან მომსახურების შეძენა, რის შემთხვევაშიც გადასახადია 15%). ამ გადასახადის კალკულაცია ხდება ე.წ. „გროს“ თანხიდან, ანუ გადასახადიანად არსებული თანხიდან. მაგალითად, თუ კომპანიამ არარეზიდენტისგან შეიძინა მომსახურება 90 ლარის ექვივალენტი დოლარად, მაშინ არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადი იქნება არა 9 ლარი, არამედ 10 ლარი (90 / 90% * 10%).

ჩვენი კომპანია გაგიწევთ ბუღალტრულ მომსახურებას არარეზიდენტის საშემოსავლოსთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

 

რა შემთხვევაში აირიდებს კომპანია არარეზიდენტის საშემოსავლოს?

საქართველოს გაფორმებული აქვს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმება“ გარკვეულ ქვეყნებთან. იმ ქვეყნებიდან შეძენილ მომსახურებაზე, რომლებთანაც საქართველოს აქვს აღნიშნული შეთანხმება, არ ხდება არარეზიდენტის საშემოსავლოს გადახდა. ასეთი ქვეყნების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.mof.ge/5127

კომპანიას არ უწევს არარეზიდენტის საშემოსავლოს გადახდა თუ სრულდება შემდეგი ორი პირობა:

  • კომპანია შეიძენს მომსახურებას ისეთი ქვეყნიდან, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმება; და

პირი, რომლისგანაც კომპანია შეიძენს მომსახურებას, კომპანიას აწვდის რეზიდენტობის ცნობას, რომელიც ფაქტიურად ადასტურებს, რომ ის ნამდვილად არის კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტი. როგორც წესი, ამ ცნობის მოთხოვნა უნდა მოხდეს თავად გამყიდველისგან.

უკუდაბეგვრის დღგ – რა უნდა ვიცოდეთ?

ჩვენი კლიენტი კომპანიები ხშირად გვისვამენ კითხვებს უკუდაბეგვრის დღგ-სთან დაკავშირებით. ამ სტატიაში მარტივად ავხსნით თუ რას წარმოადგენს უკუდაბეგვრის დღგ და რა შემთხვევაში გიწევთ მისი გადახდა. ასევე განვიხილავთ თუ რა არის საჭირო რომ გაკეთდეს გადასახადების ოპტიმიზაციის მიზნით.

 

რა არის უკუდაბეგვრის დღგ?

უკუდაბეგვრის დღგ არის გადასახადი, რომლის გადახდაც უწევს კომპანიას თუ იგი უცხოეთიდან შეიძენს მომსახურებას. დღგ-ს განაკვეთია 18%. უკუდაბეგვრის დღგ შეეხება მხოლოდ მომსახურების იმპორტს, და არა საქონლის იმპორტს.

ჩვეულებრივ შემთხვევაში, დღგ-ს დადეკლარირება და გადახდა უწევს ხოლმე გამწევს და არა მიმღებს, თუმცა უკუდაბეგვრის შემთხვევაში, მომსახურების მიმღები ადეკლარირებს და იხდის დღგ-ს. ეს ხდება იმიტომ რომ მომსახურების გამწევი მომსახურებას გაწევს უცხოეთიდან, ამიტომ საქართველოს საგადასახადო ორგანოს არ აქვს ბერკეტი რომ მას დაავალდებულოს დღგ-ს გადახდა. სწორედ ამიტომ, უკუდაბეგვრის დღგ-ს ადეკლარირებს მომსახურების მიმღები კომპანია.

 

იხდის თუ არა კომპანია უკუდაბეგვრის დღგ-ს თუ თავად არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული?

მიუხედავად იმისა არის თუ არა კომპანია თავად რეგისტირებული დღგ-ს გადამხდელად, იგი ვალდებულია უცხოეთიდან შეძენილ მომსახურებაზე დაადეკლარიროს უკუდაბეგვრის დღგ. უკეთ რომ გავიაზროთ თუ რატომ არის ეს ასე, წარმოვიდგინოთ კომპანია, რომელიც არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული. ამ კომპანიას რომ შეეძინა მომსახურება ადგილობრივი კომპანიისგან, რომელიც არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული, მას მოუწევდა დღგ-ს გადახდა, რადგან მომსახურების გამწევი კომპანია, მას თანხას გადაახდევინებდა დღგ-ს ჩათვლით. შესაბამისად, როდესაც მომსახურების მყიდველი შეიძენს მომსახურებას უცხოეთიდან, რომელზეც არ მოუწია დღგ-ს გადახდა, იგი ვალდებულია დაადეკლარიროს უკუდაბეგვრის დღგ მომსახურების გამწევის ნაცვლად.

 

რა უნდა გავაკეთოთ გადასახადების ოპტიმიზაციისთვის?

იმისათვის რომ უკუდაბეგვრის დღგ-ს ჭრილში კომპანიას გადასახადები მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ჰქონდეს და ნაკლები გადაიხადოს, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დადგეს თუ არა დღგ-ს გადამხდელად. განვიხილოთ ორი შემთხვევა:

როდესაც კომპანია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული არ არის – უცხოეთიდან მომსახურების შეძენის შემთხვევაში მას უწევს რომ დაადეკლარიროს და გადაიხადოს უკუდაბეგვრის დღგ.

როდესაც კომპანია არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული – უცხოეთიდან მომსახურების შეძენის შემთხვევაში მას უწევს რომ დაადეკლარიროს უკუდაბეგვრის დღგ, თუმცა რადგან იგი რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად, შეუძლია იმავდროულად ჩაითვალოს დღგ და არ გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში კომპანიას მხოლოდ უკუდაბეგვრის დღგ-ს დეკლარაციის ჩაბარება უწევს, თუმცა არ უწევს თანხის გადახდა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს რომ დღგ-ს გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, კომპანიას თავიდან არიდებს უკუდაბეგვრის დღგ-ს გადახდას. ეს მომენტი ხშირად იწვევს ხოლმე დაბნეულობას კომპანიის მენეჯერებში. მათი მოლოდინია რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება ავტომატურად ნიშნავს, რომ კომპანიას მეტი დღგ-ს გადახდა მოუწევს, თუმცა ხანდახან ეს ასე არ არის. საქმე იმაშია, რომ, ჩვეულებრივ, დღგ-ს ჩათვლის და საგადასახადო აქტივად გამოყენების უფლება აქვს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და არ აქვს პირს, რომელიც არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა არის თუ არა პირი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული, მას უწევს უკუდაბეგვრის დღგ-ს დადეკლარირება. აქედან გამომდინარე, კომპანიას უწევს უკუდაბეგვრის დღგ-ს დადეკლარირება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ გადახდა უწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავად არაა დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, იმ უბრალო მიზეზით რომ მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის უფლება.

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდგომ, ბევრ კომპანიას უჩნდება კითხვა, ხომ არ გამოდის, რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება სასურველია მაშინაც კი როცა კანონი მას არ ავალდებულებს რეგისტრაციას? (შეგახსენებთ რომ კომპანიას უწევს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია თუ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 ათას ლარს). ამ კითხვაზე პასუხია – გააჩნია. ამ კითხვის გასაანალიზებლად, საჭიროა შევადაროთ პირის უკუდაბეგვრის დღგ მის ჩვეულებრივ დღგ-ს. თუ პირს ხშირად და დიდი ოდენობით უწევს უცხოეთიდან მომსახურების შეძენა და შედეგად უკუდაბეგვრის დღგ-ს თანხა აღემატება იმ დღგ-ს თანხას, რაც ამ პირს მოუწევდა ადგილობრივ რეალიზაციებზე, მაშინ რეკომენდირებულია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირება. თუ პირიქით, ადგილობრივ რეალიზაციებზე დღგ-ს თანხა აღემატება უკუდაბეგვრის დღგ-ს თანხას, მაშინ არ არის რეკომენდირებული დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია.

ჩვენი კომპანია გაგიწევთ უკუდაბეგვრის დღგ-სთან და სხვა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ბუღალტრულ მომსახურებას. ჩვენი გამოცდილებით, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია კომპანიას აწყობს როცა მისი შემოსავალი არის ძირითადად ექსპორტიდან და ამასთანავე იგი მომსახურებებს ყიდულობს უცხოეთიდან. ამის მიზეზი არის ის რომ ექსპორტიდან შემოსავალი არ იბეგრება დღგ-თი მაშინაც კი როცა კომპანია დარეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად. შესაბამისად, როცა კომპანიის შემოსავალი არის ექსპორტიდან, მას დღგ-ს გადამხდელად დადგომის შემდეგაც კი არ მოუწევს დღგ-ს გადახდა, არამედ პირიქით, ჩაითვლის უცხოეთიდან მიღებული მომსახურებების უკუდაბეგვრის დღგ-ს.   პირადი ქონებიდან.

ასევე დაგაინტერესებს

დახმარება?